ოცნებიდან რეალობამდე... - კვირის პალიტრა

ოცნებიდან რეალობამდე...

ზღვის ტალღები ისე ბობოქრობენ, თითქოს რაღაცას ელიან; მზის სხივები ბოლოჯერ გვაჩვენებენ თავიანთ ბრწყინვალებას...

ზღვის ხმაური ჩაგესმის ყურში, თვალები გეხუჭება, სწორედ ამ დროს მიდიხარ უსასრულო ფიქრებში... ასე ვიჯექი და ვუყურებდი მზის ჩასვლას პლაჟზე და ვტკბებოდი  ბუნებით მომადლებული მშვენიერებით. გვერდზე გოგონა მომიჯდა და მითხრა, - რა ლამაზია, არა?

გოგონა საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა...

ვგრძნობდი, რაღაც აწუხებდა. მეც პირდაპირ ვუთხარი, ძალიან ნაღვლიანი თვალები და ხმა გაქვს-მეთქი... მინდოდა მოეყოლა, რას განიცდიდა...

ის 19 წლის იყო, მისი ცხოვრება ოცნებიდან რეალობამდე, ბედნიერებიდან სიცრუემდე მხოლოდ ერთმა, არასწორმა ნაბიჯმა მიიყვანა.

"ბედნიერი ბავშვობა მქონდა'', გავიზარდე შეძლებულ ოჯახში, არაფერი მაკლდა, მაგრამ სულ იმაზე ვოცნებობდი, დამოუკიდებლად მეცხოვრა და მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. აი, მომეცა შანსი, 15 წლისამ გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. 16 წლისა კი ჩემს რჩეულს ცოლად გავყევი... ყველა მიშლიდა, ჩემს მშობლებს გული ატკინა ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ, ისე გავყევი...

ჩემი ცხოვრება გათხოვების შემდგომ, ოცნებიდან რეალობაში ორ დღეში გადაიზარდა. ჩემი თბილი, რომანტიკული შეყვარებული მალე ისტერიკულ ეჭვიან ქმრად იქცა. ერთი თვის ორსული ვიყავი, ხელი რომ დამარტყა... არაერთხელ ვცადე წამოსვლა მისი სახლიდან, მაგრამ წასასვლელიც არსად მქონდა, მშობლებთან რა პირით დავბრუნებულიყავი, არც კი მელაპარაკებოდნენ... ახლა მეორე შვილზე ვარ ორსულად, ჩემი ქმარი 2 თვეა, რაც დაიღუპა, წამლის ზედმეტი დოზა მიიღო... მე კი შევრჩი საზარელ რეალობას"...