პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შ*****თ! - კვირის პალიტრა

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შ*****თ!

ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა ისეთი, რომელსაც საზოგადოებამ ძალიან წინააღმდეგობრივი შეფასებებით უპასუხა. როგორც წესი (ბოლო ოცი წლის განმავლობაში დამკვიდრებული წესი) მიტინგურად, ლოზუნგებით, ნერვების გლეჯით, "სამშობლოს ღალატის" ერთმანეთისთვის დაბრალებით და ა.შ. და ა.შ. ისე სხვათა შორის "მოღალატეს" ძახილით გაუხეთქეს გული 90-იანი წლების დასაწყისში, იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე საღად მოაზროვნე კაცს - მერაბ მამარდაშვილს. გასაკვირი არ არის 90-იანი წლების დასაწყისში ყველაზე მარტივად და გასაგებად მოსაუბრე ფილოსოფოსს რომ ვერ გაუგეს. ქართველი პოლიტიკოსების გადამკიდე, თუ ლოზუნგების დაუსრულებელი ნაკადი არ ამოტყორცნე პირიდან, ყველა ყველაფერს უკუღმა იგებს. ოცი წელია ეს გრძელდება და ამიტომ არც ისაა გასაკვირი რომ დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში ვერ გაიგეს პოეტის ყველაზე მარტივად და ადამიანურად ნათქვამი რამდენიმე წინადადება. კოტე ყუბანეიშვილზე მაქვს ლაპარაკი. უცბად აღმოჩნდა, რომ ჩვენი "ინტელექტუალების" დიდ ნაწილს, დღემდე აწუხებს საკუთარი პროვინციული წარმომავლობის კომპლექსი, ამიტომ გულზე ლახვრად ხვდებათ ნებისმიერი სიტყვა, რაც ამას შეახსენებთ. აქვე იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ მე თელაველი ვარ, ანუ ისეთივე "ჩამოთრეული", როგორც თბილისში მაცხოვრებელთა უმრავლესობა, თუმცა სულ არ მაღიზიანებს იმ ადამიანების პროტესტი, როცა საკუთარ ქალაქში სტუმრად გრძნობენ თავს, ანდა პროვინციალები ცდილობენ, საკუთარი პროვინციული ცხოვრების წესები თავს მოახვიონ სხვებს. კარგად მესმის რას გრძნობს ადამიანი ამ დროს იმიტომ, რომ საკუთარ ქალაქში ჩემსავე ტყავზე გამომიცდია და გაცილებით მკვეთრი რეაქციაც მქონია. ნებისმიერ შემთხვევაში ძნელი მოსათმენია. ამას რომ თავი დავანებოთ, კიდევ უფრო აბსურდულია გაღიზიანება ფრაზაზე: "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შ*****თ". ერთმა ჩემმა მეგობარმა, საკუთარ გვერდზე პროლეტარიატის რომაული და თანამედროვე განმარტებაც კი შემოგვთავაზა და დაასკვნა, რომ თუ ეს არ იცი, ბრიყვი ხარ და თუ იცი და მაინც აგინებ - უნამუსო ბრიყვი. თუმცა ჩემ მეგობარს ერთი რამ გამორჩა, კერძოდ ის რომ არსებობს კიდევ ერთი, საბჭოთა პროლეტარიატი, რომელმაც შეძლო ჩამოეყალიბებინა ყველა დროის ყველაზე საშინელი ბოროტების იმპერია - საბჭოთა კავშირი, ეს ის პროლეტარიატია, რომელმაც ფიზიკურად გაანადგურა მწერლები საკუთარი ტექსტების, პოეტები ლექსების, და ადამიანები, უბრალოდ ადამიანობის გამო. დიახ, მე ვეთანხმები კოტე ყუბანეიშვილს, მე არ მინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება, თუნდაც ეს საბჭოთა კავშირი რამე სხვა სახელში ან გარსში შემიფუთონ, დიახ, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შ*****თ! მე არ მიყვარს კახა ბენდუქიძე, ხშირად არც მის მოსაზრებებს ვეთანხმები, თუმცა ასევე არ მიყვარს და გაცილებით უფრო არ მიყვარს უსამართლობა, იმის მიუხედავად, ეს უსამართლობა მდიდარს ჩაგრავს თუ ღარიბს. ბოლშევიზმი მიუღებელია. არ შეიძლება ნორმალური ადამიანი, კმაყოფილი იყო იმის გამო, რომ ის, ვისაც უსამართლოდ ექცევიან, მდიდარია, შენთვის მისი მოსაზრებები მიუღებელია და ა.შ. სწორედ ამიტომ დღემდე აქტუალურია ჩვენს მენტალობაში შემორჩენილ ბოლშევიზმთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ დღეს ყველამ ერთხამდ უნდა ვუთხრათ ჩვენ თავში ბოლშევიზმს - არა! სამწუხაროდ, ქართველი "ინტელექტუალები" თავს იწონებენ სოციალისტობით და იმის მიუხედავად, რომ უწიგნურობას ვერ დააბრალებ, არა მგონია რომელიმე მხატვარს, მუსიკოსს, მწერალს და მსახიობს ბოლომდე ესმოდეს ან სოციალიზმის, ან მარქსიზმის და ან იმ რეალობის, რომელშიც ცხოვრობს. ისინი წაღმა-უკუღმა აფრიალებენ მარქსის ფრაზებს, როგორც კი მენტალურ პრობლემებზე დაძრავ სიტყვას გეტყვიან, რომ ხალხის ბრალი არ არის და ა.შ. მთელი მათი შემწეობა ხალხის მიმართ, მთელი მათი სოციალისტური სულისკვეთება გაფიცული მუშების მხარდამჭერ აქციაზე მისვლით, ვიწრო შეხვედრებზე ყაყანით და მარქსისტური ფრაზების ფრიალით შემოიფარგლება. მათი უმრავლესობა, არასოდეს ყოფილა მენეჯერი, საწარმოს ან ორგანიზაციის დირექტორი, არასოდეს ჰყოლია მუშა, არასოდეს უმუშავია ხელქვეითის მხარდამხარ მაშინ, როცა დაუნახავს, რომ საქმე ბევრია, მუშა კი ცოტა, არასოდეს უბრძოლია საკუთარი თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნისთვის. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არც უმუშავია და არც ხელფასის 20% მიუცია სახელმწიფოსთვის, თუმცა მაინც ყველაზე ხმამაღლა გასწავლის ჭკუას, რომ ადამიანები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. ლამაზი ლოზუნგების ფრიალი ადვილია, თუმცა რა დგას ამ ლოზუნგების მიღმა? ადვილია მოირგო უუფლებოთა დამცველის მანტია, გაცილებით რთულია რეალურად გადადგა მათი დაცვისკენ ნაბიჯი. რთულია უთხრა ხალხს რომ მის გაჭირვებაში დამნაშავე პირველ რიგში თავად მისი უუნარობა და სიზარმაცეა. რა თქმა უნდა ადვილია მუდამ სხვისი დადანაშაულება, რა თქმა უნდა ხალხს ურჩევია დამნაშავე ვინმე სხვაში ეძებოს და არა საკუთარ თავში. რა თქმა უნდა პოპულისტურია, როცა ხალხს ეუბნები - თქვენ არ ხართ დამნაშავე თქვენივე გაუნათლებლობაში, თქვენივე სიზარმაცეში, თქვენივე უგუნურებაში, თქვენივე უკულტურობაში. ეს ბოლშევიკური ლოგიკის ზეიმია. ღარიბი უპირობოდ კეთილია, კარგია, მშრომელია, სამართლიანია, მდიდარი კი ღორია, ბოროტია, ექსპლუატატორია, მჩაგვრელია, თითქოს მართლაც სოციალური მდგომარეობა განსაზღვრავდეს ადამიანში სიკეთეს და ბოროტებას. არადა ამ "ინტელექტუალების" უმრავლესობას ფილოსოფიისაც გაეგება ცოტაოდენი, ლიტერატურისაც და ზოგიერთი მათგანი მამარდაშვილის ლექციებსაც დასწრებია, თუმცა როგორც ჩანს ვერ გაუგია, რომ სიკეთე და ბოროტება არც სოციალურ მდგომარეობაზეა ჩამოკიდებული და არც იდეოლოგიურ რწმენა-წარმოდგენებზე, რომ ამ არჩევანს ყველა ადამიანი აკეთებს შინაგანი სინდიდისის კარნახით და არა ერთხელ, არამედ ყოველთვის, როცა არჩევანის წინაშე დგება. ილია ჭავჭავაძის მთელი მოღვაწეობა ფუჭი ყოფილა, საკუთარი ხალხის მოძულე მდიდარი თავადი, ექსპლუატატორი, მუშათა კლასის მტერი. სწორად უსვრია ამხანაგ მახარაძეს. ილიას მოუტყუებია ხალხი, როცა მის უკულტურობას, ზნეობრივ დაცემას და მუქთახორობას აკრიტიკებდა. რა თქმა უნდა დღეს, ისევე როგორც ორი საუკუნის წინ, ვაჟკაცობა უნდა სიმართლის თქმას: "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შ*****თ!"

გამოსავალი იმ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებაშია, რომ არავინ აგებს შენ ცხოვრებაზე პასუხს, თავად შენ გარდა. გამოსავალი იმის გაცნობიერებაშია, რომ პოლიტიკოსი მხსნელი არ არის. ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივხვდით მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ვიღაც, პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი იმიტომ კი არ ხდება, რომ რაიმე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ჩვენ არ გვსურს მთელი ქვეყნის მართვის ტვირთი მხრებზე ავიკიდოთ და ასე შევიზღუდოთ პიროვნული თავისუფლება. ზუსტად ისევე, როგორც არ გვინდოდა ვყოფილიყავით მაგალითად მანქანის ხელოსანი. მანქანის ხელოსანი ხომ არაა ზებუნებრივი ძალებით აღჭურვილი, მან უბრალოდ იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულ უნარებს ფლობს, არამედ იმიტომ, რომ მან ჩვენგან განსხვავებით ცხოვრების ეს წესი აირჩია. სწორედ ასე ვქირაობთ ჩვენ პოლიტიკოსებს და მათ ჩვენი ხსნა და გამოკვება ისევე არ შეუძლიათ, როგორც მანქანის ხელოსანს არ შეუძლია ჩვენს ნაცვლად შეინახოს ჩვენი ოჯახი.

ძნელია ხალხს მოთხოვო ასეთი მარტივი ჭეშმარიტებების გაცნობიერება, როცა ეს მის ყველაზე ინტელექტუალურ ნაწილსაც ვერ გაუცნობიერებია. როცა, მაგალითად, ცალსახა პასუხი ვერ გაგვიცია კითხვისთვის - უნდა ეცეკვა თუ არა ანსამბლ "ერისიონს" კრემლის საკონცერტო დარბაზში? როცა არგუმენტები ორივე მხრიდან ხელოვნებას იდეოლოგიურ იარაღად განიხილავს, არტისტს კი პოლიტიკოსის ხელში სათამაშოდ მიიჩნევს. ბოლშევიზმის კიდევ ერთი თვალნათელი გამოვლინება. არიტისტს უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ და ამ პოზიციას ყოველთვის ღიად უნდა გამოხატავდეს. პოლიტკორექტულობა პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ და არა არტისტებს. მე ვთვლი, რომ ნორმალური ადამიანის და არტისტის პოზიცია პუტინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სისხლიანი ტირანის მიმართ, მხოლოდ კრიტიკული უნდა იყოს. მთავარი ის კი არაა იცეკვებ თუ არა კრემლის საკონცერტო დარბაზში, არამედ გეყოფა თუ არა გამბედაობა პირდაპირ უთხრა იქ შეკრებილ ხალხს სათქმელი. აქ კითხვა არ უნდა ისმებოდეს დღეს ქართველი არტისტი შეიძლება თუ არა წავიდეს რუსეთში და იქ საკუთარი ხელოვნება აჩვენოს? რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ გამბედაობაც უნდა ეყოს გამოხატოს თავისი ნამდვილი პოზიცია. დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი რუსეთში და კონცერტის ან პრეზენტაციის წინ, ყოველგვარი მოიარების გარეშე შევახსენებდი რომ ჩემი ქვეყნის ორი დიდი რეგიონი, მათი სისხლიანი ტირანის მიერაა ოკუპირებული. სიამოვნებით შევაფურთხებდი სახეში პუტინს, რადგან მე არტისტი ვარ და არანაირი პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე არ ვარ ვალდებული ვინმეს ტრაკი ვუქიცინო, მით უმეტეს იმას, ვის გამოც ათი ათასობით თანამოქალაქე უსახლკაროდაა დარჩენილი. პოლიტიკოსს მოეთხოვება იყოს პოლიტკორექტული, მაგრამ მე ხომ არტისტი ვარ და არა პოლიტიკოსი. რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მომღერალმა ბიორკმა, ჩაატარა კონცერტი ჩინეთში, შუა გამოსვლის დროს, არ მოერიდა რამდენიმე მილიონით დაჯარიმებას, მან დაიწყო ტიბეტის სკანდირება, რითიც გააპროტესტა ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაცია. სამწუხაროდ ანსამბლ "ერისიონს" ასეთი გამბედაობის ნასახიც არ აღმოაჩნდა. მათ გააკეთეს ის, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ - მორჩილად გაუქიცინეს ტრაკი საკუთარი ქვეყნის N1 მტერს და ამაყად დაბრუნდნენ სამშობლოში, სადაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რომ სირცხვილი ამა თუ იმ ადგილას ცეკვა კი არა, ტრაკში ძრომიალია.