ისტ-იზმ-იანი
ისტ-იზმ-იანი
სულ რამდენიმე დღის წინ ჰოსტელში ვესტუმრე ჩემ მეგობარს. არა უცხოელი კი არ არის, უბრალოდ იქ მუშაობს. ჰოდა მე დავითა და მახო ავედით. მერე ურჩუხაც მოვიდა და ერთ ავსტრიელთან ერთად ლუდი მოვწრუპეთ. იმ ავსტრიელს გაგიკვირდებათ და ცუდი სიმთვრალე აღმოაჩნდა. აქამდე მეგონა რომ ეს ქართველების ექსკლუზივი იყო. ნუ ავსტრიელის ცუდი სიმთვრალე არ გაიშვა, ერთი-ორი უკონტექსტოდ წამოიღრიალა, ჰოდა ამაზე გრუზინი გამეხსნა და შევუღრინე და წავიდა დასაძინებლად. მაგრამ ავსტრიელზე უცნაური იყო ირანელი მუჰამედ ალი.
ნუ დავინტერესდით რა თქმა უნდა რატომ ერქვა მოკრივის სახელი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მუჰამედი და ალი მისი ორი ბაბუის სახელები ყოფილა და მოკლედ მოკრივის ფანობა კი გამოუვიდა მამამისს მუჰამედ ალი რომ დაარქვა ბავშვს. ეს ალი კიდე მაგარი უცნაური ტიპი აღმოჩნდა, არც ღვინოს სვავდა, არც ლუდს, არც
ყავას, არც ხორცს ჭამს თურმე და არც სიგარეტს ეწევა. თავიდან ისლამისტური ამბები მეგონა, მაგრამ მერე ჯანმრთელობაზე იმხელა რეჩი მოცხო მივხვდი ისლამი მაინც და მაინც არაფერ შუაში იყო იმის აკვიატებებთან. ალიმ თქვა საქართველოში იმიტომ ჩამოვედი რომ აქ დემოკრატიააო. თავიდან სომხეთში ყოფილა, მაგრამ იქ არაა დემოკრატიაო და ამიტომ მე დემოკრატიულ ქვეყანაში მინდა ცხოვრებაო და აქ ჩამოვედიო. აუ ოღონდ ეს არ ეთქვა, მახომ დედა შვილო, შე საწყალო რა დღეში ყოფილხარ იმ შენ ირანში რომ აქ დემოკრატია მოგჩვენებიაო. მე რა თქმა უნდა მახოს გადავხედე და ვუთხარი გეყოს მახოიე ეგ ბიძინისტობა ხეირს არაფერს დაგაყრის-მეთქი. იმან რა თქმა უნდა შუაშისტი მეძახა, ვის ეუბნები ბიჭო მე სოციალ-დემოკრატი ვარო. მოკლედ მერე ურჩუხამ დიდხანს ისაუბრა დისკურსებიდან ამოხტომის აუცილებლობაზე, ალიმ კი მოთმინებით აგვიხსნა რომ არადემოკრატიულ ქვეყანაში facebook-ში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე სალანძღავ სიტყვებს ვერ მიაწერ. ვერც აქციებს მოაწყობ და ასე წარმოიდგინეთ საკუთარ ჭკვაზე ვერც დაწერ, ვერც იმღერებ და ვერც წაიკითხავ თურმე. არადა რა გვჭირს ეხლა ჩვენ ქართველებს ირანელის ასახსნელი, დიქტატურაზე იქით წავიკითხავთ ლექციებს, მაგრამ ა, მოკლე პოლიტიკური მეხსიერება გვაქვს. მოკლე მეხსიერება კიდე ცუდი რამეა. ალიმ გვითხრა არა, კარგიაო რომ დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხს ითხოვთო, მაგრამო დემოკრატია ნამდვილად გაქვთო თქვენო. ამან მახო და ურჩუხა ხანგრძლივ დებატში გადაჩეხა, რომელშიც რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ ჩავერთე, რადგან მახო ურჩუხასთვის მტკიცების ისეთ მუღამში იყო, სიტყვა ვერსად ჩავაკერე, ჰოდა მე და დავითა ასაწყობი გიტარით დაკვრის მცდელობაში გავერთეთ. ბედიც ხო გინდა მშვენიერი გიტარა იყო, მაგრამ სიმები ისეთ დღეში იყო ვერაფრით ავაწყეთ. ან სიმები ან გრიფი, მაგრამ მგონი მაინც უფრო სიმები. ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო.
მამარდაშვილი თავის ლექციების ციკლში `საუბრები ფილოსოფიაზე” ერთ ადგილას იდეოლოგიაზე ამბობს, რომ ის, ანუ იდეოლოგია, თავისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე აღწევს წერტილს, სადაც მისი ეფექტი განიზომება არა იმით თუ რას დაგვაჯერებს, არამედ იმით თუ რისი გაფიქრების საშუალებას არ მოგვცემს. იდეოლოგია სულაც არაა საშიში ბუა, თუმცა მისი ფუნქცია ნამდვილად არაა შემეცნება. როცა ამ პრობლემაზე ჩემ სტუდენტებს ველაპარაკებოდი მახსოვს ასეთი რამ ვუთხარი შემეცნების აუცილებელი პირობა დაეჭვებაა, დაეჭვებიდან ადამიანი სვამს კითხვებს და რაც უფრო მეტია თავისუფალი კითხვა, მით მეტია შანსი მოხდეს შემეცნება და ვისწავლოთ რაღაც ახალი. ერთი კარგი წიგნი მქონდა ენდრიუ ჰეივუდის `პოლიტიკური იდეოლოგიები”. ეს წიგნი ერთ მეგობარ მხატვარს ვათხოვე, რომელიც პოლიტიკით ფრიად დაინტერესებული იყო. სახელოსნოში შეხვედრებს აწყობდა ხოლმე და მერე ერთ-ერთმა სტუდენტს როგორც ჩანს ტუალეტში ეს `პოლიტიკური იდეოლოგიები” შემოეხა. მოკლედ ჰეივუდი ამ წიგნში ამბობდა რომ იდეოლოგია არის ბადე, რომელშიც გარემომცველი სამყარო იფილტრება. სხვანაირად რომ ვთქვათ იდეოლოგია გვიცავს ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადებისგან, რაც გარესამყაროდან ჩვენკენ მოედინება. მისი საშუალებით უსასრულო სამყარო სასრული ხდება. მაგრამ ეს იდეოლოგიის ისეთ ნორმალურ სახეებს ეხება, როგორიცაა ჩამოყალიბებული მემარცხენე, მემარჯვენე თუ ცენტრისტული იდეოლოგიები. ცალკე ამბავია იდეოლოგია როცა მითოლოგიზდება და ვიღებთ არა იდეათა კონსტრუქციას, რომელიც ცდილობს თავისი პოზიცია დაგვაჯეროს, არამედ მისი ერთადერთი ამოცანა ხდება არ გვაფიქრებინოს რაღაც. ეს მაშინ ხდება როცა საზოგადოება პოლიტიკურ ფიგურების გმირებად და ანტიგმირებად დაყოფას იწყებს. გმირს მიეწერება ყველაფერი კარგი, ანტიგმირს კი ყველაფერი ცუდი. სწორედ აზროვნების ასეთმა დარღვეულმა სტრუქტურამ წარმოშვა ტერმინი შუაშისტი. მითოლოგიზირებული იდეოლოგია მხოლოდ მომხრე-მოწინააღმდეგის დისკურსს აღიარებს. მისთვის წარმოუდგენელია აზრის არსებობა ამის მიღმა. თუკი პოლიტიკური ფიგურა აბსოლუტი კარგია, შეუძლებელია მას ჰქონდეს რამე ცუდი, ისევე როგორც თუ კი ის აბსოლუტი ცუდია, შეუძლებელია ჰქონდეს რამე კარგი. რეალურად კი შეუძლებელია არსებობდეს პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება იყოს აბსოლუტი კარგი. ჩვენ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა და იცვლება, ბოლოსდაბოლოს ისიც კი მოხერხდა რომ არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ აზროვნების ეს წესი და პოლიტიკურ ფიგურათა მითოლოგიზაცია არ შეცვლილა. დარწმუნებული ვარ ამ სტატიის კითხვის დროსაც ბევრი პირველ რიგში იმის ამოკითხვას შეეცდება ვისი მომხრე ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება შეაფასოს ის რასაც ვამბობ. ასეთ იდეოლოგიზებულ ადამიანს არ შეუძლია შეფასება აზრის დადებითს და უარყოფითს მიკუთვნების გარეშე. ასეთი ადამიანისთვის არსებობს მხოლოდ მისი პოზიცია, საწინააღმდეგო პოზიცია და ნეიტრალური პოზიცია, რომელიც აუცილებლად მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხავს წყალს. ამიტომ ამ ადამიანებმა მოიგონეს ტერმინი `შუაშისტი”, რომელიც სწორედ ამ მდგომარეობას ასახავს, სადაც კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია, ხოლო შემეცნება წარმოუდგენელი. ასე ცხოვრება რბილად რომ ვთქვათ მოსაწყენია, მაგრამ ძნელია ადამიანები ამაში დაარწმუნო.
nnnnn
05 თებერვალი 2013 20:44
ეს ის შემთხვევაა რომ გეთანხმებით. ძალიან საინტერესო იქნება თუ როდოდან დაიწყო მითოლოგიზებული აზროვნება ჩვენს საზოგადოებაში?? ხომ არ არის ეს კომუნისტური წარსულის გამო, თუ ასე იყო მანამდეც?
Prodeje
18 იანვარი 2013 18:14
ვერ გაიგებთ მაინც დაანებეთ თავი :D
naniko
20 დეკემბერი 2012 15:10
დავიწყე თუ არა კითხვა, მაშინვე კომენტარის გაკეთება მომინდა, თუმცა Zviadi-ს დაუსწრია. ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას, რა უბედურებაა, ჯერ ქართული ისწავლეთ და მერე წერა... საერთოდ, ეს სენი ძალიან მოდებულია: "სვავდა","ასხავს" და ა.შ. ისე გავცეცხლდი, დანარჩენი აღარც წამიკითხავს.

თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა