"წარმატების გასაღები გამართლებასა და სიჯიუტეშია"
03-10-2016
"წარმატების გასაღები გამართლებასა და სიჯიუტეშია"
თინეიჯერებისთვის საინტერესოა, როგორები იყვნენ წარმატებული ადამიანები მათ ასაკში, ჰქონდათ თუ არა პრობლემები სკოლაში, რა იტაცებდათ, როდის ეწვიათ პირველი სიყვარული, უჭირდათ თუ არა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, როგორ უმკლავდებოდნენ სირთულეებს.

ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს.

- ბატონო გუგა, როგორი ბავშვი იყავით?

- ცელქი და მავნე, მაგრამ როცა რამეს ვაშავებდი, უფროსები ამბობდნენ, გუგა ამას არ გააკეთებდაო. ვერც შინ და ვერც სკოლაში ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდებოდი. დღესაც, ოპერაციის
პროცესში, პაციენტს სხვადასხვა კუთხიდან ვუდგები და ისე ვმუშაობ.
არაბული ზღაპრების კითხვა მიყვარდა. ეს წიგნი პირველად ახლობლის ოჯახში სტუმრად ყოფნისას აღმოვაჩინე და... შინ გამომატანეს. ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როცა სულ წიგნებს ვკითხულობდი და მამაჩემი ეზოში ჩასვლას მაძალებდა. ჩემზე განსაკუთრებით ღრმა კვალი დატოვა "კარლსონმა" და "სამმა მუშკეტერმა".
ორივე ნაწარმოებში მეგობრობაა მთავარი. მაღიზიანებდა და ახლაც მაღიზიანებს, როცა ადამიანები მოძრაობის წესებს არღვევენ.
კონფლიქტური არ ვარ, წყენა მალე მავიწყდება და ყველაფერს იუმორით ვუდგები.

- სკოლის პერიოდიდან ყველაზე მკაფიოდ რა დაგამახსოვრდათ?

- მხატვრობით ისეთი გატაცებული ვიყავი, რომ სახატავი და ფანქრები ბალიშის ქვეშ მედო.

- ხატვის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდათ?

- რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მასწავლებლებმა და ლექტორებმა იცოდნენ, რომ გაკვეთილსა თუ ლექციას ხატვისას უკეთ მოვუსმენდი. დღესაც საქმიან შეხვედრებზე ფურცლით და კალმით მივდივარ. ხატვა ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა. ძალიან მეხმარება პლასტიკურ ქირურგიაში. მამაჩემიც მოყვარული მხატვარია.

- პირველ სიყვარულს ალბათ სკოლაში შეხვდით...

- ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ჩემი მეუღლეა..

- რაზე ოცნებობდით?

- ადამიანებისთვის სარგებლის მოტანა მინდოდა. ვცდილობდი, პირველი ვყოფილიყავი, ვინც სასწრაფოს ან სახანძროს გამოიძახებდა. შეიძლება ითქვას, ოცნება ავისრულე. გაგეღიმებათ, მაგრამ წარმატების გასაღები გამართლებასა და სიჯიუტეშია. კარს თუ დაგიხურავენ, ფანჯრიდან უნდა შეძვრე. აუცილებლად შრომისმოყვარე უნდა იყო და შენი საქმე სხვას არ გადააბარო.

- სპორტით თუ იყავით გატაცებული?

- სპორტზე არ მივლია, მაგრამ ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს, კალათბურთს და ჩოგბურთს.
დღეს ექსტრემალურ სპორტს მივდევ. მომწონს ალპინიზმი, პარაპლანით ფრენა. ცოტა ხნის წინ ყაზბეგი დავლაშქრე.

- გარდატეხის ასაკში ხასიათი გაგირთულდათ?

- არა. არც ხასიათი შემცვლია, არც აკნეს შევუწუხებივარ.

- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ძალიან კარგი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მესაიდუმლეები ვიყავით. ოჯახის წევრები ვიკრიბებოდით და ერთად ვთამაშობდით ჭადრაკს. ბებია ყოველთვის მანებივრებდა და თუ ვინმე მისაყვედურებდა, მიცავდა, დედ-მამისგან არასდროს მომისმენია დიდაქტიკა. თუ რაიმეს თქმა სურდათ, ირიბ გზას ირჩევდნენ. მათ მასწავლეს, რომ დანაშაული ყოველთვის უნდა აღიარო. თუ სიმართლეს ვიტყოდი, შეცდომისთვის არ მსჯიდნენ.

- როგორ ერთობოდით?

- ვცდილობდი, ყოველი დღე მცირე თავგადასავლით გამეხალისებინა. არასდროს მითქვამს, სკოლა გამაცდენინეთ-მეთქი, არც სამსახურში წასვლა დამზარებია.

- მეცადინეობას დიდ დროს უთმობდით?

- არც ისე. გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნისას პედაგოგს ყურადღებით ვუსმენდი და ყველაფერს ვიმახსოვრებდი. შინ მხოლოდ ტექსტის გადაკითხვა მჭირდებოდა. ეშმაკობებს ადვილად ავუღე ალღო.
მეოთხე კლასში მივხვდი, რომ საუკეთესო ადგილი მასწავლებლის წინა მერხია. პედაგოგებს ჰგონიათ, რომ ცელქი მოსწავლეები უკანა რიგში სხედან, არადა, "საფრთხე" მათ ცხვირწინაა.

- რას გიკრძალავდნენ?

- არ მახსოვს, რაიმე აეკრძალოთ. ვმეგობრობდი, ვისთანაც მინდოდა, სიგარეტი არასდროს მომიწევია, არც დალევა მიყვარდა. მშობლებზე ვფიქრობდი ხოლმე. არასწორი ნაბიჯით მათ იმედებს ხომ არ გავუცრუებდი.

- როგორი ძმა იყავით?

- 5 წლით უფროსი ძმა და 3 წლით უმცროსი და მყავს. მათ მეგობრებთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. ჩემი და ბრაზობდა ხოლმე, როცა მასზე ამბობდნენ გუგას და"არისო, მაგრამ "გუგას დად" დარჩა. ახლა უხარია.

- თინეიჯერობის წლებში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

- არაფერს, დროის გარდა. ჩემს სიყმაწვილეში ახალგაზრდობა ორად იყო გახლეჩილი, მოქალაქეობრივი შეგნება არ ჰქონდათ, ვერ გაეგოთ, რა სჯობდა, წიგნი და განათლება, რომელიც ლუკმაპურს ვერ აშოვნინებდა, თუ ძალადობა, რადგან ამ დროს გოგონები თავზე ბუზებივით გეხვევიან და ფულიც გაქვს.

- რას ურჩევდით თინეიჯერებს?

- ყმაწვილებო, თქვენ მარტო საკუთარ თავს არ ეკუთვნით. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, ოჯახის და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინეთ.

თათული ღვინიანიძე
Tamari
07 იანვარი 2017 09:27
მარტალი ხარტ ოჯახი და ქვეყნის ინტერესი აუცილებელია .ცხოვრებაში ეს გადზლევტ უდდიდეს სტიმულს და სიცოცხლესაც გაიღებ მატ საკეტილდგეოდ მიზანსაც ასე მიზანდასახულად მიაგწევტ.

რედაქტორის რჩევით