მაპატიე, დედა - ჟურნალისტები საშინელი შვილები ვართ - კვირის პალიტრა

მაპატიე, დედა - ჟურნალისტები საშინელი შვილები ვართ

ეგოისტის ავღანეთში გამგზავრება

მოძველებული ლიფტის კარი გაიღო თუ არა, ჩანთამოკიდებულმა ჩავირბინე მტვრიანი კიბე. ისე ვღელავდი, სუნთქვა მიჭირდა. ოფლი მასხამდა. ალეწილი სახე მიხურდა. მინდოდა, სადარბაზოსთან გაჩერებულ შავ ჯიპთან მიმეღწია, სანამ დედაჩემი დამიჭერდა. ხელს თუ ჩამავლებდა, ყველაფერი დამთავრდებოდა. არ შემეძლო, უხეშად მომეშორებინა მისი ნაზი, ცხოვრებისგან დაღლილი ხელები. ყოველი შეხებისას მისი დაკოცნა მინდებოდა... სადარბაზოში დედის განწირული ხმა ისმოდა:

- არ გაბედო! ფეხი არ გაადგა!

- მაპატიე, დედა... უნდა წავიდე... უნდა გამიშვა! - ვთქვი გულში და ჩემს ოპერატორს გავძახე:

- მანქანა დაქოქე! გავდივართ!

დათომ კითხვების გარეშე გამიღო კარი და მეც წამში შევხტი. ფანჯარა სასწრაფოდ ამოვწიე, დედის ხმა რომ არ გამეგონა.

- წავედით! დროზე! ჩქარა! - ვუყვიროდი დათოს. მანქანის მობრუნებისას სადარბაზოსთან მრისხანებით წამონთებულ და იმავდროულად, უზომოდ დარდიან დედაჩემს მოვკარი თვალი.

- არ წახვიდე! მოვკვდები, შვილო! რამე დაგემართება! - მანქანის უკანა ფანჯარას ნერვიულად ურტყამდა ხელებს.

- აღარ შემიძლია ამის მოსმენა... საშინელი შვილი ვარ! - თავი ჩავღუნე და მუხლებზე დავდე, - წადი, - აკანკალებული ხმით ვემუდარებოდი მეგობარს.

ჯერ ჩემს სახლს გავცდით... მერე უბანს... არ ვიცი, დედა რამდენ ხანს მომსდევდა... უკან არ მიმიხედავს. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. საშინლად ვგრძნობდი თავს. შიგნით, ჩემი გადაწყვეტილება მტკივნეულად მფხაჭნიდა. ალბათ, არასდროს მაპატიებდა. გამახსენდა, სახლში როგორი არაფრისმთქმელი სახით შევედი, საძინებლისკენ წავედი, სასწრაფოდ გავხსენი ჩანთა და აუცილებელი ნივთები ჩავყარე.

- რას აკეთებ? - სამზარეულოდან გამომძახა ანამ. რეცხავდა, მაგრამ ონკანი დაკეტა, პასუხი რომ მოესმინა.

- ვალაგებ.

- რას?

- ხუთი წუთიც დაიცადე და გეტყვი, - რა სულელურად ვწელავდი დროს, არც ხუთ და არც ათ წუთში მოვიკრებდი გამბედაობას. არ ვიცი, გულმა ცუდი უგრძნო თუ ჩემს ხმაში ყოყმანი იგრძნო, ხელები გაიმშრალა და ჩემთან შემოვიდა.

- მიდიხარ სადმე?

თავიდან მინდოდა, მომეტყუებინა, რომ არ ენერვიულა, მაგრამ როცა მის სიყვარულით სავსე მზერას შევხვდი და თვალწინ ჩვენმა მეგობრობამ გამირბინა, მივხვდი, ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე სჯობდა. დედაჩემი საოცარია! ვერასდროს შევძლებ მასავით ზომიერად მკაცრი, გამგები, კარგი მსმენელი და მრჩეველი ვიყო, განსაკუთრებით მისი ღიმილი მიყვარს.

- კი, დედი, მივდივარ, - ელვა შევკარი და ტანსაცმლით სავსე ზურგჩანთა მოვიკიდე.

- სად? - შემოსასვლელში გავძვერი და გარეთა სათავსში კედები ჩავტენე. უკან გამომყვა. სახე შეეცვალა.

- როგორც ვხვდები, დაქალთან დასარჩენად არ უნდა მიდიოდე...

- რატომ გგონია? - არ შემიხედავს მისთვის.

- იმიტომ, რომ დაბნეული ხარ და შფოთავ. სიყვარულით მოვხვიე ხელი.

- დამპირდი, რომ გამიგებ...

- ვეცდები, მაგრამ დაპირებამდე უნდა ვიცოდე რას გპირდები...

- არ მინდა, დარდში ღამეები გაათენო.

- მითხარი, რა ხდება?

- სამსახურიდან საზღვარგარეთ მიშვებენ ავღანეთში.

- გადაირიე?! - უეცრად ვულკანივით წამოენთო, - რამე რომ მოხდეს? ისღა მაკლია, სასაკლაოზე გაგიშვა! არსადაც არ წახვალ! - კარისკენ გაიწია, რომ გადაეკეტა, მაგრამ დავასწარი და გზა გადავუღობე.

- არაფერი მომივა, გპირდები... - გიჟივით ვეცი, გემრიელად ვაკოცე, კარი გამოვაღე და გავიქეცი.

აეროპორტის გზაზე თავისუფალი მოძრაობა იყო.

- გინდა მოვაბრუნოთ მანქანა? - მკითხა დათომ, - პროდიუსერს მე დაველაპარაკები. ვეტყვი, რომ ბოლო წუთს დარჩენა გაიძულე.

- არა, ცხელ წერტილში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი...

თავი ავწიე. ვხედავდი ცისფრის, მწვანისა და რუხის ერთმანეთში ჩაწნულ სილუეტებს. ხეები, გორაკები, ღრუბლებით დალაქავებული ცა ერთმანეთს ერწყმოდა და შთამბეჭდავ კომპოზიციას ქმნიდა. რამდენი განცდა არსებობს, რომელსაც ვერ აღვწერთ, ვერ დავხატავთ, ვერ გადმოვცემთ! გრილი ჰაერი უჩინარი მტაცებელივით მეცა. თავს გახევებულ მითურ არსებად ვგრძნობდი, რომელსაც ეჭვიანობით გაბრაზებული ქარი ჭრელ ფოთლებს უფრიალებდა. უნებურად ხელები გავშალე. ეს გაფრენას ჰგავდა. ვიცოდი, რომ უფრო მეტი შემეძლო! თავისუფლებამ მთელ სხეულში დამიარა! გამიტაცა! მაღლა! სულ მაღლა! ჰაერად, ღრუბლად ვიქეცი... ოცნებად ვიქეცი... ცად ვიქეცი... მინდოდა, დედისთვის გამეზიარებინა ეს საოცარი წამები! ყველა დედა ხომ შვილის ბედნიერებით ხარობს! ნეტავ ხელი ჩამეკიდა დედისთვის... სცოდნოდა, რომ მისმა ეგოისტმა შვილმა სამყაროში რაღაც ახალი და საოცარი აღმოაჩინა! უსასრულობას მოჰპარა თავისუფლებისფერი ბედნიერება! მკლავებგაშლილი სივრცე მთლიანად შემოიჭრა ჩემში... იმდენ რამეს დავიტევდი! კაცობრიობის ყველა ცრემლს, ვარამს, ღიმილსა და სიცილს! ტკივილსა და იმედს! ღამესა და დღეს!

- არ გადავარდე! - მეძახდა დათო.

- დედა! დედა! - მთელი გზა ვეძახდი და თან დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ესმოდა. იცოდა, რომ მიყვარდა და არ მინდოდა, მისთვის იმედი გამეცრუებინა. ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა უნდა გაგვიშვან. მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, რადგან სიყვარულს ძლიერი მიზიდულობის ძალა აქვს და ყოველთვის გვაბრუნებს საყვარელ ადამიანთან!

თათული ღვინიანიძე