მიეცით ბავშვებს დრო
28-03-2013
მიეცით ბავშვებს დრო
არსებობს მომენტი, როცა იდეური, პოლიტიკური, რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა განსხვავება უაზრო ხდება და ყველა ერთიანდება საკუთარი ადამიანობის გარშემო. როცა რეალობა, ბოლომდე ჩამოიცლის ყველა საფარველს და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე, მთელი თავისი სისრულით აისვეტება შენ წინ. ასეთ დროს მიწაზე ენარცხები და გრცხვენია, რომ მაღალ იდეალებთან მონავარდეს, ყველაზე ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებები, ყურადღების მიღმა დაგრჩა. უბრალოდ იგულისხმე, როგორც თავისთავადი მოცემულობა, მაგრამ სინამდვილეში, მუდმივი შრომაა საჭირო, მუდმივი დაკვირვება. XXI საუკუნის საქართველოში ერთი წლის ბავშვი, შიმშილით
მოკვდა. ეს ის სირცხვილია, რომელსაც ჩვენ, ამ მომენტისთვის ცოცხლად მყოფი ზრდასრული და შრომისუნარიანი ადამიანები ვერასოდეს ჩამოვირეცხავთ. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველ დღე, ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ, რომ რაც არ უნდა დავგეგმოთ, რაც არ უნდა მაღალი მიზნები გვამოძრავებდეს, არასოდეს უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა ადამიანები, რომლებსაც
სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება ჭირდებათ. ეს ყოველთვის ყველას უნდა გვახსოვდეს! ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ისე ბრმავდებიან ძლიერი სახელმწიფოს შენების თვალისმომჭრელი ცდუნების წყალობით, რომ ავიწყდებათ - სახელმწიფო ძლიერია თუ სუსტი, დიდია თუ პატარა, მარჯვნივაა გადახრილი თუ მარცხნივ, ადამიანს უნდა ემსახურებოდეს. ის პირველ რიგში უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების სიცოცხლეს და თავისუფლებას. სახელმწიფო მხოლოდ ცოცხალ და ამ სიცოცხლის თავისუფლად განმკარგავ ადამიანებს ჭირდებათ. ამიტომ დღეს, არ არსებობს იმაზე მაღალი მიზანი, ვიდრე შიმშილის და სიღარიბის დამარცხებაა. ეს უნდა ახსოვდეს ყველა პოლიტიკოსს და ყველა ადამიანს, რათა ყოველთვის შევახსენოთ ერთმანეთს, საით უნდა იყოს მიმართული ჩვენი ძალისხმევა არა აქციიდან აქციამდე, არა მსხვერპლიდან მსხვერპლამდე, არამედ ყოველ დღე.

ანა დოლიძემ გამოაქვეყნა მშვენიერი წერილი („პრივატიზებული სიკეთე”) იმის შესახებ თუ როგორ აღმოვჩნდით მიტოვებულნი საკუთარ სიბეცეში, როგორ ვერ შევამჩნიეთ, რომ სახელმწიფო ესკორტებში, თანამედროვე შენობებში დაიმალა და ჩვენ ერთმანეთის თანაგრძნობისა და შემწეობის იმედად დავრჩით მიტოვებულნი.   ყოველ დღე ვიღაც ითხოვს დახმარებას, რათა საკუთარი, თუ ახლობლის სიცოცხლე იხსნას. სანამ ქართველი პოლიტიკოსები ჯერ შენების მანიით იყვნენ შეპყრობილნი, ცდილობდნენ „მსოფლიოში პირველი“, „მსოფლიოში ყველაზე დიდი“, „მსოფლიოში ყველაზე ნოვატორული“ და ა.შ. შენობები და სახელმწიფო სერვისები შეექმნათ, სანამ ახალი ხელისუფლება ძველისთვის ძალაუფლების ნაფლეთების წართმევაში, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაში (მერე რა რომ ეს დადებითს არაფერს მოგვიტანს), ბუსუსებიან პრეზერვატივებთან ბრძოლაში, პარლამენტის სხდომაზე ჩოხით მისვლის უფლების მოპოვებაში კარგავს დროს, ათი ათასობით ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში განაგრძობს ცხოვრებას, უცვლელი რჩება შრომის კანონმდებლობა და სოციალური დაცვის გარანტიები. რატომღაც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას უფრო მეტი დრო დაჭირდა ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილებებს. ადამიანები ჯერ კიდევ ერთმანეთის დახმარების და თანაგრძნობის იმედად არიან მიტოვებულნი, როგორც იყვნენ გასული ცხრა წლის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში დამნაშავე ვართ ყველა - ძველი ხელისუფლებაც, ახალიც, საზოგადოებაც, ერიც და ბერიც. ყველა დამნაშავეები ვართ ერთად და ცალკ-ცალკე. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. გაისმა კითხვები - იქნებ ჯობდეს შემოწირულობები ეკლესიამ ღარიბებზე ზრუნვას მოახმაროს? ჰოდა თუ ჯობს, მაშინ ნუღა გაიღებთ ფულს ამ ქვების გროვების ასაშენებლად. როცა ადამიანები შიმშილით იღუპებიან, ეკლესია კი ახალ-ახალი ეკლესიების ასაშენებლად ითხოვს სახსრებს, ის ეკლესია არაფერია თუ არა ქვების გროვა, ის ეკლესია აღარც ღმერთს ჭირდება და აღარც ადამიანს. არავის მოსვლია თავში აზრად ეთქვა ღმერთმა ეკლესია შექმნაო. ყველა წმინდა წიგნი ამბობს რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანებს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეთ ეს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვინც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რისიც არ უნდა გვწამდეს ამ ქვეყნად, სამ რამეს უნდა ვემსახუროთ მუდამ: სიცოცხლეს, თავისუფლებას და სიყვარულს. მოდით დავრჩეთ ადამიანებად და მივცეთ ბავშვებს დრო - დაე იცოცხლონ!

nanuli
03 აპრილი 2013 19:23
უფალმა მაპატიოს მაგრამ ადამიანებიტვის არის საჯირო როდესა შენდება,მშიერს ლოცვაც არ შეუცლია
მანანა -შ.
03 აპრილი 2013 18:44
ლელას, - შეიძლება ბევრი გამინაწყენდეს, მაგრამ გეთანხმები, მეც რომ მქონდეს საშუალება, პირველ რიგში მიუსაფარ ხალხს დავეხმარებოდი, რა თქმა უნდა არც ეკლესიას არ დავივიწყებდი და არც უპატრონო ცხოველებს.
Shorena
02 აპრილი 2013 15:20
დაე, კიდევ ბევრი ეკლესია აშენებულიყოს საქართველოში და ღმერთი გვფარავდეს.
ვიტყვი რომ, ჟურნალისტს, პირველ რიგში უცოდინრობა და უვიცობა არ ეპატიება. გადაშალოს ბიბლია და გაიგებს ღმერთს ჭირდება თუ არა ეკლესია და რაა ეკლესიის დანიშნულება.
ამის მერე აიღოს პოლიტოლოოგიის წიგნიც, არც ეს აწყენდა.
და მერე დაწეროს ამ თემებზე.

რედაქტორის რჩევით