პროსტიტუცია უნდა იყოს ლეგალური!
31-01-2013
პროსტიტუცია უნდა იყოს ლეგალური!
"ბოზობა" რომ ყველაზე ძველი პროფესიაა, ამას მგონი მტკიცება არ ჭირდება. გარდა იმისა, რომ ყველაზე ძველია, ყველგან გავრცელებულიც. და მე ვფიქრობ მორალისტურ საზოგადოებებში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებულიც, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებ, კვლევა ნამდვილად არ ჩამიტარებია. ამ პროფესიის წარმომადგენლები გვხვდებიან რელიგიურ ტექსტებშიც და კლასიკურ ლიტერატურაშიც. ზოგი მათგანი განსაკუთრებით სახელოვანიცაა და საყოველთაო სიმპათიითაც სარგებლობს. ერთ-ერთ წინა ბლოგში ქართული საზოგადოების მისწრაფებაზე ვწერდი, თავი მუდმივად სირაქლემის პოზიციაში ჩაიყენოს. იმ ბლოგს ბევრი არაადექვატური გამოხმაურება მოჰყვა.
ზოგმა ქართველთმოძულედ ჩამთვალა, ზოგმა მოსყიდულად, ზოგმაც ამ კახელ კაცს იმის სწავლება დამიწყო ღვინო რა არის. ნუ რას ვიზამთ ეს ხომ ძველი ამბავია. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ის ბლოგი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებდა, ამ ბლოგში კი პროსტიტუციის ლეგალიზაციის აუცილებლობაზე ვისაუბრებ. აბსოლუტურად გულწრფელად ვთვლი, რომ
დღეს საქართველოს წინაშე, სხვა დიდ გამოწვევებთან ერთად, ამ ორი საკითხის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი, შთამბეჭდავი მოგონება საროსკიპოს უკავშირდება. მაშინ გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ახლად შეღერებული ყმაწვილები "ქალებში" მამებს მიჰყავდათ, უკეთეს შემთხვევაში, მამის ძმაკაცს, უფროს ძმას ან ნათესავს. იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი მოძღვარი იყო და პრაქტიკულად ეკლესიაში ვიზრდებოდი, ჰორმონების შემაწუხებელი მოქმედების დაწყებიდან, მალევე მივხვდი, რომ ჩემ "დავაჟკაცებაზე" არავინ იზრუნებდა, საკუთარ თავს თვითონ თუ არ მივხედავდი და დავიწყე კიდეც ამაზე ფიქრი, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა საზოგადოება ქალიშვილობის ინსტიტუტს გამწარებით ებღაუჭება, ქალები, რომლებსაც საყვარლები ჰყავთ, ახლოს არ გიკარებენ (ბავშვი ხარ, არც ფული გაქვს, არც მანქანა და შესაბამისად შენგან არაფერი გამოდნება). ბუნებრივი გზაა თანატოლ გოგონებში ეძებო თანაგრძნობა, თუმცა ესეც მიუღწეველი ამბავია. მერე რა რომ გოგოებსაც აწუხებთ ჰორმონები. ყველაფერზე შეიძლება დაითანხმო სექსის გარდა. "გეზასავება", ძუძუებშიც გაფათურებინებს ხელებს და მასტურბაციაშიც დაგეხმარება, ოღონდ აპკს არ უნდა შეეხო. აპკი წმინდათა წმინდაა. რაც გინდა ქენი, საშველი არაა. არც სტიქარი გშველის (ამით ხომ ეკლესიაში გამოირჩევი, იქ კი ყოველთვის მეტი გოგო დადის), არც ჯგუფი და კონცერტების ჩატარება, სარკეში იყურები და შეშფოთებული ეკითხები შენ თავს, რა ჯანდაბა მჭირს, ბოლოს და ბოლოს არც ისეთი მახინჯი ვარ რომ არავინ "მომცეს". ნელ-ნელა წრე ვიწროვდება და ხვდები, რომ ყველა გზა არც რომში მიდის და არც ეკლესიაში, ყველა გზა მიდის საროსკიპოში.

თელავში მაშინ ერთი "ბორდელი" იყო, მერე მეორეც გაჩნდა ახალ კინოსთან, თუმცა ჯერ ერთი იყო. სასტუმრო "თელავის" ბოლო, მეხუთე სართულზე. ყველამ ვიცოდით, მაგრამ ოფიციალურად არ არსებობდა, ჩვენთან ხომ მთავარი ესაა _ ოფიციალურად არსებობდე ან არ არსებობდე. შემთხვევას გააჩნია. მოკლედ, პირველ სართულზე იყო "საპარიკმახერო", მეორეზე პარტია "ტრადიციონალისტების" ოფისი და ბოლო, მეხუთე სართულზე _ საროსკიპო. საათი ოცი ლარი ღირდა. მაშინ ჭირდა, ოცი ლარი 15 წლის ბიჭისთვის ცოტა არ იყო. სტიქაროსნობასა და გალობაში 20 ლარს მიხდიდნენ, ჰოდა მეც მთელი თვის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა წმინდა ჰონორარი ავიღე და ერთგვარი გულის კანკალით ავუყევი, ძველი, ნახევრად დანგრეული სასტუმროს კიბეებს. ნოემბრის ცივი, ნესტიანი საღამო იყო და უფრო ნერვიულობისგან, ვიდრე სიცივისგან, ცოტა მაკანკალებდა. კიბეები დასრულდა, გული ამოვარდნაზე მქონდა. ვცდილობდი მღელვარება დამეფარა, თუმცა გამიჭირდა ერთბაშად ვიღაც დედაბერი რომ დამეტაკა რა გინდაო. "მამაშა" იყო, ირა ერქვა. დაუსწრებლად ვიცნობდი. იქვე ოთახში ოთხი-ხუთი ერთმანეთზე მახინჯი ქალებიც ისხდნენ. მოღუშულ, შეთხუპნილ სახეებზე რაღაცნაირი სევდანარევი დაღლილობა ეტყობოდათ, ერთ თარგზე მოჭრილებს ჰგავდნენ. ირასთან ურთიერთობას, როგორც იქნა მოვაბი თავი და იმ ქალებიდან ერთ-ერთი ალალ-ბედზე ავირჩიე. სინამდვილეში ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთნაირად მახინჯები, ერთნაირად ბინძურად გამოიყურებოდნენ. გუნებაში უბრალოდ ძველი, ბავშვური გათვლა ვთქვი: "ესა მესა გადის ესა..." ქერად თმა შეღებილ ქალს ოთახისკენ გავყევი, ორლარიანი დეზოდორანტის მყრალ სუნს, ჭარბად რომ აფრქვევდა, მაგრამ მივხვდი, აქედან არაფერი გამოვიდოდა. შევედით და ისევე უემოციო, ინდიფერენტული გამომეტყველებით მკითხა: "გამხდი თუ გავიხადო?" არანაირი სურვილი არ მქონდა შიშველი დამენახა. უკვე ძალიან ვნანობდი რომ მოვედი, მაგრამ წასვლის მრცხვენოდა, თან 20 ლარი მენანებოდა. გაიხადა და ფეხები რომ გადაშალა, მხოლოდ გულის რევის მძაფრი შეგრძნება გამიჩნდა. ვიდექი და დამუნჯებული ვუყურებდი. მუცელზე საკმაოდ გრძელი ნაიარევი მოუჩანდა, რომელიც რაღაც ვარდისფერი, საცეცებიანი მწერივით გაკლაკნილიყო, მკერდი კი თითქმის არ ჰქონდა. მიხვდა რა გასაჭირიც მედგა, ალბათ ფულის დაკარგვა არ უნდოდა და უფრო ამიტომ ბევრს ეცადა, თუმცა ეს ერთსაათიანი მცდელობა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელმაც საშინლად იმოქმედა ჩემ შემდგომ ცხოვრებაზე, ვიდრე მადლობა ღმერთს მალევე, რამდენიმე თვეში, ერთ 20 წლით უფროს, თუმცა კარგად შენახულ და გულკეთილ ქალს არ გადავეყარე შემთხვევით, რომელმაც იხსნა ჩემი ფსიქიკა გარდაუვალი დაღუპვისგან და სექსის ხელოვნებას სრულიად უანგაროდ და მაღალპროფესიულ დონეზე მაზიარა. ის მეძავი არ ყოფილა, მაგრამ ეს ცალკე ამბავია და აქ მოყოლა არაფერს მოგვცემს. მეგობრებისგან, რომლებიც უკვე საროსკიპოს აქტიური მომხმარებლები იყვნენ, ხშირად მესმოდა იქაური ამბები, ბევრიც მთავაზობდა ერთად წავსულიყავით, მაგრამ არასოდეს აღარ მიცდია საროსკიპოში ვნებების დაცხრობა. მოგვიანებით მეორე ასეთი დაწესებულებაც გაიხსნა ახალ კინოსთან. იქაურ მამაშას ოლია ერქვა, საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი ეს ამბავი და ერთი პერიოდი კონკურენციაც გაუწია ირას, თუმცა მომსახურების ხარისხი და სექსმუშაკების კვალიფიკაცია, როგორც ამბობდნენ დიდად მაინც არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ქალაქმა ზუსტად იცოდა როგორც ერთი, ისე მეორე საროსკიპოს ამბები, ისიც ყველამ იცოდა რომ ორივეგან ანტისანიტარია და ვენერიული დაავადებების გავრცელების დიდი რისკი იყო, მაგრამ ეს ცოდნა არც არაფერს ცვლიდა. მშობლები კვლავ სპეცსამსახურებისთვის შესაშური მაღალპროფესიონალიზმით აკონტროლებდნენ შვილების აპკების მდგომარეობას. საროსკიპოში მომუშავე ქალები ხშირად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი, ქალაქს კი მათი არსებობის აღიარებას, ერჩია მდუმარედ ყოფილიყო.

ეს ხომ ისედაც ცხადია, რომ სექსს ვერასოდეს ვერავინ დაამარცხებს. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ფიზიკური ნაკლის, კომპლექსების თუ სხვა ათასი მიზეზის გამო იძულებული იქნება ამ გზით დაიკმაყოფილოს ეს ყოვლად ბუნებრივი მოთხოვნილება, მაშინ გაუგებარია რაომ ვამბობთ უარს, რომ კანონმა მოაწესრიგოს ეს სფერო, რაც მომხმარებელსაც მეტად დაიცავს ვენერიული დაავადებებისგან და სექს მუშაკიც დაცული იქნება კლიენტის მხრიდან ძალადობისგან. ჩვენ ხომ გვაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოება ვართ და არა ბრბო, მაშინ რატომ ვამბობთ უარს ვაღიაროთ საროსკიპოების არსებობის აუცილებლობა და სირაქლემის პოზაში დგომის ნაცვლად, მოვაწესრიგოთ ეს სფერო, რათა მომხმარებელიც და მომსახურე პერსონალიც უკეთ იყოს დაცული და სრულფასოვან ადამიანად გრძნობდეს თავს? ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა და სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიები მაინც. ისინი ხომ ყველაზე შავ სამუშაოს ასრულებენ და თუ ქართველი ქალების ერთი ნაწილი საქორწინო სარეცელამდე, ძვირფასი განძივით ინახავს საქალწულე აპკს, უფრო იმის წყალობით რომ ვიღაც თანხმდება შეასრულოს ყველაზე დაუფასებელი, შავი სამუშაო. პროსტიტუციის ლეგალიზება ამავდროულად, საკმაოდ დიდი თანხით შეავსებს სახელმწიფოს ბიუჯეტს და მისცემს საშუალებას, გაცილებით ეფექტურად აკონტროლოს, რათა ამ სფეროში ტრეფიკინგის გზით, საკუთარი ნების გარეშე არ მოხვდეს ადამიანი. მანამდე კი პროსტიტუციის აკრძალვას შედეგად მოაქვს ვენერიული დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი, მომსახურების დაბალი დონე, ამ სფეროს მუშაკთა აბსოლუტური დაუცველობა და კორუფცია, რომლის შედეგადაც საროსკიპოები, აბანოს, სასტუმროს ან სპა სალონის საფარველს ამოფარებულები აგრძელებენ არსებობას და არსებობს დიდი რისკი, რომ ამ სფეროში ბევრი ადამიანი სწორედ ტრეფიკინგის გზით ხვდება.
elguja
01 მარტი 2018 02:29
ვეთანხმები წერილის ავტორს
08 ივლისი 2017 03:42
კომენტარიchirdeba ki am kvelafers komentirebaaa
nonono
19 თებერვალი 2013 00:47
შოკში ვარ კომენტარებისგან, რა მორალის ორომტრიალია და ეკლესიურობის ქადაგება და ჰორმონების შეკავებაზე საუბარი? რომელმა მამაკაცმა შეიკავეთ ჰორმონები (რასაც თქვენი თქმით ეკლესია და მამაოები უნდა გასწავლიდნენ?) ცოლის მოყვანამდე და ჯვრისწერამდე? აბა ხელი აწიეთ და კომენტარი დადეთ... რომელი იყავით ვაჟიშვილი ქორწინებამდე? ფარისევლები ხართ და არც გრცხვენიათ, გაჩუმდით მაინც...

რედაქტორის რჩევით