აბა დამიჭირე - კვირის პალიტრა

აბა დამიჭირე

ალბათ ყველას კარგად ახსოვს ცნობილი მულტსერეიალის სათაური, თუმცა სამწუხაროდ მასზე ლაპარაკს არ ვაპირებ. საერთოდ დაჭერის თემა აქტუალურია და მულტფილმს რომ თავი დავანებოთ, ბავშვობიდან შეგვიძლია ”გრაფი მონტე-კრისტოს” სახეც გამოვიხმოთ.

ანდა სტივენ სპილბერგის მშვენიერი სურათი გავიხსენოთ Catch me if you can, რომ ჰქვია. მოკლედ დაჭერა საკმაოდ აქტუალური თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში. გვახარია ალბათ რამე უფრო რთულსა და მხოლოდ მისთვის ნაცნობსაც გაიხსენებდა, თუმცა უღრმესი პატივისცემით შევნიშნავ, რომ კინოში ჩემი ცოდნა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის დიდი დიაპაზონით. ის რაზეც მინდა ვისაუბრო, ცდება კონკრეტული ავტორის ფანტაზიას და გამოგონილ ამბავს. ეს თანამედროვე საქართველოა თავისი ყოველდღიურობით და თითქმის ბანალურობამდე მისული ამბებით. დაიჭირეს ბაჩო, დათო, გიგი, აჩო, რა ვიცი ბევრი ვინმე კიდევ. გაახმაურეს მოწმეთა ჩვენებები და საზოგადოების დიდ ნაწილს გულიც მოფხანეს, ახალმა უმცირესობამ კი ეს აწ უკვე ციხეს მყოფი ყოფილი ჩინოვნიკები, ლამის წამებულ გმირებად მონათლა და მზადაა მათ უფლებებს ერთგული ძაღლივით უდარაჯოს.

ნუ ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ასევე გულმოდგინედ რომ ედარაჯათ უმრავლესობაში ყოფნისას რიგითი ადამიანების უფლებებისთვის, ალბათ დღეს კიდევ სხვა სურათი გვექნებოდა. თუმცა ამასაც დავანებოთ თავი. ეს ხომ ისედაც ცხადია. დაჭერების თემას რომ მივუბრუნდეთ, გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ, არა და არ ქნა, არ უზრუნველყო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ეს კი უბედურება იმითაცაა რომ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე, ყოველთვის აჩენდა და დღემდე აჩენს კითხვის ნიშნებს. ამ გაგებით მე იმდენად შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავეობა არ მაეჭვებდეს, რამდენადაც იმ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარიხი, რომელიც მათ ასამართლებს. ნებისმიერი სისტემა ადამიანებისგან შედგება. სასამართლო სისტემაც რაღა თქმა უნდა არაა გამონაკლისი და მე ვსვავ კითხვას: თუ კი გუშინ მოსამართლე ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას, იგივე მოსამართლე დღეს პრინციპული გახდა? მონა ერთ დღეში გარდაიქმნა თავისუფალ ადამიანად?  ეს ხომ აბსურდული გულუბრყვილობაა. მაშინ მე კვლავ ვსვავ კითხვას: სადაა იმის გარანტია რომ ისინი ახლაც პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებენ? ანდა გამომძიებელი, რომელიც ხელმძღვანელობის მითითებით საქმეებს კერდა და უდანაშაულო ადამიანებს წირავდა ციხისთვის, დღეს აღარ შეკერს თუ მიუთითებენ? თუ აქ ლოგიკა ისაა, რომ ბიძინა მითიური გმირია, რომელიც “ამას არ იკადრებს”, მაშინ ეს იგივე პათოსია, რაც ახლდა ვარდების რევოლუციის პირველ, ეიფორიულ პერიოდს.

ბიძინა იქნებ ჯობს კიდეც მიშას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის “ამას არ იკადრებს”. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. ყოველდღიურად უამრავი საჩივარი იწერება, უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და რეალურად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. არ შეცვლილან არც ისინი და არც მოსამართლეები, რომლებმაც მათი სასამართლო პროცესები წარმართეს. ასეთი ლოგიკით შეიძლება ნებისმიერი მართლა დამნაშავეც რეაბილიტირებული აღმოჩნდეს. ახლა ნებისმიერმა ნაძირალამ შეიძლება თავი წამებულად შემოგვასაღოს. როგორ გავარჩიოთ სიმართლე? ადამიანების გასამართლება არ შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით.

სწორედ ასეთი ბრმა ნდობის შედეგად აღმოჩნდა ბევრი ადამიანი ვარდების რევოლუციის შემდეგ ციხეში. ხელისუფლების ცვლილებისას ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება დაგვაჯერონ რომ დამნაშავე იყო, მაგრამ სად არის მოსამართლე, რომელსაც შემიძლია ვენდო, რომელიც პრინციპულია და ურჩევია მოკვდეს, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანი გაუშვას ციხეში? გეგულებათ ასეთი მოსამართლე? ესენი ხომ ისინი არიან რომელთა უპრინციპობის და მონური მორჩილების გამო დღეს რთულია გავიგოთ ვინ იყო მართლა დამნაშავე და ვინ დაისაჯა პოლიტიკური ნიშნით? ახლა საზოგადოება ისევ იმ მდგომარეობაშია როცა პოლიტიკოსს სიტყვაზე უნდა ენდოს, უნდა ენდოს რომ ის ზემოქმედებას არ მოახდენს პროცესზე, მაგრამ გონიერმა ადამიანმა შეუძლებელია ეს დაიჯეროს. ამ სასამართლო პროცესებზე და ამ ხალხის ამავე სასამართლო შემადგენლობებით სასწრაფო გასამართლებაზე მნიშვნელოვანია სასამართლოს გაჯანსაღება.

უმთავრესია ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვას იმ პრინციპებსა და მუშაობის მეთოდებზე, რაც წინა ხელისუფლების მთავარ შეცდომად მოიაზრება.  აუცილებელია უზრუნველვყოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება თითოეული ადამიანისთვის, იქნება ის ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსანი, თუ რიგითი მოქალაქე, ეს კი შეუძლებელია სასამართლოს ძველი შემადგენლობით. ვინც არ უნდა იყოს განსასჯელი, დაუშვებელია მისი გასამართლება საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით. ამის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, რომლის წინააღმდეგაც უმრავლესობას დაარწმუნებენ რომ დამნაშავეა და სასჯელს იმსახურებს და ამ შემთხვევაში მოსამართლე კვლავ სხვისი ნების ბრმა შემსრულებელი იქნება და მეტი არაფერი. თუ ქართველ ხალხს სურს სამართლიანობის დამკვიდრება, მან პირველ რიგში არ უნდა მიიღოს მოსამართლის ვინმეზე დამოკიდებულობა და მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინმე ვინ იქნება. თუ გვსურს შევცვალოთ სისტემა, უნდა გავემიჯნოთ ძველ პრინციპებს და დამოკიდებულებებს და არა პერსონალიებს. ბოლოს კი ჩარკვიანის ერთი სიმღერით მინდა დავამთავრო: “...და მერე თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს, ისევ გაცვავენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს, ისევ ჩაგსვავენ იქ, სადაც სვავენ ამ ბნელ ხალხს...”