ენობანა - კვირის პალიტრა

ენობანა

რაც არ უნდა უცნაური იყოს ენა ცოცხალია. ამდენად მიუხედავად მასში მყარი გრამატკული - მორფოლოგიური და სინტაქსური კონსტრუქციებისა, იგი საშუალებას იძლევა განიცადოს ცვლილებები, შეცვალოს თავისი შინაგანი წესრიგი და ამით მუდმივად განახლებადი გახდეს. კაცობრიობამ მკვდარი ენებიც იცის. მკვდარს კი იმიტომ ეძახიან რომ ამ ენებზე აღარავინ მეტყველებს. იგი სამუზეუმო ექსპონატივით უტყვი და გაყინულია და მათთან ურთიერთობის ბედნიერებაც მხოლოდ მცირედთა ხვედრია. მაგრამ ეს მკვდარი ენებიც არაა უსარგებლო. საკუთრივ ენათმეცნიერების გარდა, მკვდარი ენებით მეცნიერები სარგებლობენ. უფრო სწორად მეცნიერები ლათინურით სარგებლობენ. რატომ მაინცდამაინც ლათინურით, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უფრო ზოგადად თუ შევხედავთ, საკითხავია საერთოდ რატომ გადაწყვიტეს მკვდარი ენით სარგებლობა? კითხვაზე პასუხი მარტივია: მეცნიერება ყოველთვის ზუსტ მეტყველებას მოითხოვს, ამდენად მისთვის მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული სიტყვა თუ იდიომა, მკაცრად განსაზღვრულ შინაარსს ასახავდეს და არ მოხდეს გაუგებრობა მათი ინტერპრეტაციისას. ცოცხალი ენა ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა. ის მუდმივად იცვლება. იცვლება როგორც ყოფით დონეზე, ასევე ლიტერატურულადაც. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც დაზუსტებასაც კი არ მოითხოვს. კარგი მწერალი ვერ იქნები, თუ საკუთარი სამეტყველო ენა არ გაქვს. კარგი კი არა საშუალოც ვერ იქნები ამის გარეშე. საბჭოთა სკოლა ამას არ აღიარებდა. ტოტალიტარიზმისთვის ეს დიდი საფრთხის შემცველი იყო, რადგან თუ კი მწერალს საშუალებას მივცემთ თავისი სამეტყველო ენა შექმნას, მაშინ ხელიდან დაგვისხლტება მის მერ მოწვდილი შინაარსების ცალსახად გაგების შესაძლებლობა და დავკარგავთ კონტროლს. ამიტომ შეიქმნა კლიშე, რომ მწერალი ფილოლოგზე და ენათმეცნიერზე თავგამოდებული დამცველი უნდა იყოს ენის გრამატიკული წესრიგისა. ეს დამოკიდებულება, უტოვებს რა მხოლოდ პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ ფუნქციას, კლავს ლიტერატურას, როგორც ხელოვნებას და ასევე კლავს ენას, რამდენადაც არ აძლევს ექსპერიმენტებით გამდიდრების საშუალებას. სკოლებში დღესაც ვაჟა-ფშაველას ლიტერატურულ ენაზე ბავშვებს ეუბნებიან რომ ეს არის ფშავური კილო-კავი, რაც წმინდა წყლის სიცრუეა, თუმცა ეს ტყუილი სწორედ იმის გამო დამკვიდრდა, რომ არ ეღიარებინათ ოფიციალურად ნებადართულ ლიტერატურაში ენობრივი ექსპერიმენტის დაშვება. ის გასაღდა ხალხურ ენად და ხალხოსნური იდეოლოგიის ჩარჩოებში მოექცა. ის რომ ავტორს უფლება აქვს ენა თავისუფლად მოიხმაროს, მარტო ჯოისის "ულისეს" მაგალითითაც შეიძლება დავინახოთ და ვირწმუნოთ. მეთოთხმეტე, ე.წ "მზის ხარების" ეპიზოდში, ჯოისმა მისი ყოველი აბზაცი ინგლისური სალიტერატურო ენის სხვადასხვა ეტაპის მიხედვით ააგო, რამაც ოცდათორმეტი მწერალი მოიცვა. ნიკო ყიასაშვილის მიერ შესრულებულ ამ გენიალური წიგნის ქართულ თარგმანში ეს ადგილი ქართული სალიტერატურო ენების გამოყენებით ითარგმნა.

ვაღიარებ რომ მე ხშირად განზრახ და მიზანმიმართულად ვარღვევ წინადადებების წყობას, ხშირად ვიყენებ იმ გრამატიკულ შეცდომებს, რომლებიც ხალხში ფართოდაა გავრცელებული და დამკვიდრებულია ყოფით სამეტყველო ენაში. რამეთუ ჰაზრნი ჩემნი წინა აღუდგებიან ყოველსა ზღუარსა დაზღუარებულსა, უკუეთუ სჯული იგი არა ჯერ არს გაგებად თქმულისა მის ჩემისა. და ესევითარსა საქმეთა ჩემთა სიტყუათა მიმართ ქმნულსა, არა ეგების განკითხვად ძმათა ჩემთაგან, რამეთუ არა ჯერ არს განკითხვად ძმისა შენისა, უკუეთუ არა ძალგიძს შეცნობად მისისა გულისთქუმათა - ასე წერის უფლებაც შეიძლება მისცე საკუთარ თავს. უფრო მეტიც, ტოლკინს "ბეჭდების მბრძანებელზე" მუშაობისას, რამდენიმე არარსებული ენაც "შემოეწერა", მაგალითად ელფური. ავტორს სრული უფლება აქვს გამოიყენოს ყოფით ენაში გავრცელებული სიტყვა "ვსვავ", ნაცვლად გრამატიკულად სწორი ფორმისა - "ვსვამ". მოკლედ, წერა არ არსებობს ენობრივი ექსპერიმენტების, მასთან ხანდახან საკმაოდ სახიფათო თამაშის გარეშე. უფრო მეტიც, ლიტერატურა შეიძლება მხოლოდ ენასთან თამაშშიც კი დაიბადოს. მაგალითად შემიძლია ზაზა ბურჭულაძის "მინერალური ჯაზი" მოვიხმო, რომელიც მთლიანად ენასთან გათამაშების შედეგია. ყოველ შემთხვევაში ეს ტექსტი სწორედ ასეთ გემოს ტოვებს. ანდა შეგვიძლია ფოლკნერი გავიხსენოთ თავისი საღეჭი რეზინივით გაწელილი წინადადებებით, ხანდახან რამდენიმე გვერდზე რომ იჭიმება და წერტილს ისე გაძებნინებს, როგორც უდაბნოში, თაკარა მზის ქვეშ მარტოდ შთენილ, მოწყურებულ მგზავრს, რომელსაც მირაჟიდან მირაჟამდე იმედი თუ ასაზრდოებს, თუმცა არ კი უწყის რამდენი ტანჯვა დარჩენია გასავლელი წინ, სანამ სანატრელ ოაზისს მიაღწევდეს და ხანდახან გიჩნდება შეგრძნება რომ ფოლკნერისთვის წერტილი სწორედ ასეთი ოაზისია, აზრიდან აზრამდე სულისმოსათქმელად რომ ჭირდება მხოლოდ. მოკლედ, წერა მწერლისთვის სწორედ ენასთან ასეთი გათამაშების გამოცაა სასიამოვნო.

ამ ბლოგს სავარაუდოდ საერთოდ არ დავწერდი, რომ არ ყოფილიყო მკითხველის მიერ ჩემი გრამატიკული "ხდომილებებისადმი" მკვეთრად გამოხატული კრიტიკული დამოკიდებულება. ამავდროულად რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში დავესწარი ლიტერატურის ლექციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში აკადემიურ სივრცეშიც კი ცოტას თუ აქვს წარმოდგენა რა არის ლიტერატურა.

ენა და ლიტერატურა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ სხვადასხვა რამეა. ერთის ცოდნა, ავტომატურად არ გულისხმობს მეორის ცოდნას. სამწუხაროდ ფილოლოგების უმრავლესობა ამას ვერ ხვდება. ქართულის კარგი მასწავლებელი, სულაც არ ნიშნავს რომ კარგი რედაქტორი იქნება მხატვრული ტექსტისთვის. ისევე როგორც კარგი მწერალი, არ ნიშნავს რომ ქართული ენის კარგი მასწავლებელი იქნება. ლიტერატურის მთელი კაიფი, მისი უნარია შეცვალოს ენობრივი ნორმები და მოგვცეს ინტერპრეტაციის საშუალება, არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც. უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, მწერლისთვის სიტყვა იგივეა, რაც მშენებლისთვის აგური. თუ მინდა დავამტვრევ და კონსტრუქციას ნამსხვრევებისგან ავაწყობ, თუ მინდა ბლოკებად გავაერთიანებ, ან პირიქით ბლოკებად მოცემულს დავშლი, ადგილებს შევუცვლი, წარმოვიდგენ რომ კუბებია და როგორც ბავშვობაში, უბრალოდ ვითამაშებ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მწერალი თავისი სამყაროს შემოქმედია, შემოქმედი კი მის მიერ შექმნილი სამყაროს ღმერთია და აბა ვის რად უნდა ღმერთი, თუ კი ის ყოვლისშემძლე არ არის?! ვიცი ეხლა ბევრი იმასაც იტყვის ბლოგი ხომ ლიტერატურა არ არისო. არც შენ ხარ მწერალიო. კი ბატონო, მე ერთი უბრალო ამბების გამომგონებელი კაცი ვარ. მახსოვს ერთ გადაცემაში ახალგაზრდა პროზაიკოსიო ჩემზე რომ თქვეს სირცხვილისგან გავწითლდი, მაგრამ თუ ავტორი მოინდომებს ბლოგიც შეიძლება იგივე ენობრივი გართობის საშუალებად იქცეს. ბოლოსდაბოლოს აკა მორჩილაძე "სარბიელის" საგაზეთო სვეტებიდან დაიბადა, ეს სტატიები ეხლა წიგნად გამოდის. ლიტერატურას საზღვრები არ აქვს. ბლოგიც შეიძლება ლიტერატურად იქცეს თუ ავტორი მოინდომებს. მერწმუნეთ, ზღვარს თუ გამივლებთ, მას აუცილებლად გადავაბიჯებ.