მიეცით ბავშვებს დრო
ანა დოლიძემ გამოაქვეყნა მშვენიერი წერილი („პრივატიზებული სიკეთე”) იმის შესახებ თუ როგორ აღმოვჩნდით მიტოვებულნი საკუთარ სიბეცეში, როგორ ვერ შევამჩნიეთ, რომ სახელმწიფო ესკორტებში, თანამედროვე შენობებში დაიმალა და ჩვენ ერთმანეთის თანაგრძნობისა და შემწეობის იმედად დავრჩით მიტოვებულნი. ყოველ დღე ვიღაც ითხოვს დახმარებას, რათა საკუთარი, თუ ახლობლის სიცოცხლე იხსნას. სანამ ქართველი პოლიტიკოსები ჯერ შენების მანიით იყვნენ შეპყრობილნი, ცდილობდნენ „მსოფლიოში პირველი“, „მსოფლიოში ყველაზე დიდი“, „მსოფლიოში ყველაზე ნოვატორული“ და ა.შ. შენობები და სახელმწიფო სერვისები შეექმნათ, სანამ ახალი ხელისუფლება ძველისთვის ძალაუფლების ნაფლეთების წართმევაში, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაში (მერე რა რომ ეს დადებითს არაფერს მოგვიტანს), ბუსუსებიან პრეზერვატივებთან ბრძოლაში, პარლამენტის სხდომაზე ჩოხით მისვლის უფლების მოპოვებაში კარგავს დროს, ათი ათასობით ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში განაგრძობს ცხოვრებას, უცვლელი რჩება შრომის კანონმდებლობა და სოციალური დაცვის გარანტიები. რატომღაც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას უფრო მეტი დრო დაჭირდა ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილებებს. ადამიანები ჯერ კიდევ ერთმანეთის დახმარების და თანაგრძნობის იმედად არიან მიტოვებულნი, როგორც იყვნენ გასული ცხრა წლის განმავლობაში.
ამ შემთხვევაში დამნაშავე ვართ ყველა - ძველი ხელისუფლებაც, ახალიც, საზოგადოებაც, ერიც და ბერიც. ყველა დამნაშავეები ვართ ერთად და ცალკ-ცალკე. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. გაისმა კითხვები - იქნებ ჯობდეს შემოწირულობები ეკლესიამ ღარიბებზე ზრუნვას მოახმაროს? ჰოდა თუ ჯობს, მაშინ ნუღა გაიღებთ ფულს ამ ქვების გროვების ასაშენებლად. როცა ადამიანები შიმშილით იღუპებიან, ეკლესია კი ახალ-ახალი ეკლესიების ასაშენებლად ითხოვს სახსრებს, ის ეკლესია არაფერია თუ არა ქვების გროვა, ის ეკლესია აღარც ღმერთს ჭირდება და აღარც ადამიანს. არავის მოსვლია თავში აზრად ეთქვა ღმერთმა ეკლესია შექმნაო. ყველა წმინდა წიგნი ამბობს რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანებს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეთ ეს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვინც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რისიც არ უნდა გვწამდეს ამ ქვეყნად, სამ რამეს უნდა ვემსახუროთ მუდამ: სიცოცხლეს, თავისუფლებას და სიყვარულს. მოდით დავრჩეთ ადამიანებად და მივცეთ ბავშვებს დრო - დაე იცოცხლონ!