"კედელთან მიმიმწყვდიეს და ჩემი სარდაფში ჩათრევა სცადეს" - კვირის პალიტრა

"კედელთან მიმიმწყვდიეს და ჩემი სარდაფში ჩათრევა სცადეს"

"იმ საბედისწერო ღამის შემდეგ წერილის დაწერა და რედაქციაში გამოგზავნა გადავწყვიტე"

ჩემს იმეილზე 16 წლის ვერონიკას წერილი მოვიდა. თინეიჯერი მარტო ცხოვრობს. წერილის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ სკოლას ხშირად აცდენს და ქართველი გოგოს კვალობაზე თამამად ცხოვრობს.

ვერონიკა: - მეგობარმა მიამბო, რომ ,,კვირის პალიტრაში""თინეიჯერებისთვის გამოყოფილ გვერდზე მოზარდებს თავისი ამბების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ მკითხველს ჩემზე მოვუყვებოდი, მაგრამ ერთი საბედისწერო ღამის შემდეგ წერილის დაწერა გადავწყვიტე.

არ დაგიმალავთ, სკოლას ხშირად ვაცდენდი და, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვმეცადინეობდი. ღამის კლუბში ბევრი ნაცნობი მყავს, ფიზიკურად 21-23 წლისას ვგავარ, ამით ვსარგებლობდი და კლუბში ყოველთვის დაუბრკოლებლად შევდიოდი. ბიჭები სასმელზე მეპატიჟებოდნენ და მეც ლამის გონების დაკარგვამდე ვთვრებოდი. ბევრჯერ კლუბის სავარძელზე გამიღვიძია და ცარიელ დარბაზში დამლაგებელთან ერთად ვყოფილვარ.

დედა 14 წლისას გარდამეცვალა და იმ წელს თამბაქოს მოწევა დავიწყე. მამაჩემი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და დაიკარგა - არ ვიცი, მიმატოვა თუ უბედურება დაატყდა თავს. დედის მხრიდან ბებია იტალიიდან ფულს მიგზავნის და თავის რჩენას ვახერხებ.

ცოტა ხნის წინ კლუბიდან გამთენიისას გამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. ორი უცნობი ამეკიდა, კედელთან მიმიმწყვდიეს და ჩემი სარდაფში ჩათრევა სცადეს. განწირული ვყვიროდი, პირველ სართულზე ვიღაცას გაეღვიძა, ბიჭებს შეეშინდათ და გაიქცნენ. თავზარდაცემული ვიყავი, ვკანკალებდი. შინ რომ შევედი, კართან ჩავიკეცე და ბევრი ვიტირე. მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, - მგონი, არასწორად ვცხოვრობ-მეთქი.

იმ დღის შემდეგ ღამე გასვლას ვერიდები, მეტწილად შინ ვარ და ბევრს ვფიქრობ. ჩემდა გასაკვირად, წიგნების კითხვა დავიწყე, მგონი, მომწონს. სკოლაში სიარულსაც მოვუხშირე. ჩემი კლასელებიც არ უნდა იყვნენ ურიგო ადამიანები, ის კი არა, მივხვდი, რომ პარალელურკლასელი ბიჭი მომწონს. ვნახოთ, მერე რა იქნება.

თათული ღვინიანიძე