ფრთხილად: მოსალოდნელია ლეგალიზება!
ფრთხილად: მოსალოდნელია ლეგალიზება!

 

„მხოლოდ სიყვარულმა დაბანა ძუკნას ფეხები,

მხოლოდ შიში აიღებს ხელში ქვას“

ბექა კუნდალინი

ბოლო დროს ორი ძალიან გულწრფელი ბლოგი დავწერე. ერთი შეეხებოდა მარიხუანის, მეორე კი პროსტიტუციის ლეგალიზებას. როგორც ერთ, ისე მეორე ბლოგს, მკითხველების საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ორივე თემა, არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე პოლიტიკა და რელიგია, ან გნებავთ უმუშევრობა. ეს ჩემთვის არ ყოფილა სიურპრიზი, თუმცა ძალიან შემაშფოთა იმ ამბავმა, რომ კომენტარების დიდი ნაწილი რბილად რომ ვთქვა არაადექვატური იყო. ამან მიმახვედრა,

რომ ბევრ ადამიანს, მცდარი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ლეგალიზება. მათი კომენტარებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში, ისინი თვლიან, რომ კანაფი სიგარეტივით ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო პროსტიტუციის ლეგალიზება გამოიწვევს ქართველი ქალების დიდი ნაწილის ამ სფეროში დასაქმებას და ქართველი მამაკაცების მასიურ მიწყდომას
საროსკიპოებში. არადა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როცა ვამბობ უნდა მოხდეს ლეგალიზება, ვგულისხმობ ამ ორი სფეროს უბრალოდ აკრძალვის ნაცვლად, უფრო დაწვრილებით და გონივრულ რეგულირებას. ორივე შემთხვევაში მოწესრიგების ბევრი სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს, თუმცა თითქმის არც ერთი არ ითვალისწინებს რეკლამირებას, არასრულწლოვანთა ჩაბმას და ა.შ. როდესაც ვამბობ უნდა მოხდეს მარიხუანის ლეგალიზება, ვგულისხმობ ამის განხორციელებას მინიმუმ ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, რაც გამორიცხავს მისი მოხმარებისათვის ადამიანის სისხლის სამართლებრივ დევნას. მეორე ასპექტი ესაა სამედიცინო სფეროში მისი გამოყენების დაშვება, რაც მოგვცემს საშუალებას, ჩვენ თვითონ გამოვიკვლიოთ რა რისკის ქვეშ დგას მარიხუანის მომხმარებელი, რა უკუჩვენებები ახასიათებს და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ის გაცილებით ნაკლებ საშიშია ვიდრე, მაგალითად ალკოჰოლი და თამბაქო. რაც შეეხება მის სასარგებლო თვისებებს, იმ ქვეყნებში, სადაც მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენება დაშვებულია, უნიშნავენ, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კანაფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, კარგი საშუალებაა ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების გასანეიტრალებლად: ხშირი ღებინება, სისუსტე, დეპრესია და ა.შ. ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი რა არის? ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მარიხუანის ნაცვლად მოიხმარს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიდან, ძალიან სახიფათო მეთოდებით გამოდევნილ კოდეინს, ან დიდი რაოდენობით იღებს ასეთ პრეპარატებს. ამავდროულად იყენებენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ფართოდაა გავრცელებული გრიმოდინის, ციკლადოლის და მსგავსი პრეპარატების მოხმარება, ასევე „ლირიკა“ (გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისთვის) და ა.შ. ეს პრეპარატები თავისუფლად იყიდება აფთიაქებში (შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი) და მისი მომხმარებლების ასაკი 16 წლიდან (ან კიდევ უფრო ადრეული ასაკიდან) იწყება. შეგიძლიათ ნახოთ დასახელებული პრეპარატების გვერდითი და უკუჩვენებები და მერწმუნეთ თუ თქვენი შვილის, ან მეგობრის ჯიბეში, შემთხვევით რომელიმე მათგანს აღმოაჩენთ, ეჭვი არ მეპარება, თქვენც მარიხუანის ლეგალიზების მომხრეთა რიგებს შეუერთდებით. რამდენ ადამიანს ჰგონია რომ ეს მის თავს არ ხდება, მაგრამ უამრავი მათგანი, სამწუხაროდ მწარედ ცდება. ამდენად როცა მე ვამბობ მოხდეს მარიხუანის ლეგალიზება, ვგულისხმობ მოხდეს სფეროს დარეგულირება, შემუშავდეს მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, და არ მივუსაჯოთ ამ ადამიანებს წლობით ციხე, ან ვახდევინოთ რაღაც აბსურდული ჯარიმა. ამით ბიუჯეტიც მოიგებს და საზოგადოებაც გაცილებით უფრო დაცული იქნება.

ახლა რაც შეეხება პროსტიტუციას. ჩემ ბლოგში აღწერილი ორივე საროსკიპო, ქალაქის ცენტრში, ერთი სკოლიდან ასიოდე მეტრში, მეორე კი ახალგაზრდულ ცენტრთან, ათ მეტრში მდებარეობდა. სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ ადგილებს, რადგან ისინი შენიღბულად არსებობენ. არავინ იცის რა გზით ხვდებიან იქ მომუშავე ადამიანები ამ სფეროში. არავინ იცის რამდენი არასრულწლოვანია ჩაბმული პროსტიტუციაში, არავინ იცის რამდენი შეიძლება იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი ან სოციალური სიდუხჭირის გამო იძულებით ჩაბმული ამ საქმიანობაში. პროსტიტუციის ლეგალიზება გულისხმობს პირველ რიგში ამ სფეროდან უკანონობის, ძალადობის გამორიცხვას, ასეთი დაწესებულებების არსებობას საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და არასრულწლოვანთა თავშეყრის ადგილებიდან მოშორებით. ტრეფიკინგთან ეფექტურ ბრძოლას, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ამუშავებას იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ამ ინდუსტრიაში სოციალური პრობლემების, ან ოჯახური ძალადობის გამო ხვდებიან. მომხმარებლის და შესაბამისად საზოგადოების დაცვას ვენერიული დაავადებებისგან, იმ ქალებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ან ცვლიან გადაწყვეტილებას და სურთ ნორმალურ, საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. დიახ, პროსტიტუციის ლეგალიზება ეს არის ცივილიზებული, ნორმალური საზოგადოების არჩევანი. ეს არის მოწესრიგება უწესრიგობის ნაცვლად. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის ქრისტიანული გადაწყვეტილება. თქვენ, სწორედ თქვენ, საკუთარ კომპიუტერებთან თბილად რომ მიმსხდარხართ და ქილიკობთ, იბოღმებით და იგესლებით, რით ხართ იმ ბრბოზე მეტი, მარიამ მაგდალინელს ქვით ჩაქოლვას რომ უპირებდა? რით განგასხვავოთ იმ ბრბოსგან? ქრისტიანობა ხომ ადამიანისთვის სინანულის, ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს და არა ქვების სროლას და ჩაქოლვას? შეუძლებელია ბოღმით, აგრესიით და ზიზღით სავსე ადამიანი ქრისტიანი იყოს.

მკითხველის კომენტარი (18)
სპილო
03 ივნისი 2015 20:48
1000%
ძაან სწორად მსჯელობ!
აღიარე რომ პლანაქეში ხარ! აღიარე! მერე დანარჩენზე.....
28 მაისი 2013 22:28
თავს იღუპავს და სხვაცაც უბიძგებს ცოდვისაკენ! არასწორი წარმოდგენები აქვს და ეს აღზრდის, სოციალური გარემოს ბრალია,პატარა ბავშვივით მოთქვავს სოსკა რომ უნდა, კაიფი მინდა და მაცადეთო, ტორეს! ზრდასრული ადამიანი ჩანხარ და იყავი ზრდასრული კაცი, იცოდე რომ კაცი ჯერ შვილი მერე მამა ბაბუა და ბოლოს უფალთან უნდა მივიდეს კაცურად, იცი რომ ეს შენი პლანი სწორედ კაცურ სახეს უკარგავს ადამიანს : პლანი იწვევს ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას(და არა ფიზიკურს) მისი მომხმარებლისთვის გარკვეული ხნის შემდგომ აღარ არსებობს არც დედა არც მამა, დანგრეულია ოჯახი და დანგრეულია ცხოვრება, ამას ფსიქიკის მოშლა ჰქვია და ამას უკვე თვითონაც ვეღარ ხვდება, ეს სოციალურად სპობს ადამიანს,მერე სწორედ პლანია კარიბჭე უფრო ძლიერი ნარკოტიკებისაკენ. ნარკოდამოკიდებულთა 99% სწორედ პლანით იწყებს მერე ცოტა ხანში ფსიქიკის მოშლის კვალდაკვალ დასაშვებად წარმოესახება სხვა საშუალებებიც.მარიხუანის მოხმარება დამპღუპველი სენია და სოციალურად საშიში განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში,სწორედ ახლა როდესაც გაჭირვება და სიღარიბე,უმუშევრობა ბევრს უბიძგებს ამ სენისაკენ. მოკლედ tores იქნებ აპატიო ჩვენს ქვეყანას დღეს შენი კაიფზე უფლებების დარღვევა მაშინ როცა გვიჭირს, იქნებ გადავურჩეთ მტერებს რომელნიც ადრე ხმლით და მახვილით მოდიოდნენ ახლა კი კალაშნიკოვებით, ბომბებით ანაშით და სხვა ნარკოტიკებით,ჩვენს მოსასპობად.
qeti
29 მარტი 2013 12:59
მყავს 16 წლის ვაჟიშვილი და ორივე პრობლემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია, ვარ მუდმივი შიშის რეჟიმში. მადლობა,რომ ბევრი ქართველი დედის სადარდებელი გაახმიანეთ და მიჩუმათებული პრობლემების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მოიძიეთ.თავის მოტყუება ქართველ დედებს გვჩვევია, არა და არავინ არის დაზღვეული სასათბურე პირობებში შვილის გაზრდის შემთხვევაშიც კი, რომ შეხება არ მოუწევს ამ ყველაფერთან.იმედს ვიტოვებ,რომ მთავრობა მალე მოაგვარებს ამ ზოგადქართულ პრობლემებს.
ნიკა
19 მარტი 2013 08:57
100% ავტორს
felix lashius
24 თებერვალი 2013 10:36
მე წამალს ანუ ნარკოტიკს იმიტომ ვიკეტებდი რო მარიხუანას 10 თვე ქონდა ანალიზი წამალი კიდე 3 დღე ,ანუ ეს იმას ნიშნავს რო 40 დღის მანძილზე რო შევემოწმებინე ტესტი აჩვენებდა რო მონაწევი მქონდა დამასაჩუქრებდნენ დიდი ჯარიმით.ამიტომ მერჩივნა მეკეტებინა და 3 დგე თვალში არ მოვხვედროდიდი პოლიციას.სანამ ლეგალური არ გახდება მანამ შეუწყობთ ხელს უამრავ ახალგაზრდას განარკომანებაში
მახო
24 თებერვალი 2013 04:04
"მოწესრიგების ბევრი სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს" - ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ არცერთი არ ვარგა, ან სულ ცოტა რომ ყველა მათგანს აქვს პრობლემები?

"სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ის გაცილებით ნაკლებ საშიშია ვიდრე, მაგალითად ალკოჰოლი და თამბაქო" - გაცილებით ნაკლებ საშიში? ამას რომ წერდი არც გეცინებოდა?

"ამ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კანაფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი" - ეს არგუმენტია? ასეთი ეფექტი ბევრ სხვა რამესაც აქვს, მაგალითად მორფინს. დავიწყოთ დასკვნების კეთება?

საერთოდ, მართლა გგონია, რომ ლეგალური საროსკიპოს არსებობა არალეგალურს გააქრობს და არასრულწლოვანთ პროსტიტუციას მოსპობს? ან თუნდაც შეამცირებს?

არ მგონია სრულ ჭკუაზე მყოფი კაცი თავისი ნებით წერდეს ეგეთ რამეებს. ან თუნდაც მცირედი საზღაურით. ხოლო თუ ბევრს გიხდიან, ჩვენც გვითხარი და ჩვენც დავწერთ, ნუ იქნები ძუნწი
kuku ჯუზეპპე
23 თებერვალი 2013 23:52
შენიღბული ბორდელების მფლობელებს ადრეც ჰქონდათ მცდელობები "ბიზნესის" ლეგალიზაციის მიზნით. ესეც საზოგადოებრივი რეაქციის გამოვლენის მორიგი ზონდირებაა. თურმე ნუ იტყვით და პროსტიტუციის ლეგალიზება "ეს არის ქრისტიანული გადაწყვეტილება".))))
ყალბი პათოსი სხვებზე ვითომ ზრუნვისა, მანიპულირება და ისიც ასე უნიჭოდ!
nino
21 თებერვალი 2013 23:20
დეკრიმინილიზაცია გასაგებია, მაგრამ ლეგალიზება არ შეიძლება არც მარიხუანისა და არც პროსტიტუციის. რადგან ასეთი საკამათო საკითხია და ასე შფოტავს ერი ამ საკითხების გარშემო არ სჯობს პლებისიტზე გავიდეს ეს საკითხი???

მარიამ მაგდალინელმა მოინანია თავისი ცოდვები. რა თქმა უნდა არავის აქვს სხვისი გაკიცხვის უფლება, მაგრამ ლეგალიზება ავტომატურად ნიშნავს კანონიერს ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არაფერი ცუდი არ არის იმაში თუ ადამიანი გახდება სექს მუშაკი. მაშინ სად არის ის რომ მეძავობა და მრუშობა ცუდია????? რადგან კანონით დასაშვებია და გადასხადებიც აიკრიფება ესე იგი წესიერი პროფესია ყოფილა. ლეგალიზება არ ნიშნავს კიდევ იმას რომ არლეგალურიც არ იქნება მის გვერდით. მაშინ იქ მომუშავეების უფლებებს ეშველება?:)

უმცირესობის უფლებების დაცვაში გართული ადამიანები უმრავლესობის იგივე უფლებებს ლახავენ. მე ამ შემთხვევაში პოლიტიკას არ ვგულისხმობ.
komentari
21 თებერვალი 2013 20:16
პრეზიდენტი რომ დღემუდამ გაბრუებული დაიარება, ეგეც "ლეგალიზბული იქნება" ჩემო კარგებო? :D

სერიოზულად კი იმას ვიტყვი, რომ რა მოდელიც ევროპას აქვს, ცუდი არ არის და შეიძლება სწავლა.
ნაცებს არალეგალური აწყობდათ ყველაფერი, რადგან ამით კარგი ბიზნესი ააწყეს.

ერთი რამ კი ყურადსაღებია:
ოჯახმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს შვილი განარკომანებას.
ათასი მაგალით არსებობს, როცა ნარკომანი თავად არის დაზაფრული შედეგისაგან და ცდილობს განკურნებას.
ეს მაგალითები ჭკუის სასწავლად გამოდგება.(ოჯახებს ვგულისხმობ)
ანდრი
19 თებერვალი 2013 13:39
ani ტელევიზორში, რომ ნახე, ეგ საღად აზროვნებას ხომ არ გიშლის ხელს? ლეგალიზება იმას ხომ არ ნიშნავს რომ გაბრუებულს მანქანის ტარების უფლება მისცენ? მთვრალი დედა არ გინახავს ტელევიზორში? გამოტყვრომა თუ ლეგალურია და დალოცვილია ჩვენთანს თრიაქის მოწევა რატომ არ შეიძლება. მართლა უნდა დაავადდეს თაობები სპაისებით და გაუგებარი შემადგენლობის სინთეტიკური ნარკოტიკით სხვანაირად რომ შევხედოთ საქმეს? კარგად არის ამ ბლოგებში ახსნილი რატომ არის აუცილებელი ლეგალიზება, მაგრამ თუ სტერეოტიპის ბოქლომი ადევს გონებას, მაგას არაფერი ეშველება, უბრალოდ ძალაუფლება უნდა გამოვიყენოთ ამ სასიკეთო საქმისათვის :))) და პროსტიტუციაც უდავოდ დასაკანონებელია. არა ის ჯობია, ველურებივით რომ უყურებნ კაცები ქალებს და საროსკიპოში ლომვეშაპებს სტუმრობენ მერე, და იმათი ჯანმრთელობაც საკითხავი არის კიდევ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები