"LSD-ით გაბრუებულ ხალხს ეჩვენება, რომ კედლიდან გიტარა თავისი ფეხით ჩამოდის" - რა ხდება თბილისის კლუბებში?! - კვირის პალიტრა

"LSD-ით გაბრუებულ ხალხს ეჩვენება, რომ კედლიდან გიტარა თავისი ფეხით ჩამოდის" - რა ხდება თბილისის კლუბებში?!

ერთი ნახვით შეყვარება, ანუ ჟრუანტელი "საგიჟეთში"

ისეთი ადამიანი ვარ, ყველა ქართული ანდაზა რომ მესადაგება.

ისეთი ადამიანი ვარ, ყველა ქართული ანდაზა რომ მესადაგება. მაგალითად, "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", ან "ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო"."მოკლედ, იმდენი ვიშაყირე ერთი ნახვით შეყვარებაზე, სანამ თავად არ ამიხდა. ახლა ფეხი ფეხზე გადადებული ვზივარ და ამ ამბავს გიყვებით.

შემთხვევითობების არ მჯერა. ყველაფერი მიზეზშედეგობრივად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოკლედ, შობის ღამეს აიჩემეს მეგობრებმა, კლუბში წავიდეთო. მეტროდან გავედით თუ არა, სხეულის მოშიშვლებულ ნაწილებზე სიცივე ამოგვაცოცდა. ჯერ ხელები გაგვეყინა, მერე - სახე. ყოველთვის ხალხმრავალი, ღამით კი ცარიელი პროსპექტი ყვითელი შუქით იყო განათებული. ნათურები ქილაში გამომწყვდეულ ციცინათელებს ჰგავდნენ. მთელი დღის განმავლობაში ხმაურით დაღლილი ქუჩა ჩათვლემას ცდილობდა, მაგრამ ხანდახან ჩავლილი ტაქსი ან მოტოციკლის გუგუნი ძილს თავხედურად უფრთხობდა. კლუბისკენ ჩვენი ჩრდილები მიგვიძღოდნენ...

კლუბის კედლებს რომ შეხედავ, ვერც კი იფიქრებ, ამ დრომოჭმულ შენობაში მთელი ღამე ცნობილი სახეები, დამწყები მოდელები და სპორტსმენები, სახელგანთქმული დიზაინერები და ფოტოგრაფები ან უბრალოდ გემოვნებით ჩაცმული თინეიჯერები მდინარესავით რომ შეედინებიან... ფეისკონტროლი უპრობლემოდ გავიარეთ და ლურჯი კარი შევაღეთ. ამ სილურჯის მიღმა სრული საგიჟეთია... დიჯეიც გაბრუებულ ხალხთან ერთად აფრენს და თითქმის მთელ ქუჩას ესმის ტექნომუსიკა. აქ საგიჟეთია გიჟებისთვის, რომლებიც უიკენდამდე ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცევიან. მათ ყველგან შეხვდებით: სამსახურში, ქუჩაში, კაფეში, თეატრში, კინოში, ტელევიზორის ეკრანზე ან ბანერებზე... დაცვამ ჩანთები გაგვახსნევინა და, მგონი, გვეხუმრა:

- ბომბი ხომ არ მოგიტანიათ?

გააჩნია, ვისთვის რა არის ბომბი: ატომური იარაღი თუ ენერგიით დამუხტული სხეული, რომელიც მზად არის ცეკვით დაიცალოს.

გარდერობთან მდგარ ქალს, მანანას, თავაზიანად მივესალმე. წინა შაბათს შევნიშნე, რომ ვიღაც მთვრალი ბიჭი ეუხეშებოდა და ძალიან შემეცოდა. მანანა უწყინარი ქალია, რომელიც დიდი ალბათობით, ხალხმრავალ ადგილებს ვერ იტანს და ერთი სული აქვს, დამღლელ სიტუაციას გაერიდოს. სამსახური, რომელიც გტანჯავს, ამქვეყნიური ჯოჯოხეთია.

ჯერ პირველი სართულის დარბაზში შევედით. სანამ არ დათვრებით და ხალხით გაჭედილ ოთხ კედელში უცნაური ილეთების კეთებას არ ეცდებით, სიგარეტის, მარიხუანასა და სუნამოთი გაზავებულ ჰაერს არ ჩაისუნთქავთ, ვერ მიხვდებით, აქ ხალხი დროს, ფულს და ენერგიას რატომ ხარჯავს. მოცეკვავეების, მუსიკოსებისა და ბარმენების მუხტი შენში იჭრება... ხის გაუბედურებული მაგიდები, მონგრეული სკამები - ამ უბრალო და ღარიბულ ბარში შეუფერებელი ფასის სასმელი იყიდება. შეკიდული თეთრი ჭერი უგემოვნობის ზეიმია, მაგრამ მეტალის მოძრავი ჭაღი (ამოტრიალებულ ჯამს რომ მოგაგონებთ) მაინც ძალიან უხდება. იატაკი მოხატულია. კედლებს პრიმიტიული ტილოები ამშვენებს. LSD-ით გაბრუებულ ხალხს ეჩვენება, რომ კედლიდან გიტარა თავისი ფეხით ჩამოდის, ნახატზე ჩიტები ჟღურტულს იწყებენ და ენით აუწერელი ხმაურის მიუხედავად, მათი სიმღერაც ისმის.

მეგობრებს მეორე სართულზე ასვლა შევთავაზე. უკეთესი მუსიკა ჟღერს და ნაკლები ხალხია... კედლებზე იდუმალი სიბნელეა აკრული. მხოლოდ ბართან ანთია შუქი. მის წინ გრძელი მაგიდაა. ამ მაგიდის დანახვისას შეუძლებელია, არ იფიქრო, რომ ვესტერნული ბარიდან მოიპარეს. ჩვეულებრივ, მასზე ადიან და ცეკვავენ. ეკა და ეკა მისკენ ცეკვა-ცეკვით წავიდნენ. გოგონებს თვალი გავაყოლე და მუსიკას თავისუფალი მოძრაობებით ავყევი. ჩემ უკან კარი გაიღო. ვიგრძენი, ვიღაცამ ჩამიარა და ახლოს გაჩერდა. ვერ ვიტყვი დამაინტერესა-მეთქი, მაგრამ რაღაც აუხსნელმა გრძნობამ მისკენ გამახედა. მაღალი იყო (ალბათ, ორ მეტრამდე), გიშრისფერი კარდიგანი წვივებზე სცემდა, კაპიუშონი წამოეფარებინა და პროფილში მისი სახის დანახვა მიჭირდა. გრძელი, მამაკაცური, მაგრამ ლამაზი თითები ჰქონდა. მხრებით ოდნავ ირწეოდა. მომენტალურად მისი აურის ტყვეობაში აღმოვჩნდი. მთელი ბავშვობა "ჰარი პოტერს" ვკითხულობდი და ჯადოსნური სამყარო თავდავიწყებით მიყვარდა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჰოგვორტსიდან (სასწავლებელი ჯადოქრებისთვის) მაგლების (ადამიანები მაგიური უნარების გარეშე) წვეულებაზე იყო გამოპარული. მისი გიშრისფერი მანტია სკოლის ფორმას ჰგავდა. ძალიან მინდოდა, მივსულიყავი და გამეცნო, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. მუსიკის ტემპმა იმატა, მისი ილეთებიც უფრო ენერგიული გახდა. დასცხა და კაპიუშონი გადაიძრო. მოგრძო თმა უკან გადაევარცხნა, დახვეწილ სახეზე გამოყვანილი ყვრიმალები, თხელი ლოყები და წაწვეტებული ცხვირი გამოუჩნდა. ქვედა ტუჩი ზედა ბაგეზე დიდი ჰქონდა. სუნთქვა შემეკრა. აღარაფერი მესმოდა ჩემი გულისცემის გარდა. ირგვლივ თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. ჩემსა და გარე სამყაროს შორის კინოფირივით გარბოდა კლუბში მოსვლის წუთიდან აღქმული კადრები, თითქოს დერეფნის შესასვლელში ვიდექი, ბოლოს კი მის მომნუსხველ სილუეტს ვხედავდი. ტანში ჯერ თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, შემდეგ გულში მიწისძვრა ვიგრძენი, ბოლოს კი რაღაც გასკდა და მუცელში ჩაიღვარა. ვგრძნობდი, რომ ვენებიდან ამოყლორტილი უხილავი ღეროები ელვისებური სისწრაფით მიიწევდნენ მისკენ. დავინახე, მის სულში როგორ ღრმად შეიჭრნენ და შეესისხლხორცნენ. ვცდილობდი, არ გავნძრეულიყავი, მაგრამ მთელი არსებით თავისკენ მექაჩებოდა.

- რატომ არ ცეკვავ? - "ჩოლკიანი" ეკა წინ დამიდგა და ხელები ჩამკიდა.

- სრულყოფილებაა, - წავიჩურჩულე.

- რა თქვი? ვინ?

ეკას ხელები მხრებში ჩავავლე და უცნობისკენ შევატრიალე.

- ღმერთო ჩემო, რა ლამაზია! - მოურიდებლად წამოიძახა.

- მოკეტე! გაიგონებს! - პირზე ხელი ავაფარე, - არც კი ვიცი, ასე გამოშტერებული რამდენი ხანია ვდგავარ...

- მერე?

- მერე არაფერი. ერთხელაც არ შემოუხედავს. ვერ მამჩნევს.

- მერე შეამჩნევინე საკუთარი თავი! გამოიცეკვე!

- გადაირიე? ვერ გავბედავ!

გავბედე თუ არა მისვლა, ეს უკვე სხვა ისტორიაა და ვინ იცის, შეიძლება მოგვიანებით მოგიყვეთ კიდეც...

თათული ღვინიანიძე