"მის თინეიჯერი-2009" ტიტული ირინა მწარიაშვილს ერგო - კვირის პალიტრა

"მის თინეიჯერი-2009" ტიტული ირინა მწარიაშვილს ერგო

16 სექტემბერს, კლუბ "გურუში" ჟურნალ "ოსკარის" მიერ ორგანიზებული კონკურსის "მის თინეიჯერი 2009" დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

პირველი "მის"-ის ტიტული ერგო 13 წლის ირინა მწარიაშვილს, მეორე - ასევე 13 წლის მარიამ ბაქრაძეს, მესამე "მის"-ის ტიტული კი 16 წლის თეო გელაძემ მოიპოვა.

"მის თინეიჯერი 2009-ს ირინა მწარიაშვილს ტურისტულმა კომპანიამ "ჩემოდანი" საჩუქრად გადასცა ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, საიუველირო მაღაზია "დელფოსმა" კი გოგონას ბრილიანტის სამკაული უძღვნა. ირინას ასევე ელოდება კონტრაქტი სამოდელო სააგენტოსთან.

პირველმა კონკურსმა ნამდვილად გაამართლა და როგორც ჟურნალ "ოსკარის" რედაქტორი ნინო ტურაშვილი ამბობს, "ოსკარი" კონკურსს "მის თინეიჯერი" ყოველ წელს ჩაატარებს.

ნინო ტურაშვილი: - 12  წელია ჟურნალი "ოსკარი" თინეიჯერების სამსახურშია და გადავწყვიტეთ ამჯერად ჩვენი მოზარდებისთვის რაიმე ახალი და საინტერესო შეგვეთავაზებინა. ასე გაჩნდა კონკურსის "მის თინეიჯერი" იდეა. ასაკი მკაცრად განვსაზღვრეთ, -13-იდან 19-წლამდე. 200-მდე გოგონამ გამოთქვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი და ფოტოები გამოგვიგზავნეს სპეციალურ ინტერნეტმისამართზე. 200-იდან მხოლოდ 24 გოგონა შევარჩიეთ. შემდეგ გოგონები კონკურსის სპონსორმა "ნიცა დე ლუქსმა" კიდევ უფრო გაალამაზა, - მაკიაჟი და ვარცხნილობა გაუკეთა გურამ მურადოვის ფოტოსესიისთვის. კონკურსანტების ფოტოები მთელი ზაფხულის განმავლობაში იბეჭდებოდა "ოსკარში" და მკითხველს საშუალება ჰქონდა, შეეფასებინა გოგონების ფოტოები, სპეციალურ ნომერზე სმს გამოეგზავნა. ფოტოების შეფასება ასევე შეეძლოთ www.ambebi.ge-ზე.  ჩვენი თინეიჯერი მკითხველი ძალზე აქტიურობდა. ამას საიტზე განთავსებული ფოტოების დამთვალიერებელთა რაოდენობაც მეტყველებს, - თითოეული გოგონას ფოტოს დაახლოებით 3-4 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავდა. კონკურსმა გაამართლა, ამიტომ აუცილებლად ჩავატარებთ ზამთრის სეზონის "მის თინეიჯერს".

კონკურსის მონაწილეებმა დიზაინერ მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელები წარმოადგინეს, მათ სამოსზე კი მშობლებმა იზრუნეს.

"მის თინეიჯერის" გულშემატკივრებს ამხნევებდნენ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები ქეთი ორჯონიკიძე და ბექა ბროლაძე. მათ თითო-თითო სიმღერა შეასრულეს თავიანთი რეპერტუარიდან.

"კვირის პალიტრა" "ცხელ კვალზე" ესაუბრა "მის თინეიჯერი 2009"-ს ირინა მწარიაშვილს.

- როგორ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა?

- ჟურნალ "ოსკარში" წავიკითხე ინფორმაცია და ფოტოები გავგზავნე მითითებულ იმეილზე. შემდეგ რედაქციიდან დამირეკეს და  დამიბარეს ფოტოსესიაზე, სადაც ფოტოები გურამ მურადოვმა გადაგვიღო.

- რამდენი ხმა დააგროვე?

- ბოლო რეიტინგით 668 ხმა მქონდა, მეორე ადგილზე გასულ მარიამს კი - 317.

- კონკურსში მონაწილეობის დაწყების შემდეგ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- უფრო თავდაჯერებული გავხდი. ფოტოგადაღება ისედაც მიყვარდა, მაგრამ როდესაც პროფესიონალური ფოტოგრაფიის "გემო" გავიგე,  ძალიან მომეწონა.

- ეგვიპტეში ვისთან ერთად გაემგზავრები?

- ჯერ არ გადამიწყვეტია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ჩემი უფროსი და, რომელიც 21 წლის არის, და მამიდა. ალბათ, როგორც ოჯახი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევი.

- პროფესიაზე არ ფიქრობ? ალბათ, ფოტომოდელობას აპირებ.

- არა, ფოტომოდელობას არა. ტელეჟურნალისტობა მინდა. ისე, დღეს  პოდიუმზე გავლა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, მოდელი ხომ არ გავხდე-მეთქი, მაგრამ მაინც ჟურნალისტობა მირჩევნია. უფრო ინტელექტუალური პროფესიაა, მოდელობას სჯობს.

- რას ეტყოდი შენს თანატოლებს?

- გიყვარდეთ ცხოვრება. იყავით ლაღები და სულ გაიღიმეთ, ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია. მე ყოველი დღის გათენება უზომოდ მახარებს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, კლუბში დისკოთეკა გაიმართა. გოგონებს ისე გაელიათ ცეკვაში დრო, რომ კონკურსის ორგანიზატორი და "ოსკარის" რედაქტორი ნინო ტურაშვილი იძულებული გახდა, დიჯეი შინ გაესტუმრებინა, იქნებ ახლა მაინც დაიშალონ თინეიჯერებიო.