სისტემა უნდა დაინგრეს! - კვირის პალიტრა

სისტემა უნდა დაინგრეს!

ეს სიმღერის სათაური არაა. ჭიათურაში მუშები გაიფიცნენ. საქართველომ 70 წელი კომუნიზმში იცხოვრა და მეც კი მახსოვს ღრმა ბავშვობიდან ჩალექილი იდიოტური და შინაარსდაცლილი ფრაზები, მაგალითად "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით". საკამათო მოსაზრებას ვიტყვი, მაგრამ რამდენადაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისს ვუყურებ, ბოლშევიზმი თავად საქართველოში არ ყოფილა მაინც და მაინც პოპულარული. ალბათ ამიტომ გახდა საჭირო ილიას მოკვლა და მერე წითელი არმიით შემოჭრა.

"თერგდალეულებმა" მშვენიერი საფუძველი შექმნეს იმისთვის, რომ ებრძოლათ ექსპლუატირებული მასებისთვის, იქნებოდნენ ეს მუშები თუ გლეხები, ანუ ის მასა, რომლის გაბრაზებაც ედო საფუძვლად ბოლშევიზმის მთელ სისასტიკეს. ოღონდ ეს ბრძოლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცლილი იყო ერთგვარი იდეოლოგიზმებისგან. ილიას პუბლიცისტურ წერილებს თუ გადავხედავთ, ის ერთნაირად აკრიტიკებდა ბოლშევიზმსაც და ლიბერალიზმსაც. ამავდროულად, აქტიურად უპირისპირდებოდა წინა თაობის ლტოლვას პრივილეგიებისკენ და რჩება შთაბეჭდილება, რომ ილიას იდეოლოგია, ამ უკანასკნელზე უარის თქმა იყო.

ვაჟა იჯდა და წერდა წერილს როგორ შეიძლება იყოს "კოსმოპოლიტიზმი პატრიოტიზმი". ამ ადამიანების მამოძრავებელი ძალა იყო სიყვარული და არა იდეოლოგია. სოლიდარობა და არა საკუთარი ინტელექტით თვითკმაყოფილება. ისინი იყვნენ იდეოლოგები და ამავდროულად მზად იყვნენ დაპირისპირებოდნენ ნებისმიერ იდეოლოგიას, როდესაც იგი ადამიანურ სახეს დაკარგავდა.

კომუნისტები აქ უფრო ინტელექტზე პრეტენზიის მქონე ტიპები იყვნენ. ეხლაც მრავლად არიან ასეთები, ინტელექტზე პრეტენზია ხშირად იწვევს საკუთარი სინდისის ხმის ჩახშობას. ეს სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგრამ მთავარი ნიშანი სისასტიკის გამართლებაა ხალხის კეთილდღეობის მომიზეზებით. მაგალითად აწ უკვე წინა ხელისუფლების ერთ-ერთ იდეოლოგს თუ ჰკითხავთ, "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ იმ რეგიონებში მოიგო, სადაც ეკლესიის გავლენა ძალიან მაღალია, რატომღაც კი ამ კაცს გამორჩა რომ "ქართულმა ოცნებამ" ამავდროულად ყველა დიდ ქალაქში მოიგო. მერე ბენდუქიძემაც აფრქვია მარგალიტები და გამოგვიცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების მხოლოდ ერთი დიდი გზა არსებობს მცირე გადახვევებით. მოკლედ ე.წ. "ჭკვიანებად" მონათლულებმა ისტერიულად დაიწყეს სისულელეების ლაპარაკი. ამასობაში კი პირველად ამდენი ხნის განმავლობაში გაიფიცნენ მუშები და უცბად ნათელი გახდა, რომ დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შრომობენ ძალიან ბევრს, ჩუმად და ხმისამოუღებლად და ამ შრომაში უხდიან ძალიან ცოტას და თან თურმე ნუ იტყვით და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებშიც ამუშავებენ. წესით საზოგადოებას, რომელიც ძალადობაზე აგებულ სისტემას მკვეთრად დაუპირისპირდა, უნდა ჰქონოდა ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობის განცდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალადობა არაა მხოლოდ თავში ჩარტყმა, მოკვლა ან ქონების წართმევა. არც არასათანადო მოპყრობა არ ნიშნავს მხოლოდ პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ადამიანი შეიძლება ციხეში არ იჯდეს და ციხედ უქციო გარესამყარო. მონობაც არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგი. მონობაა, როცა ადამიანს ამუშავებ ბევრს და უხდი იმდენს, რამდენიც მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის ყოფნის. მონათმფლობელებიც ასე იქცეოდნენ მრავალი საუკუნის წინ - მონებს საჭმელს აძლევდნენ, რათა მათ ეარსებათ და ისევ და ისევ მათთვის ემუშავათ.

მთავარი სახელი კი არა დამოკიდებულებაა. რითი განსხვავდება ჭიათურის მანგანუმის მენეჯმენტი მონათმფლობელების დამოკიდებულებისგან? ისინი უამრავ ადამიანს ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევენ საკუთარ ქვეყანაში, მონებად აქცევენ 21-ე საუკუნეში. ადამიანის უფლებები ცარიელ ფარატინა ფურცლად დარჩება მანამ, სანამ თითოეული ჩვენგანი არ შეიგნებს რომ უზენაესი კანონი ადამიანის ადამიანურობაა. და რამდენად იმსახურებს ჩვენი საზოგადოება არაძალადობრივ სისტემას? ამ დღეებში ჭიათურაში არ გამოჩენილან პოლიტიკოსები, არც ის "ინტელიგენცია", ჩარეცხილებად რომ მოიხსენიეს და ამდენი წელია, ეს ფრაზა ვერ მოუნელებიათ. მათ ხომ არასოდეს ადარდებთ სხვისი ბედი და ყოველთვის საკუთარ პრივილეგიებს მისტირიან.

"ოცნებამ" გაიმარჯვა, პრივილეგიების დაბრუნება ახლოსაა, ჩარეცხილობა ჩამორეცხილია და მერე რა, თუ ჭიათურაში მუშები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ, მერე რა, თუ ისინი იბრძვიან. ერთადერთი, ვინც ამ დღეებში ჭიათურაში ჩავიდა "ლაბორატორია 1918"-ის წევრები არიან. დიახ ეს ბავშვები ისევ უმცირესობაში არიან და ისინი ისევ მარტო არიან, სამწუხაროდ ამ საზოგადოებაში მხოლოდ ამ მცირე ნაწილს აქვს სოლიდარობის განცდა. დანარჩენები ისევ მშვიდად სხედან და ფიქრობენ, რომ სოლიდარობა სულაც არაა საჭირო, ბიძინა შეცვლის შრომის კოდექსს და ჩვენ ტრაკის გატოკება არ მოგვიწევს.

ჰოდა გეუბნებით: სანამ ესეა, ძალადობის სისტემა არსებობს. მნიშვნელობა არ აქვს მემარჯვენე ხარ, თუ მემარცხენე, ცენტრისტი, თუ საერთოდ არ აღაირებ არც ერთ პოლიტიკურ იდეოლოგიას, ჯერ ადამიანი ხარ. დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, შრომის კოდექსში რა ჩაიწერება, რადგან არანაირი ნორმა არ იმუშავებს, თუ საზოგადოებას არ ექნება სოლიდარობის განცდა, თუ ადამიანი არ მიხვდება რომ მთავარი კანონი მისი ადამიანობაა.

ადამიანობა კი არ არსებობს სხვისი ტკივილის და გაჭირვების გაზიარების, თანაგრძნობისა და სოლიდარობის განცდის გარეშე.