"ჩემი შეყვარებული ცეკვაა" - კვირის პალიტრა

"ჩემი შეყვარებული ცეკვაა"

"თუ კარგ მოცეკვავეობაზე გაქვს პრეტენზია, ნაციონალური ცეკვის შესრულება უნდა შეგეძლოს"

დეივიდ ლევინი 21 წლის მოცეკვავეა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად "ნიჭიერში" გამოჩნდა, მოცეკვავეთა ჯგუფ "არტ პროჯექტში"."ამჯერად დეივიდი იმედის ახალ პროექტში "შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეობს.

- დეივიდ, როგორც ვიცი, ქართველი არა ხარ.

- ებრაელი ვარ. ბაბუაჩემმა დაძაბულობის პერიოდში გვარი გადაიკეთა, "ც" მიამატა, გახდა ლევინცი და თავი უკრაინელად გაასაღა. ახლა, როცა სიტუაცია შეიცვალა, ვცდილობ, ნამდვილი გვარი დავიბრუნო.

- ოჯახზე მიამბე.

- დილით ადრე გავდივარ და ღამით გვიან ვბრუნდები, ამიტომ ოჯახთან მჭიდრო კავშირი არა მაქვს, მაგრამ ოჯახის წევრები ძალიან მიყვარს. დედა ინგლისური ენის ფილოლოგია, მამა - სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. მყავს 5 წლით უფროსი და, ქრისტინე. 10 წლამდე ვჩხუბობდით, გვინდოდა, მშობლებს ერთ-ერთი ჩვენგანისთვის მეტი ყურადღება მიექცია და ვეჭვიანობდით. ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია.

- ქართველი ბიჭის კვალობაზე განსხვავებული იმიჯი გაქვს. მამა ადვილად შეეგუა შენს სტილს?

- დედაჩემს ჩემი იმიჯი "ევასებოდა", მამასთან კი თავიდან უთანხმოება მომივიდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა: ჩემს პირველ სოლო კონცერტზე არ ვიცოდი, მამაჩემი დასწრებას თუ აპირებდა. იმ დღეს სცენაზე პირველად მნახა. თავიდან ტატუებმა (ვერძი და "პინკ ფლოიდის" ნიშანი), ვარცხნილობამ და საყურემ შოკში ჩააგდო, მაგრამ ცეკვა იმდენად მოეწონა, მითხრა, ასე თუ ცეკვავდი, თავიდანვე გეთქვა და არ მექნებოდა შენს სტილზე პრობლემაო."

- ცეკვა როდის დაიწყე?

- 16 წლის ვიყავი, როცა ცეკვით დავინტერესდი. დედამ ბავშვობაში გადაღებული ვიდეო მანახა - 2 წლის ვიყავი, თავზე დადგომას და დატრიალებას რომ ვცდილობდი. ცეკვა ბრეიქინგით დავიწყე, მერე სპორტულ აკრობატიკაზე გადავერთე, საბოლოოდ კონტემპი შევარჩიე... ადრე ქართული ცეკვები არ მაინტერესებდა, ახლა ვხვდები, რომ თუ კარგ მოცეკვავეობაზე გაქვს პრეტენზია, ნაციონალური ცეკვის შესრულება უნდა შეგეძლოს.

- პროექტში, "შენ შეგიძლია ცეკვა", მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ეს პროექტი ბევრ ადამიანს ჩრდილიდან გამოიყვანს. მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ სტერეოტიპი დამენგრია, თითქოს მოცეკვავის ადგილი ბექშია. მოცეკვავეები მოძრაობებით ისტორიებს ჰყვებიან, მათ მთელი სცენის დაკავება შეუძლიათ.

- კასტინგზე, ალბათ, ძალიან ნერვიულობდი...

- შოუში როცა მონაწილეობ, შენი თავის უნდა გჯეროდეს. ვღელავდი, რამე არ შემეშალოს და თავი არასწორად არ წარმოვაჩინო-მეთქი. ჩემი იდეოლოგია ასეთია: "ან პირველი უნდა ვიყო, ან საერთოდ არ ვიყო". თბილისში პირველი შესარჩევი ტურის პირველი მონაწილე ვიყავი, ფოიეში ვისხედით, როცა ფურცლები შემოგვიტანეს. ერთ-ერთი ავიღე და ხელი ამიკანკალდა, როცა მივხვდი, კასტინგი უნდა გამეხსნა.

- რომელიმე ჟიურის წევრის შეფასების გეშინოდა?

- ზაკი გამოცდილი მოცეკვავეა, მაგრამ კონტემპი მისი პროფილი არ არის. სალომესა და ნათიასგან ველოდებოდი კომენტარებს. რა ვიცი, ცუდი არაფერი უთქვამთ.

- სად სწავლობ?

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პროფესიული არჩევანის გაკეთებისას მშობლების აზრი გავითვალისწინე. ცეკვით თავის რჩენა რთულია. პროექტში მისვლის შემდეგ მივხვდი, რომ სწავლა, დროებით მაინც, უკანა პლანზე გადაიწევს. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე 8-10 სტუდენტი დავმეგობრდით. მეორე კურსზე მივხვდით, რომ დალევას უნდა შევეშვათ და მეცადინეობა დავიწყოთ.

- კლასელებსა და მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- მეთორმეტე კლასში სკოლა შევიცვალე და ახალმა დამრიგებელმა მითხრა, შეიძლება არ სწავლობდე, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ისე კარგად გამოგდის, რომ წარმატებული იქნებიო. ახალ კლასელებს თავიდან დისკომფორტი შეექმნათ - გოგონების ყურადღება მივიქციე და, ცოტა არ იყოს, ბიჭები გაღიზიანდნენ.

- დარწმუნებული ვარ, გოგონებს აინტერესებთ, გყავს თუ არა შეყვარებული.

- ჩემი შეყვარებული ცეკვაა. თავისუფალი დრო არა მაქვს. იღვიძებ, ცეკვავ, მთელი დღე ცეკვავ, და იძინებ ცეკვაზე ფიქრით.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ფიზიკური სილამაზე წარმავალია. გოგონას თუ ხასიათით ვერ ეწყობი, არაფერს აქვს აზრი. იმისთვის, რომ ადამიანმა დამაინტერესოს, საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეს და კარგი მოსაუბრე იყოს. ასევე სასურველია, ჩემს დას მოეწონოს.

თათული ღვინიანიძე