"პროფესიული ბუმი", ანუ ჩემი შვილი "დოხტური" გამოვა! - კვირის პალიტრა

"პროფესიული ბუმი", ანუ ჩემი შვილი "დოხტური" გამოვა!

საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო. ზოგი სწავლას შეუდგა, ზოგიც - უსწავლელობას. აბიტურიენტთა უმრავლესობამ მომავალ პროფესიაზე ფიქრი დაიწყო.

გადავწყვიტეთ, განვიხილოთ დღეისთვის ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტები...

არცთუ ისე შორეულ წარსულში იმდენად დიდი ბუმი იყო სამედიცინოზე, რომ ყველას ექიმი რძალი ან სიძე უნდოდა. ხშირად გაიგონებდით: "ჩემმა შვილმა ოჯახში ექიმი ქალი უნდა შემოიყვანოს'' ანდა "ჩემს შვილს ექიმზე ნაკლებ კაცს არ გავატანო". გაუთხოვრობის ან უცოლოდ დარჩენის შიშით ყველა სამედიცინოს ეტანებოდა და საძებნი ექიმი კი არა, პაციენტი რჩებოდა. თუმცა ყველას მოწოდებას ექიმობა არ წარმოადგენდა და იყვნენ "უდიპლომო სასიძოებიც"...

მოგვიანებით, საექიმო ციებ-ცხელებამ გადაიარა, მაგრამ... საქართველო რისი საქართველოა, ახალი  ''მოდა'' რომ არ შემოეღო და აი, ისიც: იურიდიული ფაკულტეტი. აქაც შეგვექმნა პრობლემები! იმდენი იურისტი გვყავს, ქვეყანას მათი მეოთხედიც არ სჭირდება! ასე დარჩნენ დიპლომიანი იურისტები უმუშევრად...

ახლა ექიმსა თუ იურისტს ბიზნესმენი ჩაენაცვლა და ატყდა ამბავი... ნიჭისა თუ უნიჭობის მიუხედავად, ყველა ბიზნესის ფაკულტეტს მიეძალა. ამის შემხედვარეს გაგიკვირდება, რატომ არის ასეთ ბედკრულ მდგომარეობაში საქართველო და მისი ეკონომიკაო, მაგრამ ისევ ნიჭის საკითხს თუ დავუბრუნდებით, ყველაფერი გასაგები ხდება...

ჩვენი მხრიდან ჟურნალისტიკასაც შევეხებით. არც ამ პროფესიას აკლია მსურველები, მაგრამ  თუ ზოგი თავს იკავებს, თავისი მომავალი ჟურნალისტიკას დაუკავშიროს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არაობიექტური მედიასივრცეა, რასაც ხშირად არასაკმარისი ანაზღაურება ერთვის...

დაბოლოს, მაინც გირჩევთ: დაფიქრდით, ღირს კი თქვენი მოწოდების ჩაკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მიერ არჩეული პროფესია მაინცდამაინც პოპულარული არ არის... ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ თქვენი მშობლები ან მეზობლები, ეს ხომ ჩვენი მომავალია...