”ღიმილის ბიჭები” ომში მიდიან... - კვირის პალიტრა

”ღიმილის ბიჭები” ომში მიდიან...

რეზერვისტები: "ჩვენ გაგვწირეს!"

შესაძლებელი იყო თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება სენაკის ბაზაში და რატომ გადამალეს მაღალჩინოსნებმა საკუთარი შვილები?

"20 წლის სენაკელი ბიჭი მეხვეწებოდა, - გამაყუჩებელი გამიკეთე, მტკივაო. - ექიმი მოვა-მეთქი, ვუთხარი. მე ვერ მომისწრებსო... ასეც მოხდა..."

შარშან, 8 აგვისტოს, დღის 14 საათისთვის, სენაკის სამხედრო ბაზაში სამეგრელოს რაიონებიდან, მათ შორის ფოთიდან, 2 ათასამდე რეზერვისტი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მიიყვანეს. რა იცოდნენ მათ, თუ ომში მიდიოდნენ, არც იმაზე უფიქრიათ, ერთმანეთის თვალებში სიკვდილის შიშს თუ დაინახავდნენ.

202-ე ბატალიონის პირველ ასეულში ბავშვობის მეგობრები - ზვიადი, დათო, გიორგი, მიშიკო, ვახო და ბაჩო ერთად მსახურობდნენ.

ომის წლისთავზე ბიჭები შეიკრიბნენ და სენაკის სამხედრო ბაზაში იმ ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, რაც მოსასმენად ძალიან მძიმე გამოდგა.

დავით უჩანეიშვილი, რეზერვისტი:

- "სენაკში ჩასულებს ძეხვი და პური დაგვირიგეს და გაგვაფრთხილეს, - დაისვენეთ და ბრძანებას დაელოდეთო. ლოდინი სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვამდე გაგრძელდა. ვერ გეტყვით, რომ მანამდე ძალიან გვეშინოდა. უბრალოდ, გვეგონა, იმ სოფლებს დავიკავებდით, რომლებსაც ქართველები აიღებდნენ, მაგრამ, როდესაც ფოთის დაბომბვის ამბავი გავიგეთ და რამდენიმე წუთში სენაკის ბაზაც დაბომბეს, ვერ აღგიწერთ, რაც იქ დატრიალდა. ბიჭები შოკში ჩაცვივდნენ. ჩემი ბიძაშვილი, რომელიც მძიმედ დაიჭრა, ვერ ვიცანი... დაჭრილს ჭრილობა დავუმუშავე, გადავუხვიე და მანქანით საავადმყოფოში ისე გავგზავნე, არ ვიცოდი, თუ ჩემი ბიძაშვილი იყო. მერე მითხრეს... იგი დღემდე ძალიან მძიმედაა და მკურნალობს. იმ დღის შემდეგ სრულიად შეიცვალა, ხელს დღესაც ვერ ამოძრავებს, ფიზიკურთან ერთად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო."

გიორგი გედენიძეც სენაკის სამხედრო ბაზაში დაიჭრა:

- "სენაკში ჩასულებს გვითხრეს, გორში უნდა წაგიყვანოთო. ველოდებოდით ბრძანებას და იქვე, მინდორში ვისხედით. ყველას სხვადასხვა განცდა გვქონდა. ზოგს ეშინოდა, ზოგი მხიარულობდა და სჯეროდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. როდესაც სამხედრო ბაზა დაიბომბა, უცებ ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა. თითქოს დედამიწა ამოყირავდა, მხარში ტკივილი და სისველე ვიგრძენი. როდესაც სისხლი დავინახე, მივხვდი, რომ დავიჭერი, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჭრილობა გადავიხვიე და სხვა დაჭრილების მანქანაში მოთავსება დავიწყე. "მხატვრობა არასოდეს მნდომებია, მაგრამ იქ რაც ვნახე, მომინდა, ტილოზე გადმომეტანა და ყველასათვის მენახვებინა. სიტყვებით ამას ვერც გადმოვცემ და ვერც გაიგებთ, - გიორგი მცირე ხანს გაჩუმდა და კვლავ განაგრძო, - "საავადმყოფოში დაჭრილები "მარშრუტკებით" გადაგვყავდა. ორი გზაში მოგვიკვდა. საავადმყოფოში ვიგრძენი ჩემი უსუსურობა, ვერავის ვშველოდი, ჩემი ჭრილობა არც მახსოვდა, სხვები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ყველა დახმარებას ითხოვდა, არადა, იმ დროისათვის მხოლოდ სამი ექიმი იყო ადგილზე, დაჭრილების რაოდენობა კი მატულობდა. არასოდეს დამავიწყდება სენაკელი ბიჭის სიტყვები, გიორგი ერქვა, 20 წლის იყო, - გამაყუჩებელი გამიკეთე, მტკივაო, - მეხვეწებოდა. ექიმი მოვა-მეთქი, ვუთხარი. მე ვერ მომისწრებსო... ასეც მოხდა. დღემდე ვნანობ, რომ ვერ დავეხმარე."

...გიორგიმ ჭრილობა შინ მოსვლის შემდეგ დაიმუშავა, სენაკში არავისთვის უთქვამს, რომ დაჭრილი იყო. როგორც ამბობს, ზურგჩანთამ გადაარჩინა, რადგან ტყვია ჩანთის სახელურმა შეიკავა და ბოლომდე მხარში შესვლის საშუალება არ მისცა, მან სახელმწიფო დახმარების მიღებაზე უარი თავისი სურვილით განაცხადა, - ჩემზე მეტად სხვები დაზარალდნენო.

რეზერვისტების განცხადებით, ისინი სენაკის სამხედრო ბაზაში სრულიად უპატრონოდ იყვნენ, იყო პანიკა და უმართავი სიტუაცია...

როგორც ბიჭები ამბობენ, ერთადერთი - მაიორი ჩაგელიშვილი პატრონობდა მათ. დაჭრილები საავადმყოფოში მიჰყავდა და ცოცხლებს ტყეში თავის შეფარებას ურჩევდა.

- "ჩვენ იქ პატრონი არავინ გვყავდა. საკუთარი სახელმწიფოსაგან განწირულები ვიყავით, მინდორზე დაყრილები. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, იქ მყოფი ბიჭები, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად ომში წასასვლელად. ის რამდენიმე დღე, რომელსაც რეზერვში ვატარებდით, არაფრის მომცემი იყო, ასეთი მოუმზადებლები ომში ვერაფერს ვიზამდით. ფაქტობრივად, რეზერვისტები გაგვწირეს, იმ ომს შესწირეს ბიჭების სიცოცხლე, რომელიც ყველამ იცოდა, რომ წაგებული გვქონდა. იარაღები დაგვირიგეს, ტყვიები კი არ გვქონდა. ტყვიების გარეშე კი რა აზრი ჰქონდა, იარაღი გვექნებოდა თუ არა? ეს ომი დიდი შეცდომა იყო," - ამბობს ვახო და გვთხოვს, მისი გვარი არ დავწეროთ.

ვახოს გიორგიც ეთანხმება:

- "ჩვენ რეზერვში შესაბამის წვრთნებს არ გავდიოდით. რეზერვისტები, ძირითადად, დაბნეულობის გამო დაიღუპნენ. ბიჭებმა ისიც არ იცოდნენ, რომ სროლის დროს შენობის ახლოს არ უნდა გაჩერებულიყვნენ, რომ ფეხზე არ უნდა მდგარიყვნენ და ა.შ. როდესაც ბაზა დაბომბეს, ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა, მიწაზე დაწოლილებს ფეხს აბიჯებდნენ და გარბოდნენ. შოკში იყვნენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვაჟკაცობა აკლდათ, მომზადება აკლდათ, მაგრამ ვაჟკაცურად დაიღუპნენ."

ბაჩო გეგენავამ 8 აგვისტოს ”სირცხვილის დღე” უწოდა:

- "ძალიან მინდა, ყველაფერი ზუსტად გადმოგცეთ, მაგრამ ვერ ვახერხებ. როდესაც ბაზა დაბომბეს, დავიბენით. ყველა სხვადასხვა მხარეს გარბოდა. ჩემთან ერთად 27 წლის ბიჭი იყო, რომელსაც კონტუზია დაემართა, უაზროდ დარბოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. იმ ბიჭს დღემდე ფსიქიკა შერყეული აქვს და მკურნალობს. ყველა ნაცნობი დამეკარგა, ვერავინ ვიპოვე... ირგვლივ უცხო სახეები იყო, ვერც ტელეფონზე ვუკავშირდებოდი ვერავის. ზოგი ტყეში გარბოდა, სახე წაშლილი ჰქონდათ. ეს  მათი ბრალი არ არის. როდესაც 18 წლის ბიჭი სკოლიდან პირდაპირ ომში მიგყავს, არაფერს ასწავლი, იარაღს აძლევ და ტყვიას არა, მისგან სხვას არაფერს უნდა ელოდე."

მიშიკო ბოლქვაძე რეზერვში არავის გამოუძახებია. როდესაც მისი მეგობრები სენაკში მიჰყავდათ, ის თავისი სურვილით გაჰყვა და გორში წაყვანის ბრძანებას მათთან ერთად ელოდა:

- "ყველანი გორში წასასვლელად ვემზადებოდით, მაგრამ ბოლომდე არ გვქონდა გაცნობიერებული, რა გველოდა. დაახლოებით თორმეტი საათისათვის სენაკის სამხედრო ბაზა დაბომბეს. ბომბი ჩამოვარდა და მიწა შეირყა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ. თითქოს გავქვავდი... ყველაფერი რომ მიწყნარდა, თვალი გავახილე. ირგვლივ სიბნელე იყო. მაშინ მეგონა, დავბრმავდი, რამდენიმეჯერ დავახამხამე თვალები, კვლავ ვერაფერს ვხედავდი. წამოვდექი, სახეზე ხელი მოვისვი და მივხვდი, ჩაფხუტი მქონდა ჩამოფარებული. კარგა ხანს შოკში ვიყავი."

ჩვენს კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, ერთხმად გვიპასუხეს: - "ჩვენ გაგვწირეს..."

საუბრის დასასრულს, ყველამ აღიარა, თავის დროზე რეზერვში მეტი სიმკაცრე და შესაბამისი დონის წვრთნები რომ ყოფილიყო, ომს თუ ვერ მოვიგებდით, რომელიც დაწყებისთანავე წაგებული გვქონდა, იმ ბიჭების სიცოცხლეს მაინც შევინარჩუნებდით, რომლებიც დავკარგეთო.

კობა სამურკასოვი, ასეულის მეთაური, ლეიტენანტი:

- რეზერვი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ არა ამ ფორმით. ძალიან ბევრი ჯარში ნამყოფი არ იყო და ჯარისკაცურად ნაცხოვრები. მათ ძალიან კარგი სპეციალისტები უკითხავდნენ ლექციებს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ვარაუდობენ, რომ რადარის დაბომბვა უნდოდათ, - შეცდომა იყო რეზერვისტების რადარის ახლოს განლაგება. თუმცა, ვერც იმას იტყვი, სხვაგან არ ჩამოყრიდნენ ბომბებს რუსებიო. ყაზარმებისთვის რომ დაერტყათ, კაციშვილი ვერ გადარჩებოდა. რადარსაც ააცილეს. რადარიდან დაახლოებით 100-200 მეტრში ჩამოვარდა ბომბი.

ალიკა აბშილავა, რეზერვისტი:

- ”ჩვენ რამდენიმე დღის მოსტუმრებული გვქონდა რეზერვი, რომ ისევ გამოგვიძახეს.  როცა ჩავედით, ადგილი უკვე აღარ იყო და ყაზარმებიდან მოშორებით, ასაფრენ ბილიკთან გაგვიყვანეს. ნაწილი მიკროავტობუსში, ნაწილი - მიწაზე იჯდა, ზოგიც იდგა. ველოდებოდით ბრძანებას. ბიჭები გულდაწყვეტილები ამბობდნენ, - სხვა დროს ქალაქის მერის შვილები რეზერვში ჩვენთან ერთად იყვნენ და ახლა არც ერთი მათგანი აქ არ ჭაჭანებსო.

ფოთი რომ დაიბომბა, რამდენიმე წუთში ჩვენ შორიახლოს, ასაფრენი ბილიკის გვერდზე ჩამოვარდა ბომბი. ორმა ბიჭმა "მარშრუტკიდან" გამოსვლა ვერ მოასწრო. დაიღუპნენ. ბაზიდან უფროსობიდან არავინ გაქცეულა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეთაური ჩაგელიშვილი ბოლომდე ჩვენთან იყო და გვამხნევებდა. დაბომბვისას სამი ბიჭი იქვე, არხში ჩაყარა, ზემოდან გადაეფარა და, ფაქტობრივად, გადაარჩინა. მერე გავიგეთ, ის კაცი მოუხსნიათ და დაუჭერიათ კიდეც. არადა, გმირობის მაგალითს იძლეოდა, ყველას მისი იმედი გვქონდა. ვაზიანისა და გორის ბაზა რომ დაიბომბებოდა, უფროსობას უნდა გაეთვალისწინებინა და ჩვენ იქიდან გავეყვანეთ.

მახსოვს, ტყე-ტყე გამოგვიყვანეს. გზაში საზარელი სურათი ვნახეთ: ბიჭი ჩაცუცქულიყო, დაჭრილი არ იყო, თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული და ისე მომკვდარიყო... ეტყობა, გული გაუსკდა. ძალიან პატარა იყო, ალბათ, 18 წლისა...”

გია მასხულია, ერთ-ერთი რეზერვისტის მამა:

- იმ საღამოს ჩემი ერთი შვილი სენაკში იყო, მეორე - ფოთის პორტში. ორივე რამდენიმეწუთიანი ინტერვალით დაიბომბა. საშინელი განცდა მქონდა, არ ვიცოდი, რა მეფიქრა. შვილები, ზოგიერთებივით, არ გადამიმალავს. როცა რეზერვისტები ფოთიდან გაჰყავდათ, ასეთ ამბავს შევესწარი, - ერთი ქალი უკიოდა ქალაქის მერს, ვანო საღინაძეს, ჩემს ერთადერთ შვილს რომ მაშვებინებ ასეთ უბედურებაში, შენი შვილები სად არიანო. მერმა მიუგო, - ჩემი შვილი უკვე სენაკშია და ბიჭებს ელოდებაო. თუმცა, მისი შვილები იქ არავის უნახავს, ზუსტად ვიცი, ქობულეთში ჰყავდა გადამალული(!).

ირაკლი გურგენიძე (ექიმი), რეზერვისტი:

- ”პატარა ბიჭები, რომლებიც სულ ერთხელ, ან სულაც პირველად იყვნენ რეზერვში, სრულიად მოუმზადებლები გახლდნენ როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად. უმრავლესობას გაცნობიერებული არ ჰქონდა ის საშინელება, რაც ხდებოდა, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ზოგიერთები მეტისმეტადაც მხიარულობდნენ - წასვლისას ავტობუსში არაყი ამოზიდეს და სმა გააჩაღეს. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ. დიდი უბედურება კი ის იყო, რომ ბაზაში, რომლის მშენებლობაც 500 მილიონი დაჯდა, არ არსებობდა განგაშის სიგნალი, რომელიც რადარის მიერ დაფიქსირებული მფრინავი ობიექტის აღმოჩენის მერე ჩაირთვებოდა და იქ მყოფთ საფრთხეს აცნობებდა. ეს რომ ყოფილიყო, მსხვერპლს თავიდან ავიცილებდით.

ბადრი ნაცვლიშვილი, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი:

- იმ დროს შვებულებაში ვიყავი. ბახმაროში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. ჩემს ვაჟს რეზერვისტთა პროგრამაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა. პრეზიდენტმა რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა, მან დაბრუნება გადაწყვიტა. მთელი ოჯახი ერთად დავბრუნდით შვიდ აგვისტოს. იმავე საღამოს მეგობრებთან ერთად ჩემი შვილი სენაკის სამხედრო ბაზაში წავიდა. სატელეფონო კავშირი გვქონდა, - იარაღის დარიგებას იწყებენო. ველოდი ზარს, თუ სად და როდის გადაიყვანდნენ. სულ რამდენიმე წუთში პორტი დაიბომბა. მალე გავიგე, რომ სენაკის სამხედრო ბაზაც დაბომბეს. ჩემს შვილთან დაკავშირებას ვეღარ ვახერხებდი... საავადმყოფოში წავედი.

- რა ხდებოდა ამ დროს საავადმყოფოში?

- ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ ჩემი კოლეგები, ვისაც რითი შეეძლო, რადგან რაიმე ტრანსპორტის შოვნა ქალაქში შეუძლებელი იყო. საავადმყოფოს ეზო თვალის დახამხამებაში ხალხით გაივსო, ყველა ვიღაცას ეძებდა. სამედიცინო განათლების მქონე თუ არმქონე ადამიანები დახმარებას გვთავაზობდნენ. მოყვანისთანავე დაიწყო პაციენტების გადარჩევა მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. ხდებოდა პირველი, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. მთელი ქალაქი ფეხზე იდგა.

- მახსოვს კადრები, ექიმებს ყველა ჯერ თავისი ახლობლის დახმარებას სთხოვდა. ეს ალბათ კიდევ უფრო ძაბავდა ვითარებას.

- ძნელია, ადამიანს გააგებინო, რომ ვიღაცას მისი ოჯახის წევრზე უფრო სჭირდება დახმარება. ვითარება უმძიმესი იყო. 35 შემოყვანილიდან ექვსი უკვე გარდაცვლილიყო, იყვნენ საშინლად დასახიჩრებულებიც. ჩემმა რამდენიმე კოლეგამ დაუფიქრებლად დაიწყო დაფლეთილი გვამების შეძლებისდაგვარად გაპატიოსნება. ახლობლებისთვის, ალბათ, საშინელება იქნებოდა მათი თავდაპირველ მდგომარეობაში ნახვა.

- როგორია, იბრძოლო სხვისი სიცოცხლისთვის, როცა არ იცი, სად და როგორ არიან შენი ახლობლები, იქნებ იმ მომენტში მათაც სჭირდებოდათ დახმარება?

- რთულია, მაგრამ შენს იმედად მყოფ ავადმყოფს ვერ ეტყვი, ახლა პრობლემები მაქვს ან მეშინიაო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა დაბომბვა განახლებულიყო, მაგრამ საოპერაციო მაგიდასთან ამაზე ვერ იფიქრებ. მეორე დილამდე არ ვიცოდი, სად იყო ჩემი შვილი, არც ის - გადარჩა თუ არა. სასწაული ის იყო, რომ ჩემი ვაჟის გადარჩენის ამბავი საფრანგეთში მცხოვრებმა ახლობელმა გამაგებინა. მან ტელეფონით გამოძებნა ნაცნობი სენაკის ბაზაში და გაიგო, რომ პანიკაში მყოფი ბავშვები სადღაც ჭაობში იმალებოდნენ. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი იქ არ უნდა გამეშვა. არც ქალაქიდან გამიპარებია და გადამიმალავს ზოგიერთი ხელმძღვანელი პირის მსგავსად. ეს იყო ჩვენი ბრძოლა - რეზერვისტი იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ექიმებს ჩვენი ბრძოლა საავადმყოფოში გვქონდა.

ქრისტინე ქაჯაია, ნინო თუნთია

გაზეთი "თავისუფალი სიტყვა"