წერას აყოლილი გოგო - კვირის პალიტრა

წერას აყოლილი გოგო

"სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი"

მას შემდეგ, რაც ნიჭიერი თინეიჯერების ძებნა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ბევრი მოზარდი ნაადრევი ასაკიდან იწყებს მუშაობას და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. დღეს მინდა გაგაცნოთ მე-12 კლასის მოსწავლე, 17 წლის სოფო გოგიტაძე.

- სოფო, როდის აღმოაჩინე რომ წერის ნიჭი გაქვს?

- ამ გადმოსახედიდან ძალიან სასაცილოდ ჩანს, მაგრამ 9 წლისამ დავიწყე წერა. ლექსი დავწერე, სულ ერთი სტროფი იყო და უდიდესი სიამოვნება მივიღე. იმ დროს არ მიფიქრია, რომ განსაკუთრებული ნიჭი მქონდა. უბრალოდ ემოციებისგან დაცლა მომეწონა.

- ოჯახის წევრები და მეგობრები სერიოზულად მიუდგნენ ამ ფაქტს?

- დიდხანს ვმალავდი, რომ ვწერდი. მეგონა, ჩემი ჩანაწერები საზოგადოებისთვის საინტერესო არ იქნებოდა. ბოლოს მეგობრებს გავუზიარე. ისინი დღემდე მგულშემატკივრობენ და ჩემი აქტიური მკითხველები არიან. ოჯახის წევრებმა კი მაშინ გაიგეს, როცა კონკურსში გავიმარჯვე.

ბლოგი ახალი გაკეთებული მქონდა, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ კონკურსი ჩაატარა. ჩავთვალე, რომ საინტერესო შემოთავაზება იყო დილეტანტი ბლოგერისთვის. საკონკურსო ნაშრომი გარდაცვლილ ბაბუას მივუძღვენი. გავიმარჯვე, დამაჯილდოეს ელექტრონული წიგნით, რომელიც ლიტერატურის მოყვარულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

- რატომ დაიწყე ბლოგის წერა?

- მინდოდა, ჩემთვის დამეწერა რაღაცები. მოგვიანებით მივხვდი, რომ წერის ტექნიკის დახვეწა პერმანენტული პროცესია, მას შემფასებელიც სჭირდება. ფსევდონიმად ავიღე "წერას აყოლილი გოგო", რადგან იმ პერიოდში მართლაც წერას ვიყავი აყოლილი. ბლოგზე, ძირითადად, ჩანახატებს ვდებდი, მოგვიანებით დავიწყე მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა.

- გქონია შემთხვევა, როცა რაიმე თემაზე საუბარი გსურდა, მაგრამ თავი შეიკავე?

- რა თქმა უნდა, ნამდვილად სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი. ბევრჯერ დამიწერია თინეიჯერულ პრობლემებზე, მაგრამ აღარ ამიტვირთავს ინტერნეტსივრცეში.

- როგორ მოხვდი პრესაში?

- ერთ დღეს ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი ჟურნალ "ზებრას". დავუკავშირდი რედაქტორს და საკუთარი თავი წარვუდგინე. შევადგინე იდეების სია და გადავუგზავნე. თინეიჯერული გვერდი მქონდა, ვწერდი ჩემსა და ჩემნაირებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნომერი იყო. არავინ იცოდა, ვინ ვიყავი და მინდოდა მკითხველს დავმახსოვრებოდი.

- ლიტერატურის ვიზუალიზაციით რატომ დაინტერესდი?

- სამყარო ციფრული გახდა, ამიტომ საკუთარი თავის გამოსახატავად ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა. მობილურით ვიღებ ხოლმე კადრებს. ძირითადად, სოციალური თემები მაინტერესებს. ვიდეოების გადაღებისას პარალელურად მაფიქრდება ტექსტი.

- მომავალში რას აპირებ?

- ამჟამად ძალიან მაინტერესებს სოციოლოგია. სამოქალაქო აქტივობებისთვისაც ვიცლი. ხალხს მინდა ვუთხრა: ამოიღეთ ხმა, გააპროტესტეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მიუღებელია. დაიცავით ქმრის ნაცემი ცოლები, რომ ისინი ერთ დღესაც არ მოკლან! ყურადღება მიაქციეთ დაჩაგრულ არასრულწლოვნებს, ნუ იქნებით აგრესიულები უმცირესობების მიმართ.