"კლასელები კახური კილოს გამო დამცინოდნენ" - კვირის პალიტრა

"კლასელები კახური კილოს გამო დამცინოდნენ"

"თუ ერთხელ წახვალ, უკან არ უნდა მიბრუნდე, თორემ საკუთარი თავის რწმენას დაკარგავ"

მოდელმა და ტელეწამყვანმა თამუნა ვაშალომიძემ "კვირის პალიტრასთან" თავისი ბავშვობა, თინეიჯერობა და წარმატების მისაღწევად განვლილი გზა გაიხსენა.

- თამუნა, ცელქი ბავშვი იყავი?

- ბიჭივით ვერთობოდი, ხეებსა და ავტოფარეხებზე დავძვრებოდი, მაინტერესებდა ფეხბურთი. ერთხელ 35-ე სკოლაში არველაძეს მივაკითხე და ვთხოვე, ბიჭებთან ერთად მათამაშე-მეთქი.

- რა არის შენი უარყოფითი და დადებითი თვისება...

- ყოველთვის ჯიუტი ვიყავი, არადა, კომპრომისიც საჭიროა, რომ მერე მოგებული დარჩე, მაგრამ არ შემიძლია... დადებით თვისებად მიმაჩნია, რომ მიზანდასახული ვარ. ჯერ მომღერლობა მინდოდა, შემდეგ ჟურნალისტობა. ინგა გრიგოლიას ვბაძავდი, ვითომ მიკროფონი მეჭირა და გადაცემა მიმყავდა.

- რა გახარებდა და რა გწყინდა?

- თუ ხუთიანს მივიღებდით, პატარა დროშებით გვაჯილდოებდნენ. მიხაროდა, შინ დროშებით რომ მივიჩქაროდი, ვიცოდი, დედას გაუხარდებოდა. ვბრაზობდი, როცა ოჯახის წევრები ჩემს უმცროს ძმას ანებივრებდნენ... ერთხელ ეტლით სასეირნოდ წავიყვანე და შემთხვევით დაგორდა. გავეკიდე და ორივე არხში გადავეშვით. ნიკაპი იტკინა, მე კი სულ დასისხლიანებული ვიყავი. შინ დაბრუნებულს ძალიან მეჩხუბნენ და მხოლოდ შემდეგ გაახსენდათ, რომ ჭრილობები დასამუშავებელი მქონდა...

- ბევრი მეგობარი გყავდა?

- კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ ძალიან ახლოს არავის ვუშვებდი. დღესაც მხოლოდ 3 უახლოესი მეგობარი მყავს.

დღიურებს ან წერილებს ვწერდი, რომელსაც ადრესატთან არასდროს ვგზავნიდი. ჩანაწერებს ახლაც ვაკეთებ, თუ რაიმე ძალიან გამახარებს ან დამამწუხრებს. დედაჩემი ჩემს დღიურებს კითხულობდა, ამიტომ ფურცელი მასთან კომუნიკაციის საშუალებად გადაიქცა. ვქსოვდი და სამკაულებს ვაწყობდი. 13 წლისამ რამდენიმე ნივთი სასტუმროშიც გავყიდე. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ მოძღვრისთვის ჯვრებსა და სანიშნეებს ვაკეთებდი.

- მოდელობაზე როდის დაფიქრდი?

- როცა ირინა ონაშვილი "მის მსოფლიოს" ოცეულში მოხვდა, მაშინ ვინატრე, ნეტავ ერთ დღეს მის ადგილას აღმოვჩნდე-მეთქი. მაშიIნ გვირგვინიც მაჩუქეს. თავზე დავიდებდი და წარმოვიდგენდი, რომ გამარჯვებული ვიყავი. დღესაც შენახული მაქვს. ერთხელ სოფელში კონკურსი ჩაატარეს: "სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა" და მე გავიმარჯვე. არასდროს დამავიწყდება ის ვითომ პოდიუმი. ერთმა ქალმა მითხრა, ახლა სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ რომ გაიზრდები, საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი გახდებიო."

- ჯერ სოფელში სწავლობდი, შემდეგ თბილისში გადმოხვედი, ახალ გარემოსა და კლასელებთან შეგუება გაგიჭირდა?

- მეოთხე კლასამდე სოფელში ვიყავი, ამიტომ კახური კილო მქონდა. თბილისელი კლასელები ამის გამო დამცინოდნენ. ძალიან დამაკომპლექსეს. მინდოდა, მათი კეთილგანწყობა მომეპოვებინა, ამიტომ მათთვის შოკოლადებს ვყიდულობდი. ძალიან არ მიყვარდა რუსულის პედაგოგი. გვაჩოქებდა და სახაზავით გვცემდა. მეთორმეტე კლასში ბიჭებში ერთადერთი გოგონა დავრჩი, სხვები გათხოვდნენ, ამიტომ არც ბოლო ზარის ღონისძიება გაგვიკეთებია, არც ბანკეტი.

- შენ რატომ არ გათხოვდი?

- ხშირად გოგონები თავისუფლების მოსაპოვებლად თხოვდებიან ან ოჯახურ პრობლემებს გაურბიან, მე ვიცოდი, რომ გათხოვება გამოსავალი არ არის. რა თქმა უნდა, ვაპირებ დაოჯახებას, შვილები და მოსიყვარულე მეუღლე მინდა მყავდეს, მაგრამ მოგვიანებით... 17 წლისამ თელავში ძალიან სიმპათიური ბიჭი გავიცანი, რომელმაც ჩემი მშობლები მოხიბლა, დავინიშნეთ, ქორწილის თარიღი დავთქვით, მაგრამ ყველაფერი ჩავშალე, საბოლოოდ თავი მოვიწამლე, ჩემს ჯიბრზე სხვა გოგონა შეირთო.

- თვითკრიტიკული თუ იყავი?

- თვითკრიტიკული კი არა, ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი. სავსე სახე მაქვს, დედაჩემი სულ კარეს მჭრიდა და თმის გაზრდის უფლებას არ მაძლევდა. მეგონა, რომ უშნო და მსუქანი ვიყავი, მეშინოდა, არავინ შემომხედავს-მეთქი, მაგრამ სამოდელო სააგენტოში დავაფასე საკუთარი თავი.

- 17 წლის შინიდან წახვედი...

- მინდოდა, წარმატებისთვის დამოუკიდებლად მიმეღწია. მალევე ვიპოვე სამსახური. გასაუბრებაზე რომ მივედი, თავზე ბაფთა მეკეთა და ჯერ პირადობის მოწმობაც არ მქონდა აღებული. თავდაუზოგავად ვშრომობდი. ზოგჯერ საჭმლის ფული არ მქონდა, მაგრამ მერე ამოვისუნთქე. ერთხელ ცუდად გავხდი, გონება დავკარგე და ერთი კვირა საავადმყოფოში გავატარე. შინ დაბრუნება მაშინაც კი არ მიფიქრია. თუ ერთხელ წახვალ, უკან არ უნდა მიბრუნდე, თორემ საკუთარი თავის რწმენას დაკარგავ.

- თინეიჯერებს რას ურჩევდი?

- მშობლებს ან საზოგადოებას თქვენი დაკომპლექსების უფლება არ მისცეთ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და იშრომეთ.

თათული ღვინიანიძე