"დედამ ხელი ერთადერთხელ დამარტყა, როცა სიგარეტის მოწევისას შემომისწრო" - კვირის პალიტრა

"დედამ ხელი ერთადერთხელ დამარტყა, როცა სიგარეტის მოწევისას შემომისწრო"

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უმღერია "შინამანიქენა". ეს ჰიტი ნინო ძოწენიძეს ეკუთვნის. ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი სწორედ ნინო გახლავთ. მუსიკოსი სოლო კარიერამდე ორ ჯგუფში მღეროდა. ალბათ კარგად გახსოვთ მისი გამოსვლა პროექტ "ერთი- ერთშიც". აღმოჩნდა, რომ ნინო სპორტული მოზარდი იყო (კარატეშიც კი სცადა ძალები), პრანჭვა არ უყვარდა, თამბაქოს მოწევა 17 წლისას დაუწყია და თავისუფლებასაც დიდი დოზით აძლევდნენ.

- ნინო, როგორი ბავშვი იყავით?

- სპორტული. ყველაზე ხშირად წრეში ბურთს და რეზინობანას ვთამაშობდი. ჯიუტი და თავხედი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მაინც ყოველთვის გამქონდა. მაღიზიანებდა ყოყოჩი თანატოლები, რომლებიც მათზე უმცროსებს ან სუსტებს ჩაგრავდნენ. ამის გამო კონფლიქტიც მომსვლია. პირველად 6 წლისა ავედი სცენაზე. მუსიკალურ სკოლაში სოლო კონცერტი მქონდა, რადგან ვიოლინოზე კარგად ვუკრავდი. ისე ვნერვიულობდი, ინსტრუმენტი ხელიდან გამივარდა და გამიტყდა.

- ვიოლინოს თავი რატომ დაანებეთ?

- ჩემმა პედაგოგმა აღმოაჩინა, რომ კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა, მირჩია იმღერეო.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- ქუთაისში იმ დროს ტრანსპორტი არ იყო. ზამთარში სკოლაში დასველებული ფეხებით მივდიოდი. მუსიკალური სკოლა იყო და ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების შემდეგ მუსიკის გაკვეთილებს გვიტარებდნენ. მასწავლებლების ფავორიტი ვიყავი, ამიტომ, როცა ცოტა ვზარმაცობდი, ფონს ადვილად გავდიოდი. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა სკოლის სილამაზის კონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოგონა დააჯილდოეს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ცოცხალი აღარ არის.

- გარდატეხის ასაკში ხასიათი დაგიმძიმდათ?

- ოჯახის წევრებთან უთანხმოება არ მომდიოდა. დედამ ხელი ერთადერთხელ დამარტყა, როცა სიგარეტის მოწევისას შემომისწრო. მოულოდნელად შინ დაბრუნდა, კარტოფილის შეწვას ვაპირებდი, დაჭრილი მქონდა და თამბაქოს სუნის გასაქრობად უმად შევჭამე. დედა მაინც მიხვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი.

- ძმასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ძმა ჩემი მესაიდუმლე იყო. მე და ჩემი ძმა ბრიუს ლის ფილმებს ვუყურებდით და გვსურდა, ბრძოლა მასავით გვცოდნოდა. წვრილი ფეხები მქონდა, სულ ფეხებში მირტყამდნენ. ასე რომ, მივხვდი, კარატესთვის თავი უნდა დამენებებინა.

- საქართველოში მუსიკოსებს თავის რჩენა უჭირთ. თქვენი პროფესიული არჩევანი მშობლებს არ გაუპროტესტებიათ?

- მშობლებმა მუსიკის ფასი იცოდნენ, ამიტომ ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. არასდროს მინანია ჩემი პროფესიული არჩევანი.

ქუთაისში ჯგუფ ,,ტეტრაქოლდში" ვმღეროდი. გიგამ, ჩემმა მეუღლემ, თბილისში წამომიყვანა და ჯგუფ "დ იამიქსში" მოვხვდი. გათხოვების შემდეგ სოლო კარიერა დავიწყე და მალევე ჩემი სიმღერა "შინამანიქენა" გაჰიტდა. როცა ჯგუფთან ერთად მღერი, უფრო იმედიანად ხარ. ვინმეს რამე თუ შეეშლება, მეორე გამოასწორებს.

- რას ურჩევდით თინეიჯერებს და მათ მშობლებს?

- იყავით მაქსიმალურად მომთმენები და ემეგობრეთ შვილებს, ამ შემთხვევაში მოზარდები თქვენგან არ გაიქცევიან. რაც შეეხება თინეიჯერებს: გაიხანგრძლივეთ ბავშვობა. ცხოვრების ეს არაჩვეულებრივი პერიოდი აღარ დაგიბრუნდებათ. გოგონებო, გაპრანჭვისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება გაქვთ. ასევე ნაკლები დრო დაუთმეთ ტექნიკას, გადადით რეალურ ურთიერთობებზე და ბევრი იმეცადინეთ, რომ მოგვიანებით კონკურენციის გაწევა შეძლოთ.