პატარა გამომგონებლები - კვირის პალიტრა

პატარა გამომგონებლები

"ბუნებრივი რესურსების ინტენსიურმა მოხმარებამ კაცობრიობა კრიზისამდე მიიყვანა, წყალბადური ენერგია კი ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო წყაროა..."

ახალგაზრდა გამომგონებლები, რომლებმაც სახელი იმით გაითქვეს, რომ თავიანთი კვლევის შედეგები "ნასას" კოსმოსურ ცენტრში წარადგინეს, ისევ ყურადღების ცენტრში ექცევიან. ამჯერად კვლევის შედეგი ლეონარდო და ვინჩის კონკურსზე წარადგინეს, გაიმარჯვეს და მომავალ წელს შვეიცარიაში, ცერნის უდიდეს ლაბორატორიაში, თავიანთ ნაშრომს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს გააცნობენ...

ნავთობკორპორაციის სპეციალური პრიზით ლეონარდო და ვინჩის კონკურსის სხვა ქართველი მონაწილეებიც დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის გადასარჩენად საინტერესო პროექტი წარადგინეს. "კვირის პალიტრა" პატარა გამომგონებლებს დაუკავშირდა.

ვახტანგ კონტრიძე, მე-12 კლასის მოსწავლე: - მე, გიორგი ნიორაძე, ბექა მიქაძე და გიორგი მარგიანი ერთსა და იმავე საკითხებზე ვმუშაობთ. თუმცა, კონკურსზე არ შეიძლებოდა, გუნდში სამ მონაწილეზე მეტი ყოფილიყო, ამიტომ ორ გუნდად გავიყავით. მე და გიორგი ნიორაძემ გრანპრი ავიღეთ, მეორე ადგილი კი ბექა მიქაძემ და გიორგი მარგიანმა დაიკავეს. მე, გიორგი ნიორაძე და ბექა მიქაძე სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მე-12 კლასელები ვართ, გიორგი მარგიანი კი "ახალი ლიცეუმის" მოსწავლეა.

მე და გიორგი ნიორაძემ წარვადგინეთ მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგიის პროექტი, რომელიც მზის ელემენტების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ჩვენმა გუნდმა მოახერხა და მზის ელემენტების მუშაობის ხარისხი, ე.ი. მარგი ქმედების კოეფიციენტი 18%-დან 23%-მდე გაზარდა.

- თავის დროზეც ხომ ამ პროექტის გამო მიგიწვიეს "ნასას" კოსმოსურ ცენტრში?

- დიახ, მაგრამ მაშინ მხოლოდ კვლევა გაგვაჩნდა, ახლა კი წარვადგინეთ ექსპერიმენტების შედეგები, პროდუქტი და წარმოებაში ჩაშვების მექანიზმი.

- ე.ი. უკვე ხელშესახებია გამოგონება?

- დიახ, გამზადებულიც გვაქვს გამოგონების მასალა. გვიხარია, რომ 2017 წლის შემოდგომაზე ცერნის ლაბორატორიას ვესტუმრებით. სწორედ ეს ჯილდო გვერგო.

ბექა მიქაძე, მე-12 კლასის მოსწავლე:

- ჩვენი პროექტი ფუჭი ელექტრომაგნიტური გამოსხივების შემკრების სარეზერვო ციკლებს მოიცავს. ეს არის აპარატი, რომელიც მზის პანელის გარშემო დაცემულ სხივებს აკონცენტრირებს. ჩვენ მიერ ახლახან წარმოდგენილი მოდელი უფრო იაფი და გამძლეა, ვიდრე ის, რაც ერთი წლის წინ წარვადგინეთ. ახალი მოდელის დამზადება 200 ლარამდე ჯდება, ძველის ღირებულება კი 1.000 ლარამდე იყო. დღეს მსოფლიოში მიღებულია ბრტყელ ზედაპირზე დამაგრებული ელემენტები, რომლებსაც ამრეკლები არა აქვს. ჩვენს მოდელში კი ამრეკლებია და 22%-ით მეტ სინათლის ენერგიას გამოიმუშავებს.

ნათია მეტონიძე, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე: - ჩვენი გუნდი სამი წევრისგან შედგება. მე, ნათია დათუნაშვილმა და თემურ სიმონიშვილმა წარვადგინეთ პროექტი, რომლის მიზანიც შავი ზღვიდან გოგირდწყალბადიანი წყლის ამოღება, გოგირდწყალბადისგან წყალბადური ენერგიისა და გოგირდის მიღება და სუფთა წყლის ზღვაში დაბრუნებაა. წყალბადურ ენერგიას - საწვავად, გოგირდს კი სოფლის მეურნეობისთვის გამოვიყენებთ. გარდა ამისა, გოგირდწყალბადის დონის ზრდასაც შევამცირებთ შავ ზღვაში, რაც ეკოლოგიური კატასტროფისგან გვიხსნის - შავი ზღვის ფლორასა და ფაუნას გადავარჩენთ და ალტერნატიულ წყალბადურ ენერგიასაც მივიღებთ. ბუნებრივი რესურსების ინტენსიურმა მოხმარებამ კაცობრიობა კრიზისამდე მიიყვანა, წყალბადური ენერგია კი ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო წყაროა.

ეკა ასათიანი