როდის უნდა ვაკოცოთ "ქართველ ვაჟკაცს"? - კვირის პალიტრა

როდის უნდა ვაკოცოთ "ქართველ ვაჟკაცს"?

თავისუფალი ურთიერთობები? ზოგადად არ მომწონს, "ქართველ ვაჟკაცთან" ხომ მით უმეტეს! როგორც ჩანს, ჩვენი ეპოქისთვის ზედმეტად მესაკუთრე ვარ და გულუბრყვილოდ მჯერა, რომ სიყვარული აღებმიცემობაზე მეტია...

ურთიერთობებში, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, რეცეპტები არ არსებობს, ანუ ნამცხვარივით ჯერ ვერ გამოაცხობ და მერე პირს ვერ ჩაიტკბარუნებ, ამიტომ არც ეს ბლოგია პანაცეა. შენ, ალბათ, ახლა სოციალურ ქსელზე "თავისუფალი" გაწერია და ბიჭს, რომელსაც რეგულარულად ხვდები, წერ თუ ურეკავ, შეყვარებულს სულ არ უწოდებ. მერე რა, თუ ხანდახან სახლამდე გაცილებს ან მის მეგობრებზე ეჭვიანობ? ადრე თუ გვიან, ის კოცნას დაგიპირებს. პირველი კოცნა წვიმაში ან თოვლში წარმოგედგინა? იქნებ სახურავზე ერთმანეთთან მიხუტებულებს ვარსკვლავები უნდა დაგეთვალათ? სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ კაფეში სხედხართ, უნივერსიტეტის/სკოლის წინ აბირჟავებთ,"სეირნობთ ან რაიმე ამდაგვარი... არარომანტიკული. იმედგაცრუებას იგრძნობ, მაგრამ არ შეიმჩნევ. რაშია პრობლემა? - შენ "ქართველ ვაჟკაცს" უდროოდ აკოცე!

რატომ არის პრობლემა? ის "ქართველი ვაჟკაცია"- ანუ სერიოზული ურთიერთობის პერსპექტივა ჩაკალი. საერთოდაც, სიტყვა "რომანტიკაზე" გულიანად ეცინება და ნაკლებსავარაუდოა, რომ მომდევნო ნახვაზე ყვავილებით გამოგეცხადოს.

როდის უნდა გეკოცნა? არასდროს!

როგორი თანამედროვე ბიჭის ნიღაბსაც უნდა ატარებდეს, "ქართველი ვაჟკაცი" გულის სიღრმეში ფიქრობს, პატიოსანი გოგო ტუჩებში არ მაკოცნინებსო. ის ჯერ გეფლირტავება, მერე თავს გაცოდებს, შემდეგ ეცდება, თავი უხერხულად გაგრძნობინოს ფრაზებით: "წინა საუკუნეში ჩარჩი", "რა გოიმი ხარ"... თუ ეს ტაქტიკა არ გაჭრის, დაშინებაზე გადავა: "თუ არ მაკოცებ, წავალ". დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გეცნოთ. მაშინაც კი, თუ მისი დაკარგვის გეშინიათ, სასწრაფოდ გზა დაულოცეთ.

პირველი: ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მოსწონხართ, თქვენს შეხედულებებს და სურვილებს პატივს სცემს, არასდროს გაიძულებთ, საკუთარ თავს გადააბიჯოთ.

მეორე: თქვენს გრძნობებზე არ ითამაშებს, ურთიერთობის დასრულებით არ დაგაშანტაჟებთ და არც "ბანძ" გოგონად გაგრძნობინებთ თავს. უბრალოდ დაგელოდებათ.

მესამე (და მნიშვნელოვანი): თუ კოცნის სურვილი ორივეს გაგიჩნდებათ, "ქართველი ვაჟკაცივით" ძმაკაცებში მარკის ასაწევად არ დაიტრაბახებს და "მსუბუქი ქცევისთვის" არ განგიკითხავთ. რა თქმა უნდა, თავისთავად კოცნაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ გაიხსენეთ, ვინ არის "ქართველი ვაჟკაცი"?! ის სტერეოტიპების მსხვერპლია... უფრო სწორად, იმ იდეების, რომელიც ბავშვობიდან შთააგონეს. შეიძლება გონების ჯანსაღი ნაწილით კომუნისტურ იდეოლოგიას სულაც არ ეთანხმება, მაგრამ თავისი აზრის დასაცავად გამბედაობა არ ჰყოფნის. ძმაკაცებს, ნათესავებსა და მეზობლებს საჭორაო თემას ხომ არ მისცემს, ამ ბიჭს გონება ამღვრევიაო?

რაში სჭირდება "ქართველ ვაჟკაცს" "თავისუფალი ურთიერთობა"? უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდაა, ერთობა და თან მოვალეობების გარეშე. მისგან ვერც "ზედმეტ" ყურადღებას მოითხოვთ, ვერც ერთგულებას, მშობლების გაცნობას ან, დაორსულების შემთხვევაში, მამობას. თუ გგონიათ, რომ ამ ახირებულ ბიჭს თავს შეაყვარებთ, ცდებით. ასეთი სასიამოვნო გამონაკლისები მხოლოდ ფილმებში ხდება. ჩემმა მეგობარმა ზაზამ (რომელიც, სხვათა შორის, ძალიან განსხვავდება მოდერნიზებული "ქართველი ვაჟკაცისგან") მითხრა: "ადამიანთან ურთიერთობას უნდა უყურო ისე, თითქოს წიგნს კითხულობ. რაც უფრო მეტს წაიკითხავ, მით უფრო დაბრძენდები (თავად იდეალისტ ზაზას ეს რამდენად გამოსდის, ცალკე ამბავია.) მოკლედ, ქართველი ვაჟკაციც სიბრძნეს აგროვებს. ალბათ, იცით, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ "ერუდიციისკენ" სწრაფვის სურვილი არ უნელდება და მუდამ "სასიყვარულო თავგადასავლებშია" გახვეული.

მოკლედ, როგორ მოვიქცეთ? პირადად მე მოდერნიზებულ "ქართველ ვაჟკაცს" პაემანზე არასდროს წავყვები, შესაბამისად, მის კოცნასაც გამოვრიცხავ. არ მინდა, ოდესმე იმ კაცის ცოლი გავხდე, რომელსაც სურვილისამებრ ვერ მოვეფერები, შემეშინდება, ჩემზე წარმოდგენა არ დავუკარგო-მეთქი. გარდა ამისა, არ მსურს ქმარი ერთ დღეს უკანონო შვილით ხელში მომადგეს ან საყვარელი სადღესასწაულო სუფრაზე მოიპატიჟოს. თავისუფალი ურთიერთობები? ზოგადად არ მომწონს, "ქართველ ვაჟკაცთან" ხომ მით უმეტეს! როგორც ჩანს, ჩვენი ეპოქისთვის ზედმეტად მესაკუთრე ვარ და გულუბრყვილოდ მჯერა, რომ სიყვარული აღებმიცემობაზე მეტია.

თათული ღვინიანიძე