ფრთხილად: მოსალოდნელია ლეგალიზება!
ფრთხილად: მოსალოდნელია ლეგალიზება!

 

„მხოლოდ სიყვარულმა დაბანა ძუკნას ფეხები,

მხოლოდ შიში აიღებს ხელში ქვას“

ბექა კუნდალინი

ბოლო დროს ორი ძალიან გულწრფელი ბლოგი დავწერე. ერთი შეეხებოდა მარიხუანის, მეორე კი პროსტიტუციის ლეგალიზებას. როგორც ერთ, ისე მეორე ბლოგს, მკითხველების საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ორივე თემა, არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე პოლიტიკა და რელიგია, ან გნებავთ უმუშევრობა. ეს ჩემთვის არ ყოფილა სიურპრიზი, თუმცა ძალიან შემაშფოთა იმ ამბავმა, რომ კომენტარების დიდი ნაწილი რბილად რომ ვთქვა არაადექვატური იყო. ამან მიმახვედრა,

რომ ბევრ ადამიანს, მცდარი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ლეგალიზება. მათი კომენტარებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში, ისინი თვლიან, რომ კანაფი სიგარეტივით ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო პროსტიტუციის ლეგალიზება გამოიწვევს ქართველი ქალების დიდი ნაწილის ამ სფეროში დასაქმებას და ქართველი მამაკაცების მასიურ მიწყდომას
საროსკიპოებში. არადა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როცა ვამბობ უნდა მოხდეს ლეგალიზება, ვგულისხმობ ამ ორი სფეროს უბრალოდ აკრძალვის ნაცვლად, უფრო დაწვრილებით და გონივრულ რეგულირებას. ორივე შემთხვევაში მოწესრიგების ბევრი სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს, თუმცა თითქმის არც ერთი არ ითვალისწინებს რეკლამირებას, არასრულწლოვანთა ჩაბმას და ა.შ. როდესაც ვამბობ უნდა მოხდეს მარიხუანის ლეგალიზება, ვგულისხმობ ამის განხორციელებას მინიმუმ ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, რაც გამორიცხავს მისი მოხმარებისათვის ადამიანის სისხლის სამართლებრივ დევნას. მეორე ასპექტი ესაა სამედიცინო სფეროში მისი გამოყენების დაშვება, რაც მოგვცემს საშუალებას, ჩვენ თვითონ გამოვიკვლიოთ რა რისკის ქვეშ დგას მარიხუანის მომხმარებელი, რა უკუჩვენებები ახასიათებს და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ის გაცილებით ნაკლებ საშიშია ვიდრე, მაგალითად ალკოჰოლი და თამბაქო. რაც შეეხება მის სასარგებლო თვისებებს, იმ ქვეყნებში, სადაც მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენება დაშვებულია, უნიშნავენ, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კანაფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, კარგი საშუალებაა ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების გასანეიტრალებლად: ხშირი ღებინება, სისუსტე, დეპრესია და ა.შ. ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი რა არის? ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მარიხუანის ნაცვლად მოიხმარს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიდან, ძალიან სახიფათო მეთოდებით გამოდევნილ კოდეინს, ან დიდი რაოდენობით იღებს ასეთ პრეპარატებს. ამავდროულად იყენებენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ფართოდაა გავრცელებული გრიმოდინის, ციკლადოლის და მსგავსი პრეპარატების მოხმარება, ასევე „ლირიკა“ (გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისთვის) და ა.შ. ეს პრეპარატები თავისუფლად იყიდება აფთიაქებში (შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი) და მისი მომხმარებლების ასაკი 16 წლიდან (ან კიდევ უფრო ადრეული ასაკიდან) იწყება. შეგიძლიათ ნახოთ დასახელებული პრეპარატების გვერდითი და უკუჩვენებები და მერწმუნეთ თუ თქვენი შვილის, ან მეგობრის ჯიბეში, შემთხვევით რომელიმე მათგანს აღმოაჩენთ, ეჭვი არ მეპარება, თქვენც მარიხუანის ლეგალიზების მომხრეთა რიგებს შეუერთდებით. რამდენ ადამიანს ჰგონია რომ ეს მის თავს არ ხდება, მაგრამ უამრავი მათგანი, სამწუხაროდ მწარედ ცდება. ამდენად როცა მე ვამბობ მოხდეს მარიხუანის ლეგალიზება, ვგულისხმობ მოხდეს სფეროს დარეგულირება, შემუშავდეს მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, და არ მივუსაჯოთ ამ ადამიანებს წლობით ციხე, ან ვახდევინოთ რაღაც აბსურდული ჯარიმა. ამით ბიუჯეტიც მოიგებს და საზოგადოებაც გაცილებით უფრო დაცული იქნება.

ახლა რაც შეეხება პროსტიტუციას. ჩემ ბლოგში აღწერილი ორივე საროსკიპო, ქალაქის ცენტრში, ერთი სკოლიდან ასიოდე მეტრში, მეორე კი ახალგაზრდულ ცენტრთან, ათ მეტრში მდებარეობდა. სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ ადგილებს, რადგან ისინი შენიღბულად არსებობენ. არავინ იცის რა გზით ხვდებიან იქ მომუშავე ადამიანები ამ სფეროში. არავინ იცის რამდენი არასრულწლოვანია ჩაბმული პროსტიტუციაში, არავინ იცის რამდენი შეიძლება იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი ან სოციალური სიდუხჭირის გამო იძულებით ჩაბმული ამ საქმიანობაში. პროსტიტუციის ლეგალიზება გულისხმობს პირველ რიგში ამ სფეროდან უკანონობის, ძალადობის გამორიცხვას, ასეთი დაწესებულებების არსებობას საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და არასრულწლოვანთა თავშეყრის ადგილებიდან მოშორებით. ტრეფიკინგთან ეფექტურ ბრძოლას, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ამუშავებას იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ამ ინდუსტრიაში სოციალური პრობლემების, ან ოჯახური ძალადობის გამო ხვდებიან. მომხმარებლის და შესაბამისად საზოგადოების დაცვას ვენერიული დაავადებებისგან, იმ ქალებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ან ცვლიან გადაწყვეტილებას და სურთ ნორმალურ, საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. დიახ, პროსტიტუციის ლეგალიზება ეს არის ცივილიზებული, ნორმალური საზოგადოების არჩევანი. ეს არის მოწესრიგება უწესრიგობის ნაცვლად. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის ქრისტიანული გადაწყვეტილება. თქვენ, სწორედ თქვენ, საკუთარ კომპიუტერებთან თბილად რომ მიმსხდარხართ და ქილიკობთ, იბოღმებით და იგესლებით, რით ხართ იმ ბრბოზე მეტი, მარიამ მაგდალინელს ქვით ჩაქოლვას რომ უპირებდა? რით განგასხვავოთ იმ ბრბოსგან? ქრისტიანობა ხომ ადამიანისთვის სინანულის, ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს და არა ქვების სროლას და ჩაქოლვას? შეუძლებელია ბოღმით, აგრესიით და ზიზღით სავსე ადამიანი ქრისტიანი იყოს.

მკითხველის კომენტარი (18)
irakli
19 თებერვალი 2013 13:21
qartveli " შენი უბედური სულისათვის იზრუნე, იქნებ გეშველოს! " - აი ამ კომენტარს რო წერ , მამაო ხარ თუ ვინ  ? ქართველობა არ უდრის ქრისტიანობას!
ani
19 თებერვალი 2013 09:10
მე მინახავს ტელევიზორში მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დედა რომელმაც მანქანა სადაც 2 პატარა ბავშვი ეჯდა ამოაყირავა.მომხმარებლებს არაფერი დაემართოთ და ირგვლივ მყოფები გაწიროთ ,ვითომ რატომ?აღარც ქონდეთ უფლება მოთხოვონ მკურნალობა,რატომ?მაშინ როგორც საზღვარგარეთაა მოითხოვონ ნარკოტესტი გარკვეული სამუშაოს შესრულებისას მომვლელები ,ძიძები,ექიმები, მძღოლები და ასეთი კატეგორიისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ სამსახურის დაწყებისას და ყოველწლიურადაც ნარკოტესტის ჩაბარება, არა მგონია ეს საქართველში მოეწონოთ
Old Lady
19 თებერვალი 2013 04:49
რა ლეგალიზება, გუდაურში კანატკიდან ხსნიან და ნარკოლოგიურში მიყავთ... ეს ხო ქვეყანა არ არის. 2013 წელს, რომ გიწევს მსგავსი სტატიის წერა და იმის ახსნა რომ მარიხუანა უვნებელია და რომ არავის საქმე არ არის ვინ რას მოწევს ეს არის პრობლემა. სამაგიეროდ ცხოველების ხოცვა და და არაყი ხო არის ლეგალური
realisti
18 თებერვალი 2013 20:50
100%!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
svani
17 თებერვალი 2013 21:00
ბრავო ავტორ!! აფსოლიტუად ვიზიარებ შენს აზრს
qartveli
17 თებერვალი 2013 19:49
შენნაირებმა რა თქმა უნდა კარგად იციან ხდება "ლეგალიზებულ", "მისაბაძ" ქვეყნებში, როგორ იყიდება ნარკოტიკი ყველა წერტილში, მაგრამ იცი და ცბი, რადგანაც სხვაგვარად არ შეგიძლია, რადგანაც ავსული ხარ.
დაანებე ამ უბედურ ქვეყანას თავი და შენი უბედური სულისათვის იზრუნე, იქნებ გეშველოს!
vvvv
17 თებერვალი 2013 18:18
ჯერ ერთი, წმინდა მარიამ მაგდალინელი არ იყო მრუში,7 ეშმაკი ყავდა შეჩენილი და ეგ განდევნა მისგან უფალმა. მეორე,მართლმადიდებლობაში მიუღებელია მრუშობა(მომაკვდინებელი ცოდვაა) და პროსტიტუცია კი მრუშობა. ნუ დანარჩენ ამბავში მართალი ხარ-"ქრისტიანობა ხომ ადამიანისთვის სინანულის, ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს და არა ქვების სროლას და ჩაქოლვას? შეუძლებელია ბოღმით, აგრესიით და ზიზღით სავსე ადამიანი ქრისტიანი იყოს"
ვანო
17 თებერვალი 2013 18:04
სწორს იძახი

დღის კითხვადი სტატიები