"მექალთანის სახელი გამივარდა და გოგონები მერიდებოდნენ"
11-07-2016
"მექალთანის სახელი გამივარდა და გოგონები მერიდებოდნენ"
"ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებზე მძაფრ შთაბეჭდილებას ვახდენდი"

ლევან სუხიტაშვილი "ამტანებით" გავიცანით, მას შემდეგ სხვადასხვა შოუში მონაწილეობდა. კარგად გვახსოვს­ მისი სარეკლამო რგოლები, სპექტაკლები და ფილმები. ლევანი რუსულ კინოინდუსტრიაშიც მოღვაწეობს, მაგრამ გადაღების დასრულებისთანავე სამშობლოში ბრუნდება. აღნიშნავს, რომ საქართველოს დატოვება არასდროს უფიქრია.

- ლევან, როგორი თინეიჯერი იყავი?

- სხვებისგან განვსხვავდებოდი და მდინარის საპირისპიროდ ცურვა მიყვარდა. თუ ბავშვები ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ, მე მერჩივნა, ბლის ხეზე ავსულიყავი,­ მარტო ვმჯდარიყავი და ხილი მეჭამა. მეამბოხეც ვიყავი და
პროტესტს სხვადასხვა გზით გამოვხატავდი. სკოლაში სიარული დიდად არ მიყვარდა, ჩემს თანატოლებთან ურთიერთობა მალევე მომბეზრდა. სკოლა რომ ნაადრევად დამემთავრებინა, 3 წლის მასალა შევისწავლე და 15 წლისა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სკოლაში ყოფნის ბოლო წელს ქიმიაში პირველ სემესტრში 2-იანი გამომყვა, მომდევნო სემესტრში კი გაოცებული მასწავლებელი ამბობდა, - რომ
შემეძლოს, 6-იანს დაგიწერდიო. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებზე მძაფრ შთაბეჭდილებას ვახდენდი.

- რატომ აირჩიე სამედიცინო ფაკულტეტი?

- მეგობარი მყავდა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და მომზადებაში დამეხმარა. პირველ ცდაზევე ჩავირიცხე. 5 წელი ვსწავლობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. ახლა ვნანობ, ნეტავ დიპლომი ამეღო. უნივერსიტეტის ეზოში ჩემზე ზარმაცი ბიჭები იდგნენ, ნებისყოფა ეყოთ და დღეს მაღალი თანამდებობები უკავიათ. შემდეგ ერთი წელი ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. საბოლოოდ თეატრალურზე აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ საკუთარი ადგილი ვიპოვე.

- ჯგუფ "ფენიქსის" სოლისტიც იყავი...

- ჩემმა მეგობარმა წამოაყენა იდეა, ჯგუფი შევქმნათ და პოპი ვიმღეროთო. "ფენიქსი" უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს დაემთხვა. მეც სხვა რა საქმე მქონდა?

- ყველაზე მკაფიოდ რა დაგამახსოვრდა?

- როცა ჩემი და გაჩნდა, 13 წლის ვიყავი. შინიდან აღარ გავდიოდი. საჭმელს ვუკეთებდი, ვუცვლიდი, ვბანდი, ვეთამაშებოდი. მისთვის არასდროს დამიშლია მოკლე კაბის ჩაცმა. დღესაც საუკეთესო მეგობრები ვართ.

- მშობლებთან კონფლიქტი მოგდიოდა?

- 14 წლიდან კვირების განმავლობაში ვიკარგებოდი. არეული დრო იყო და შეიძლებოდა გზას ავცდენოდი.

- რაზე ოცნებობდი?

- ჰოლივუდზე. მსურდა, ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი. ჩემს ოცნებას ბევრი რამ დავაკელი, განსაკუთრებით დრო და მონდომება. იცით, როგორი ტიპი ვარ? ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში ყველა საქმე ზარალდება...
გოგონებთან ფლირტი ძალიან მიყვარდა. ფიზიკურად უფროსს ვგავდი. 14 წლისა ძმაკაცს უნივერსიტეტში გავყევი. შევთანხმდით, რომ მისი კურსელები უნდა მოგვეტყუებინა, თითქოს 18-19 წლის ვიყავი. როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად მოვექეცი გოგონების ყურადღების ცენტრში...

- ალბათ სასიყვარულო თავგადასავლებში­ ხშირად ეხვეოდი...

- უნივერსიტეტში ოთხ გოგოს ერთდროულად ვხვდებოდი. ვფრთხილობდი, რომ ეს ამბავი არ "გამსკდარიყო". ერთხელ ოთხივე ერთად დავინახე და მივხვდი,­ ცუდად იყო ჩემი საქმე. ყველა საჩუქარი, რაც კი მიმიცია, თავში მირტყეს... მერე მექალთანის სახელი გამივარდა და გოგონები მერიდებოდნენ. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ მართლა მომეწონა ერთი ჯგუფელი, მაგრამ რომ გამოვტყდომოდი, სადმე მიჩივლებდა. ამიტომ გადავწყვიტე, ორიგინალური გზით მომეგო მისი გული. მაშინ ყვავილების სერვისი არ არსებობდა, ჩემს ძმაკაცს გავუკეთე ნიშანი "შპს "თაიგული" და გავატანე 9 ვარდი. შემდეგ 8... 7... ამ გოგოს სახლთან დაცვა იდგა (პარლამენტარის სადარბაზოში ცხოვრობდა), იმ მცველებსაც დავუძმაკაცდი. ჩემი ჯგუფელი, მისი დედა, დაცვა, სამეზობლო - ყველა ელოდა დღეს, როცა 1 ვარდი უნდა მიმეტანა. ბოლოს და ბოლოს, გაიგებდნენ თაყვანისმცემლის ვინაობას, მაგრამ საძმაკაცოს ძალიან სასაცილო რაღაც დაგვემართა. მაინცდამაინც ბოლო დღეს მანქანა ვერ ვიშოვეთ (არადა,­ სხვა დღეებში ჯიპებით დავდიოდით), ნახევრად დაშლილი ავტომობილის აწყობა მოგვიწია. გოგონასთან მისვლამდე ძმაკაცებმა შემომთავაზეს - გადაკარი ერთი-ორი ჭიქაო. გადაკვრა კაი ქეიფში გადაგვეზარდა. თამადად დამსვეს. "სატრფოს" სადარბაზოში ფეხზე ძლივს ვიდექი. ცალ ხელში ვარდი მეჭირა, მეორით - ზარი დავრეკე. მცირე პაუზის შემდეგ გავიგონე ხმა: "ვაიმე, ეს დეგენერატი­ ყოფილა!"

- შენი უფროსი შვილი უკვე თინეიჯერია... რას ურჩევდი მას და ზოგადად თინეიჯერებს?

- იყავით ღვთისმოშიშები და საკუთარ თავთან მართლები. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენს დაჩაგვრას შეეცდებიან თუ არა. სჯობს დაგჩაგრონ, მაგრამ სინდისი გქონდეთ სუფთა. მე ასე ვცხოვრობ.

თათული ღვინიანიძე
....
30 ნოემბერი 2016 09:22
არიან მსახიობები,რომელსაც არასოდეს ფილმში არ გადავიღებდი.ნუ ალბათ ესეც ლატარეაა...
giorgi
30 სექტემბერი 2016 14:19
ეს ალბათ ჰოლივუდის რომელიმე ფილმს ყვება საკუთარ თავზე DDD

რედაქტორის რჩევით