აქ ისევ ის ცირკია - კვირის პალიტრა

აქ ისევ ის ცირკია

მოკლედ ბევრი ვეჭიდავე ჩემ თავს რომ რაღაც თემებს არ შევხებოდი, მაგრამ არ გამოვიდა და რა ვქნა. ცხადი ჭეშმარიტებები, წესით ყველა რომ უნდა ხედავდეს და არც დიდ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებდეს, ჯერ კიდევ გაუთავისებელია ჩვენთვის. ჰოდა ტორესასაც რაღა დარჩენია, გვერდს ვერ აუვლის და ჩვეულ სტილში, სათქმელი უნდა თქვას. პირველ რიგში გილოცავთ 2013 წელს. უბრალო ფორმალობის ამბავია თორემ რა, ერთი კალენდარი მეორით შეიცვალა, მგონი სულ ესაა. ყოველ შემთხვევაში ახალ წელს რაიმე გარდამტეხი სიახლე არ მოუტანია და ეს ალბათ არცაა გასაკვირი. "აქ ისევ ის ცირკია, არადა ბავშვობიდან ვერ ვიტან ცირკს"... (ფრაზა ფილმიდან "ფორმულა 51", ამ ბოლო დროს ზედმეტად გადავეკიდე). მოკლედ ახალ წელს ნამდვილად არ მოჰყოლია ასე ყბადაღებული კოჰაბიტაცია და შესაბამისად, წინასაარჩევნოდ დაწყებული მასობრივი სიგიჟე ნაკლები დუღილით მაგრამ სტბილურად და განუხრელად, სწორხაზოვნად, გრძელდება. დდნ. გუშინ მთელი დღე გათიშული იყო ელექტრობა. მეც ბუხართან ვიჯექი და ჯოისს ვუკირკიტებდი. ჰო ჯოისი ეგეთი ვინმეა, უნდა უკირკიტო, ესე მარტივად ჩაჯდე და წაიკითხო, არ გამოდის. ჯაზივითაა. პასაჟები მიდის. არის მომენტები როცა ხვდები რომ ეს აბზაცი უბრალოდ უნდა წაიკითხო და არც უნდა სცადო გაგება. მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ერთი დღით მოვწყდი რეალობას და ბავშვობაში გადავინაცვლე. რა კარგია ბავშვობა. სხვათაშორის მე მივხვდი რომ ჩემი ბავშვობა ელექტროენერგიის უქონლობასთან პირდაპირ და განუხრელადაა დაკავშირებული. ისე რაღაც შორეული მოგონებასავითაა, ელექტრობა თუ გაითიშა მთელი სისრულით, შეგრძნებების დონეზე მოდის და რაღაც გაცილებით უფრო რეალურია. ნუ ბავშვობა კარგია, თუმცა მამარდაშვილს თუ დავესეხებით, რომელიც თავის მხრივ კიდევ ვიღაც ძალიან ჭკვიანს დაესესხა, და გამორიცხული არაა ის ვიღაცაც დასესხებოდა ვინმეს, ზრდასრულობა მაშინ დგება, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყაროს მასთან მიმართებაში, რაიმე წინასწარი განწყობა არ აქვს. ოოოოოო ეს რა ვთქვი, ეს როგორ წამომცდა. აბა რა გამოდის ჩვენი საზოგადოება ვერ გაიზარდა? ო, ძალიან გთხოვთ, ჩემი ბრალი არ არის. ნუ დამადანაშაულებთ. ეს ხომ მამარდაშვილის ლექციებიდან ამოვიკითხე, იმანაც სადღაც ამოიკითხა, მოკლედ ჩემი ბრალი სულაც არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ თუ თქვენ გჯერათ რომ იბერია აუცილებლად და უპირობოდ გაბრწყინდება, ვინაიდან ის ღვთისმშობლის წილხვედრია, ანდა რომელიმე პოლიტიკოსი უპირობოდ, თქვენი ძალისხმევის გარეშე გააუმჯობესებს თქვენ ყოფას, მომიტევეთ, მაგრამ გაუზრდელი ყოფილხართ. გაუზრდელი არა ამ სიტყვის ზრდილობასთან შეჯვარების თვალსაზრისით, არამედ მამარდაშვილისეული ზრდასრულობის განმარტებით. რა ვქნა მე მამარდაშვილის, მთლად ბრმად არა, მაგრამ მჯერა.

მოკლედ მე კარგად მახსოვს მიშას ჰყავდა თავისი, ფეისბუქურ ჟარგონს თუ ვიხმართ და "გამპრავებლები". იცით როგორები? აი მაგალითად ციხის კადრები რომ ნახეს, მათი პირველი რეაქცია იყო ცოცხი ანუსში როგორ შეეტეოდა, უეჭველი დადგმულია, ბიძინა უჩალიჩებს ჩვენ საყვარელ და უსათნოეს მიშიკოსო. თან არ გეგონოთ რომ ეს ხალხი გონებაჩლუნგია, ან ინტელექტი არ ჰყოფნის. სულაც არა, პირიქით, ძალიან, ზედმიწევნით განათლებული ხალხია, მაგრამ ვინ თქვა რომ განათლებულობა კეთილსინდისიერებასაც ნიშნავს? არ მახსოვს ზუსტად და თუ არ ვცდები კოტე ყუბანეიშვილმა თქვა ასეთი რამ: "ცოდნა იარაღია და თუ ეს იარაღი არაკეთილმოსურნე კაცს ჩაუვარდა ხელში, მტრისასო". მართლაც ასეა. საშინელებაა როცა განათლებული კაცი საკუთარ განათლებას ათასობით ადამიანის მოსატყუებლად იყენებს. ერის სიბნელე გაცილებით იოლად სამკურნალოა, ვიდრე ასეთი განათლებული ადამიანების გაკეთილშობილება. მოკლედ სახელებზე და გვარებზე თქვენ დაკონკრეტდით, დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდებათ. მე, ისევე როგორც ბევრმა ჩემნაირმა ადამიანმა წლების განმავლობაში რომ აკვირდებოდა სისტემის ძალადობრივ გამოვლინებებს, ჩავთვალე, რომ ხმა ალტერნატიული პოლიტიკური ძალისთვის უნდა მიმეცა. თუმცა არც ერთი წუთით არ მიფიქრია რომ ესენი იმათზე მაინცდამაინც უკეთესები იყვნენ. არა არა ნწუ. უბრალოდ შანსი სხვა პოლიტიკურ ძალასაც უნდა მიეცეს, იმისათვის რომ ბოლომდე გამოვავლინოთ თავი. თუ ბოლოსდაბოლოს დარწმუნდება ხალხი რომ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალიდან, ძირითად თემებში არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე, შეიძლება აქედან ბოლოსდაბოლოს ის დაკვნაც გავაკეთოთ რომ ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხმას ვაძლევთ, ძლიერი სამოქალაქო მათრახით უნდა დავიმორჩილოთ. სხვა გზა არ არის. აქედან იქნებ ზრდასრულობამდეც მივიდეთ. მოკლედ "ულისეში" დანთქმული დღის შემდეგ, პირველი რაც გავიგე იყო ის რომ 16 წლის ნიჭიერი ჯაზმენი ბიჭი ბექა გოჩიაშვილი, ჩვენ სასახელო პოლიციაში დაუბარებიათ და კარგად, გემრიელად, ტრადიციულ მამა-პაპურად "გაუპრესიათ". ნუ ბავშვმა სტრესი მიიღო, ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზეო და არიქა, აღშფოთდა საზოგადოება. ოპააა, აი სად გავიჭედეთ. უყურეთ ეხლა რა ხდება. ის ყოფილი "გამპრავებლები" აღშფოთების ნაცვლად რომ მარჩიელობდნენ ცოცხი ანუსში შეეტეოდა თუ არა, სასწრაფოდ აღშფოთდნენ და აქცია გამართეს. მეორე ნაწილი, მათ შორის ჩემი რამდენიმე მეგობარიც, "სისტემა უნდა დაინგრესო" აქტიურად რომ გაჰყვიროდნენ, აღშფოთდა, მაგრამ საპროტექსტო აქცია კი არ მოეწონათ. აბა ქარუმიძეზე რატომ არ ამოიღეთ ხმა პოლიციის შენობაში რომ მოკლესო, ამიტომაც არ წამოვალთ ეხლა და თქვენ გვერდით არ დავდგებით ამის გასაპროტესტებლადო. ამასობაში კი თვალს და ხელს შუა გამოჩნდნენ აწ უკვე ახალი "გამპრავებლებიც". მაგალითად შორენა შავერდაშვილი, რომელმაც ასეთი რამ დაწერა: "მე ვიცი რომ ეს ძალიან ნიჭიერი ბიჭი რურუას პატრონაჟით მოხვდა ამერიკაში და სამინისტროს მართლა დიდი წვლილი მიუძღვის მისი მუსიკალური კარიერის გაკვალვაში. არ არის გამორიცხული ბექა ვალს აბრუნებდეს". ო ლა ლააა, აი "გაპრავების" მთავარი პრინციპი. რეალობა ის კი არ არის რასაც ხედავთ, არამედ სადღაც, ჩრდილში რაღაც შეთქმულება იგეგმება ხალხო. ბიძინა ცუდი ბიჭი არ არის, ბიძინას მიშა უჩალიჩებს. სხვათა შორის ასე თავგამოდებით ამტკიცებდნენ თავის დროზე რომ საგანგებო მდგომარეობა, იმედში შეჭრა, აქციის გადამეტებული ძალით დაშლა ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ. მიშას ხალხო, ჩვენ საყვარელ მიშას, პუტინი უჩალიჩებს პატარკაციშვილის ხელითო. ლოგიკა იგივეა. ჩვენ იმას კი არ ვხედავთ რასაც ვხედავთ, არამედ რასაც ვხედავთ არის ფიქცია, რომლის უკანაც არის რეალობა, რომელსაც ვერ ვხედავთ და ამიტომ უნდა გავჩუმდეთ, ენები ჩავიკმიდოთ და უმსგავსობაზე არ უნდა გვქონდეს რეაქცია. სად არის პრობლემა?

პრობლემა ისევ იქ არის სადაც იყო, ესაა პოლიტიკოსების საფიცარ ხატად ქცევა, მათზე მინდობა და მათი კეთილსინდისიერებით თავის დაიმედება, რასაც ემატება საზოგადოების სნობიზმი და სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე ან მე ვიტყოდი თითქმის არ არსებობა. მშვენიერი აჯაფსანდალია, ვერაფერს იტყვი კაცი. მოკლედ ბიძინისტები, ამ რეპრესიული მანქანის შექმნას მიშას აბრალებენ. ჰა ჰა ჰა, მოკლე მეხსიერების ნათელი მაგალითი. ეს რეპრესიული მანქანა, მემკვიდრეობით მიიღო მიშამ, ის საბჭოთა კავშირის პროდუქტია, მიშამ ცოტა მოდერნიზება გაუკეთა. ძალადობაზე აგებული სისტემა მიშას ნამდვილად არ შეუქმნია, ეს სისტემა მან მემკვიდრეობით მიიღო და რაც ყველაზე მთავარია მაშინ როცა მან ეს სისტემა მიიღო, ის გამართულად კი არა, თითქმის არ მუშაობდა. მაგალითად ბექას ვერ ემახსოვრება, რომ მაშინ, როცა მე 16 წლის ვიყავი, მილიციის შენობაში მოხვედრა ნიშნავდა ძვლებში დამტვრევას, ტვინის შერყევას და მოკლედ უპირობო ფიზიკურ ძალადობას, სხვათა შორის არც ხელკეტებით გაუპატიურება ყოფილა მიშას მოგონილი. ეს ყველაფერი არსებობდა და არანაკლები სისასტიკით არსებობდა. ბექას ეპატიება რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ვერ აიტანა, მაგრამ აი ათი წლით უფროსებს და კიდევ უფრო უფროსებს კი ნამდვილად არ უნდა გაჰკვირვებოდათ ეს ამბავი. საკუთარი მეხსიერება კარგად რომ მოეჩხრიკათ, აღმოაჩენდნენ რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან დიდი ხანია ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ჩვენ გათავისებული გვქონდა რომ ეს ასეც უნდა იყოს, ეს ასეც უნდა ხდებოდეს და სანამ საკუთარი თვალით არ ვნახეთ ამ სისასტიკის ამაზრზენი სახე, მანამდე ვერ გავაცნობიერეთ თუ რაოდენ საშინელება იყო ეს ყველაფერი. მიშამ არასწორი არჩევანი გააკეთა, მან ეს ძალადობრივი სისტემა გამართა, დააფინანსა და თავისი ძალაუფლება მას დააყრდნო, ნაცვლად იმისა, რომ ეს სისტემა ბოლომდე განეკურნა. მას ჰქონდა ეს არჩევანი. ესაა მისი დანაშაული. ამჯერად რა ხდება? ამჯერად ის ხდება რომ ეს რეპრესიული, ძალადობაზე აგებული და დაფუძნებული სისტემა, მიშამ უბრალოდ ახალ მემკვიდრეს გადასცა, რომელიც თავის მხრივ ახალი ენთუზიაზმით შეუდგა ამ სისტემის გამოყენებას და დაიწყო არა სისტემის ძალადობისგან განკურნების, არამედ საკუთარ თავზე მორგების პროცესი. თქვენა და უკაცრავად დრო ხომ არ არის სწორად შევაფასოთ პროცესები? მოდი რა, რატომ გვიჭირს ამის თქმა, რომ ჩვენთვის არავინ იქნება, თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენი თავისთვის. იქნებ არსებობს საკითხები, როცა შეიძლება რომ ყველა ერთად დავდგეთ. მერე რა თუ გუშინ ვიღაცეები ძალადობას აპრავებდნენ, დღეს ჩვენ უნდა გავაპრავოთ? მოარული ფრაზა - "ჩვენი დრო მოვიდა" - ვიღაცეებისთვის იქნებ იმას ნიშნავს რომ ახლა მისი კაბინეტში ჯდომის დრო მოვიდა და ახლა ისინი უნდა იდგნენ ქუჩაში ვინც გუშინ კაბინეტში იჯდა და დიახაც ეს ბუნებრივი და სამართლიანია? არა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ არა ბოროტების მოქმედ პიროვნებას, არამედ თავად ბოროტებას. ბოლოსდაბოლოს რითი ჯობს "გამპრავებელი" შავერდაშვილი, "გამპრავებელ" ჩერგოლეიშვილს? შეიძლება 16-18 წლის ახალგაზრდებს არ ახსოვთ, მაგრამ ისეთი დროც იყო როცა თეა თუთბერიძეზე ცხელი და აქტიური ადამიანის უფლებების დამცველი საქართველოში ძნელად მოიძებნებოდა. ნახეთ რა დაემართა? აღმოჩნდა რომ ბოროტებას კი არა პიროვნებებს ემიჯნებოდა, ამიტომ მერე თვითონ აღმოჩნდა იმ ბოროტების შემოქმედთა დამცველი, რომლის წინააღმდეგ გუშინ ილაშქრებდა. ამიტომ მოდით ყველამ ვთქვათ უარი "გამპრავებლობაზე" და ვთქვათ რომ გასაპროტესტებელი უნდა გაპროტესტდეს და დასაგმობი უნდა დაიგმოს და ძალიანაც კარგი თუ ამაში განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ხალხი ერთად იქნება. ერთპარტიული ჰეგემონიაა ცუდი, თორემ სოლიდარობა ძალიან კარგი რამეა. უფრო მეტიც ძალადობრივ სისტემას ერთადერთი რამ ანგრევს, ესაა სოლიდარობა. და ბოლოს არ შემიძლია არ ვთქვა, ნუ ვფხიზლდებით მხოლოდ მაშინ როცა ძალადობის მსხვერპლი მაინც და მაინც ნიჭიერი ბავშვი ხდება. ნებისმიერ ძალადობაზე, ყოველთვის და ყველგან უნდა გვქონდეს რეაქცია. როცა ნიჭიერ, ცნობილ და წარმატებულ ადამიანზე ხდება ზეწოლა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმათზე, ვინც არც განსაკუთრებით ნიჭიერია, არც განსაკუთრებით წარმატებული და არც განსაკუთრებით ცნობილი, ყოველთვის და უპირობოდ მოხდება ზეწოლა. ამიტომ საჭირო არაა ვენდოთ პოლიტიკოსებს, აუცილებელია ვაკონტროლოთ ისინი.