მოამზადე სასუსნავი და ფილმს ჩაუჯექი - კვირის პალიტრა

მოამზადე სასუსნავი და ფილმს ჩაუჯექი

თინეიჯერებს ძალიან გვიყვარს გართობა. რა ვქნათ, ასაკი გვაქვს ასეთი. გასართობს კი რა დალევს. დღეს ფილმებზე ვისაუბროთ.

საკმარისია, ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზორში მოვისმინოთ რეკლამა ახალი ფილმის პრემიერაზე და მეორე დღესვე (იმავე დღეს თუ არა) გავიქცევით ბილეთების შესაძენად. ან, თუნდაც, შინ უსაქმოდ მსხდომები სიამოვნებით ვარჩევთ კომპიუტერში ჩვენი საყვარელი ჟანრის ფილმებს. გოგონებს ძირითადად სასიყვარულო მელოდრამები მოგვწონს, ბიჭებს მძაფრსიუჟეტიანი ფილმები იზიდავს. კომედიური ჟანრი კი ყველასთვის ერთნაირად მისაღებია.

თეონა (17 წლის): - ძალიან მიყვარს კინოში სიარული. ორ კვირაში ერთხელ მაინც რომ არ წავიდე, არ შემიძლია. რა ჯობია, თან ,,კოკა-კოლასა" და პოპკორნის შეექცევი, თან ფილმს დიდ ეკრანზე უყურებ. ზოგჯერ ერთი ფილმის საყურებლად ორჯერაც წავსულვარ კინოში. ძველი ფილმებიც ძალიან მომწონს. მაგალითად ,,რომაული არდადეგები'' რამდენჯერმე ვნახე. საყვარელი ჟანრი არ მაქვს. მთავარია, ფილმი იყოს კარგი.

ტატო (15 წლის): - კინოთეატრში არც ისე ხშირად დავდივარ. რაღაც მაგარი პრემიერა უნდა იყოს, რომ წავიდე. თუმცა ფილმების ყურება ძალიან მიყვარს, ძირითადად ინტერნეტით ვსარგებლობ. ყოფილა დღეები, როცა ზედიზედ 6 ფილმიც კი მინახავს...

ზოგისთვის კინოში სიარული უბრალოდ გართობის ან მეგობრებთან ჭორაობის საშუალებაა, ზოგისთვის კი ეს მთელი რიტუალია. ასეთები საგანგებოდ არჩევენ ფილმს და სეანსისთვის რამდენიმე დღით ადრე იწყებენ მზადებას.

თუკი გადაწყვიტე ფილმი გადმოწერო და შინ ნახო, არც ესაა ცუდი. კარგი ფილმის შერჩევა თუ გინდა, ბევრ რამეს უნდა მიაქციო ყურადღება: სცენარს, ცნობილ რეჟისორს, გამოჩენილ მსახიობებს, შენი განწყობის შესაფერის ჟანრს. როდესაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მოამზადე სასუსნავი, ფილმის სანახავად განეწყვე და ჩაუჯექი.