"ბავშვობიდან თვალებში ეშმაკები დამირბოდა"
27-06-2016
"ბავშვობიდან თვალებში ეშმაკები დამირბოდა"
32 წლის კახა კინწურაშვილი თეატ­რისა და კინოს მსახიობია. მაყურებელს კარგად ახსოვს მის მიერ განსახიერებული­ როლები ფილმებში: "ანოს და ვანოს თავ­გადასავალი", "უშენოდ, მგონი, მოვკვდები", "ყაზბეგელი მფრინავი", "თბილისური­ Love Story"... ყველაზე დიდი აღიარება მაინც სერიალმა "ტიფლისმა" მოუტანა, სადაც ლუკა მაისურაძის როლი ითამაშა. კახა ამჯერად შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანია. მას ერთ-ერთ რეპეტიციაზე მივაკითხეთ და ვესაუბრეთ.

- კახა, როგორი თინეიჯერი იყავი?

- როგორც მიყვებიან, ბავშვობიდან ეშმაკები დამირბოდა თვალებში. განა რაიმეს ვაფუჭებდი, უბრალოდ ცნობისმოყვარე ვიყავი.

- სკოლის პერიოდზე გვიამბე...

- ჯერ სოხუმში ვსწავლობდი. იმ სკოლაში დედაჩემი ასწავლიდა. პედაგოგის შვილს მეცადინეობა განსაკუთრებულად მომეთხოვებოდა, მაგრამ ცოტა ვზარმაცობდი. მინდოდა სკოლის მიღმა რაღაც მეკეთებინა, თუნდაც ფეხბურთი მეთამაშა.­ დედაჩემმა თეატრის წრეზე შემიყვანა - სურდა, დაკავებული ვყოფილიყავი და გზას არ ავცდენოდი. მალევე გამოვაცხადე, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი.
როგორც ხედავთ, დღეს მსახიობი ვარ და პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

- პირველ სპექტაკლს როგორ გაიხსენებდი?

- უტკბესი და სასიამ­ოვნო მოგონებაა. სკოლაში "ჩხიკვთა ქორწილი" დავდგით. ამას მე-11 კლასში მოჰყვა სპექტაკლი "ჩვენ დამნაშავედ არ დავბადებულვართ","სადაც კრიმინალის როლს ვასრულებდი.

- ყაზახეთში როგორ აღმოჩნდი?

- სოხუმიდან ჩვენი ოჯახი ყაზახეთში გადავიდა საცხოვრებლად - მამაჩემს იქ ბიზნესი ჰქონდა. ადაპტაცია არ გამჭირვებია. მამას მეგობრის სკოლაში ვსწავლ­ობდი და მისი ახლობლების შვილებთან ვმეგობრობდი. ყაზახეთში სასკოლო წრეებში ვმღეროდი და ლექსებს ვკითხულობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსთავის სკოლაში შევედი. ეს პერიოდიც კარგად მახსენდება.

- თინეიჯერობიდან რა დაგამახსოვრდა ყველაზე მკაფიოდ?

- შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სანუკვარი ოცნება შევისრულე. სტუდენტობისას ერთგული მეგობრები შევიძინე. ისინი დღესაც ჩემ გვერდით არიან. პირველ კურსზე რაჭაში ექსკურსიაზე წავედით. საოცარ ბუნებაში ამოვყავით თავი. ერთ-ერთი მაღალი მთიდან მზის ამოსვლა უნდა გვენახა, მაგრამ ისეთ ადგილას მივედით, მზე კი არა, საერთოდ არაფერი ჩანდა. ვიმღერეთ და გავერთეთ. თინეიჯერობა ის ასაკია, როცა საკუთარი თავის აღმოჩენას და სამყაროს შეცნობას იწყებ.

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით