მიშელ მაღალი და ბიძინ მდაბალი - კვირის პალიტრა

მიშელ მაღალი და ბიძინ მდაბალი

პორტალი ტორესლენდში #1

კეთილი იყოს თქვენი თვალი ჩემს სამყაროში. ტორესლენდი, საქართველოსი არ იყოს, პატარა ქვეყანაა. ალბათ, ბევრ საერთოსაც აღმოაჩენთ და რაღა დასამალია, წინასწარვე გაგიმხელთ, რომ მოქმედი პირებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თავს უცხოდ არ იგრძნობთ, რადგან აქ ბევრ ნაცნობ სახეს წააწყდებით. თუმცა, მართალი არ ვიქნები, თუ ორიოდ სიტყვას განსხვავებებზეც არ გეტყვით. საქართველოსგან განსხვავებით, ტორესლენდი დემოკრატიული ქვეყანაა და ევროპული ღირებულებებიც ჩვენი მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ მომხდარა, მაგრამ ჩვენი გამოცდილების გააზრება დაგვეხმარა იმ სირთულეების დაძლევაში, რაც მიზნის მიღწევაში ხელს გვიშლიდა. სიამოვნებით გაგიმხელთ ჩვენი წარმატების საფუძვლებს, ვინძლო თქვენც გამოიყენოთ.

გაგიკვირდებათ და ტორესლენდში პოლიტიკოსებს არ ენდობიან, მეტიც, მოქალაქეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი მკვდარი პოლიტიკოსია, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. ტორესლენდში”"ისტები" და "იზმები"”არ გვიყვარს. თუ ადამიანი რომელიმე პოლიტიკოსის მხარდამჭერია, მის სიტყვას ყოველთვის უნდობლად ვუყურებთ, რადგან არ გვავიწყდება, რომ ხშირად ყველაზე ჭკვიანი და ინტელექტუალური ადამიანიც კი სისულელეებს ამბობს, რათა თავისი ლიდერის სულელური საქციელი გაამართლოს. ჰო, ასეთია ტორესლენდი. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ მოქალაქე არ არის რომელიმე თანამდებობის პირის მსახური, არამედ უმაღლესი პოლიტიკური ფიგურაც კი მოქალაქის ყურმოჭრილი ყმა და მსახურია. ამიტომ ქალაქის მერმაც და პრემიერ-მინისტრმაც იციან, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი ხელქვეითების უფროსები არიან და იყო ქვეყნის პირველი პირი, არ ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის პერსონალური უფროსი ხარ. უფრო პირიქითაა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა, მანამდე ბევრი რამ გადაგვხდა თავს.

პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბჭოთა კავშირისგან ინსტიტუციური გათავისუფლება იყო. ასე მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ უნდა გვემართა ქვეყანა. ნაციონალიზმზე აგებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მალე აღმოჩნდა პოლიტიკური კირიზისის წინაშე, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამას მოჰყვა ორი ფართომასშტაბიანი ომი ქვეყნის ორ დიდ რეგიონში, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ხელს უწყობდა. ამ ომების შედეგად ტორესლენდმა ეს ტერიტორიები დიდი ხნით დაკარგა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენც გვყვავს ერთი ჩრდილოელი მეზობელი, დღენიადაგ ჩვენ გადაყლაპვაზე რომ ოცნებობს, ორასი წელი ვყავდით დამონებული და ამის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დიდხანს ვფიქრობდით, რომ ჩვენი პრობლემების გადაჭრის გასაღები სწორედ მისი გულის მოგებაში მდგომარეობდა. თუმცა, ტორესლენდელებს ქართველებისგან განსხვავებით ისტორიის მწარე გაკვეთილები უფრო გვაინტერესებს, ვიდრე წარსული დიდებით ტკბობა. ესეც იმიტომ, რომ ვიცით, ისტორია ქვეყნის კოლექტიური მეხსიერებაა და აუცილებელია, კარგად ვიცოდეთ ჩვენი შეცდომები, რათა ისინი კიდევ და კიდევ არ გავიმეოროთ. ჩემს მეზობლად ერთი გაკოტრებული, გალოთებული კაცი ცხოვრობდა.

40 წლის რომ იყო, მაშინ გაკოტრდა და იმ წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ იმ პერიოდს იხსენებდა, როცა მდიდარი და წარმატებული იყო. მერე, რამდენჯერაც ახალი ცხოვრების წამოწყება სცადა, იმდენჯერ ხელი მოეცარა, რადგან სულ ერთი და იმავე შეცდომას უშვებდა, სანამ არ ჩაიქნია ხელი და არ დანებდა წარუმატებლობას, თუმცა, მაშინაც კი ვერ მოიშალა წარსული დიდებით ტრაბახი, რაც მსმენელის სიბრალულს კი არა, სიცილს იწვევდა. სწორედ ისტორიისადმი სწორმა დამოკიდებულებამ მიგვახვედრა, რომ ნებისმიერი კომპრომისი უაზროა იმასთან, ვისაც მიზნად შენი განადგურება დაუსახავს. ეს არ ნიშნავს ვინმესგან მტრის ხატის შექმნას, ეს რეალობისთვის თვალის გასწორებაა და ეს მანამ უნდა გახსოვდეს, სანამ მოწინააღმდეგე თავის თავში არ დაუშვებს შენი არსებობის უფლებას და არ აღიარებს შენი ინტერესების ლეგიტიმურობას. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა.

ტორესლენდი ნელა ვითარდებოდა. ხალხიც ყველა ახალ პოლიტიკურ ლიდერს ბრმა შემართებით მისდევდა. ასე გაჩნდა ჩვენს სინამდვილეში მიშელ მაღალი, რომელმაც ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოიპოვა ძალაუფლება.

მმართველობის დასაწყისში მას მოქალაქეთა 90%-ზე მეტი უცხადებდა ნდობას. მიშელ მაღალმა მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო, - დაამარცხა მყარად ფესვგამდგარი კორუფცია, გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიყვანა გზები, ააშენა შენობები, ჩაატარა პოლიციის რეფორმა, გააუმჯობესა კრიმინოგენული მდგომარეობა და ხალხსაც იმედი ჩაესახა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც მოტყუებული დარჩა, რადგან ამ უპირობო ნდობამ ქვეყანაში ერთპარტიული და თითქმის უალტერნატივო მმართველობა ჩამოაყალიბა. შესაბამისად, ამუშავდა კანონი, რომლის თანახმადაც, ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურდ რყვნის და ხალხსაც ნელ-ნელა უსამართლობის მძაფრი განცდა დაეუფლა. მიშელ მაღალს კი თავიდანვე აღმოაჩნდა "მაღალი" ინტერესები და თავისი სიმაღლეებიდან სულ უფრო ცუდად ხედავდა მოსახლეობის პრობლემებს. მიუხედავად მიშელ მაღალის ძალაუფლების უსაზღვრო სიყვარულისა, იმ რეალობაში იძულებული შეიქნა, ეღიარებინა დემოკრატიული ფასეულობები. მისი ძალაუფლების კონსტიტუციური ვადები იწურებოდა და ამ დროს გამოჩნდა კაცი ვინმე ბიზნესმენი, ბიძინ მდაბალი. მან ხალხს თავი იმით დაამახსოვრა, რომ წლების განმავლობაში ეხმარებოდა კულტურის მოღვაწეებს, აფინანსებდა ეკლესიების მშენებლობას და სხვა მსხვილ პროექტებს, ოღონდ ტელეკამერების წინ არ პოზირებდა და მისი სიკეთის შესახებ მითებიც სულ უფრო იზრდებოდა. ჰოდა, ბიძინ მდაბალი ერთ დღესაც მთელი სისრულით წარდგა ტელეკამერების წინ და მოსახლეობას ამცნო, რომ აპირებდა მიშელ მაღლის ერთპიროვნული მმართველობის შეცვლას.

ტორესლენდელებს მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ არსებობენ კარგი პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ სამოთხის მსგავს მდგომარეობაში ცხოვრება, ბიძინ მდაბალს კი ტორესლენდელების ამ მცდარი შეხედულების გარდა, ზურგს უმაგრებდა რვამილიარდიანი კაპიტალი (რაც ტორესლენდის მაშინდელ ბიუჯეტს უტოლდებოდა) და მითი მისი უსაზღვრო სიკეთისა და კეთილშობილების შესახებ. ამის მიუხედავად, მიშელ მაღალი ის კაცი არ იყო, იოლად დაეთმო ასე საყვარელი ძალაუფლება და დაიწყო წინასაარჩევნო შიზოფრენია, რომელიც გამოიხატა ხალხის ორ ნაწილად გაყოფაში. ნაწილისთვის ბიძინ მდაბალი იყო უნაკლო და აბსოლუტურად კეთილი, მიშელ მაღალი კი ნაკლოვანი და ასოლუტურად ბოროტი. მეორე ნაწილისთვის კი პირიქით, - ბიძინ მდაბალი იყო ყოველივე ბოროტის სათავე, მიშელ მაღალი კი ყოველივე კეთილის. დღეს ტორესლენდში ასეთი რამ სასაცილოდაც არ ჰყოფნით, რადგან კარგად იციან, რომ კარგი პოლიტიკოსები არ არსებობენ და არჩევანს ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის ვაკეთებთ. ვინც იტყვის, რომ ეს არასწორია, რადგან ისტორიას ახსოვს მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა ან თუნდაც ვაცლავ ჰაველი, ტორესლენდში უპასუხებენ, რომ ყოველ ათ წელიწადში ასპარეზზე ასიათასობით პოლიტიკოსი გამოდის და მათ შორის გამონაკლისიც არსებობს. ზოგადად კი, პოლიტიკოსთა უმრავლესობა ან საერთოდ ვერ ამახსოვრებს თავს ისტორიას, ან ცუდად ამახსოვრებს. სწორედ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გახდა ტორესლენდში ძირეული გარდატეხის დასაწყისი და წარმატების საფუძველი, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მომავალი შეხვედრისას მოგითხრობთ.

"ტორესა"