1 მაისი - შემობრუნების დასაწყისი - კვირის პალიტრა

1 მაისი - შემობრუნების დასაწყისი

ბევრი ვიყოყმანე სანამ ამ ბლოგს დავწერდი. სამი სხვადასხვა თემა მიტრიალებდა თავში, ყველაზე მეტად კი მივხვდი, სწორედ ეს მაღელვებდა. რატომ? რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში იმიტომ რომ სოციალიზმი მძულს, მეორე იმიტომ, რომ ჩემში მაინც საბჭოთა ასოციაციებს იწვევს და მესამე იმიტომ, რომ ამ აქციაში ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა, რომლებიც მიყვარს და მათ გულწრფელობასა და კეთილ მიზნებში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბლოგი ჩემთვის გამოწვევასავითაა - შევძლებ თუ არა შევინარჩუნო ობიექტურობა მიუხედავად იმისა რომ მძულს სოციალიზმი? ვეცდები.

1 მაისი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენში საბჭოთა კავშირის ასოციაციებს იწვევს, ეს დღე საბჭოთა კავშირის არაა. ის მუშათა საერთაშორისო დღეა, თუმცა დღეს სიტყვა პროლეტარიატიც უფრო ფართო გაგებით იხმარება და არანაირად არ გულისხმობს იმ შინაარსს, რასაც საბჭოთა კავშირში დებდნენ. რეალურად საბჭოთა კავშირი იმგვარი სივრცე იყო, სადაც საგნები, მოვლენები, ცნებები, მუდმივად დამახინჯებული იყო. თან იყო და თან არ იყო. საბჭოთა კავშირში ადამიანზეც კი ბევრს ვერაფერს გაიგებდით. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, ადამიანის შესახებ ამ სივრცეში ვერაფერს გაიგებ, არაფერს გეუბნება ის, თუ როგორ გამოავლენს ადამიანი თავს ამ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა ცნებებს და მოვლენებს შინაარსი დავუბრუნოთ, კი არ უარვყოთ, არამედ ახალი შინაარსი ჩავდოთ და ვინ გააკეთებს ამას? ამას ახალი თაობა გააკეთებს, რომელიც არ მოსწრებია 1 მაისს წითელ ყელსახვევიანი პიონერების მსვლელობას ქალაქის მთავარ პროსპექტსა და მოედნებზე ფერადი ბუშტებით და ათასი სისულელით. ეს სანახაობა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში მირევდა გულს. ამიტომ 2013 წლის 1 მაისი ჩემი აზრით სწორედ ამგვარი შემობრუნების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ, როცა ახალმა თაობამ, იმათ ვინც არ მოსწრებია საბჭოეთს, ვინც ბავშვობა ბნელ 90-იანებში გაატარა და მოზარდობა კაპიტალიზმის ყველაზე უფრო ველურ ფორმებში, სადაც სოციალური დარვინიზმი უზენაეს კანონად იყო ქცეული, დაძლია წარსულთან გაიგივების შიში და ახალი შინაარსის ჩადება დაიწყო ამ დღეში.

1 მაისი შემობრუნების დასაწყისია, რადგან სოციალიზმი არ ჩნდება იქ, სადაც სახელმწიფო არ შემდგარა. ყველაზე უფრო ოპტიმისტ და შეუგუებელ ადამიანსაც კი, 2003 წლამდე არ მოუვიდოდა თავში აზრად სახელმწიფოსგან მოეთხოვა სოციალური სამართლიანობა. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, სადღაც, ქაღალდზე. სახელმწიფოს ბუტაფორია უფრო ეთქმოდა და არც არავინ იფიქრებდა ამ ბუტაფორიისთვის რამის მოთხოვნას აზრი აქვსო. სახელმწიფო სამსახურში მუშაობა შიმშილს უდრიდა, თვეობით გაყინული პენსიებისა და ხელფასების მოთხოვნაც კი აზრს მოკლებული იყო. 2007 წლის შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო სოციალიზმის, როგორც იდეოლოგიის გარკვეულ წრეებში რეანიმაციის პროცესი. ნელ-ნელა სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაბედა ეთქვა რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმი არ იყო (ესეც ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იქ არაფერი იყო ნამდვილი) და გაჩნდა მცირე, მაგრამ ჯგუფი, რომლებიც სულ უფრო ხმამაღლა მოითხოვდნენ სახელმწიფოსგან სოციალური სამართლიანობისკენ აქტიური ნაბიჯების გადადგმას. სოციალიზმის არსებობა ქვეყანაში იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუცია შედგა და მისთვის რამის მოთხოვნას აზრი აქვს, იმდენად, რამდენადაც მას აქვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი (ვცდილობ ავცდე სოციალიზმის კრიტიკას).

სოციალიზმის კრიტიკას ყოველთვის საბჭოთა კავშირიდან ვიწყებთ. განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში. მე როგორც სოციალიზმის მოძულეს, ბევრი არგუმენტი მაქვს, თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა სოციალიზმი, იგი შვა მემარჯვენე დისკურსების სრულმა ამოძირკვამ. პოტენციურად, თუ კი სივრციდან განვდევნით მემარჯვენე იდეოლოგიებს, მივიღებთ საბჭოთა კავშირს თუ არა, ტოტალიტარიზმის მსგავს მოდელს მაინც. მაგალითები ბევრია სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ. მეორეს მხრივ თუ კი საერთოდ უარს ვიტყვით სოციალიზმზე, ხელში შეგვრჩება სოციალური დარვინიზმი, ასევე არაადამიანური საზოგადოება, სადაც ძლიერი უნდა გადარჩეს, სუსტი კი უნდა მოკვდეს. რატომაა ევროპა წარმატებული? ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ იქ პოლიტიკური სივრცე არასოდეს ყოფილა კასტრირებული, არასოდეს განდევნილა ბოლომდე სოციალიზმი, როგორც იდეოლოგია და არასოდეს დარჩენილა მემარჯვენე იდეოლოგიები სოციალიზმის გამაწონასწორებელი ფაქტორის გარეშე. შრომის უფლებებს, სოციალური სამართლიანობისკენ მუდმივ სწრაფვას სწორედ სოციალისტებს უნდა ვუმადლოდეთ. ყოველ შემთხვევაში თუ სადმე ვინმეს გადაავიწყდა რომ არსებობს სოციალური უფლებები და ამ უფლებებს რეალიზება ჭირდება, აუცილებლად შეახსენებენ მოლოტოვის კოქტეილებით, ქვაფენილის თლილი ქვებით და დროშის ტარებით შეიარაღებული მშრომელები, მათი მხარდამჭერი სტუდენტები და თავისუფალი ადამიანები, რომლებისთვისაც ნებისმიერი, მათ შორის სოციალური ჩაგვრა, მიუღებელია. სწორედ ეს ნიშნავს ახალი შინაარსის ჩადებას ამ დღეში, სწორედ ესაა 1 მაისის, როგორც საერთაშორისო დღის განუზომელი მნიშვნელობა. მეტსაც გეტყვით, ერთი საქარე მინის ჩამსხვრევა რა არის, ნამდვილი ევროპული 1 მაისი ისე არ ჩაივლის რამდენიმე მანქანა და მაღაზია თუ არ დაიწვა და ეს ყველაფერი შემდეგ პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაიზარდა. ეს საფასურია, რომლის გადახდაც წელიწადში ერთხელ ნამდვილად ღირს, იმისთვის რომ ბავშვები შიმშილით არ იხოცებოდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილებისას კი პოლიტიკოსებს არ დაავიწყდეთ, რომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება, ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანადაა განსაზღვრული.

2013 წლის 1 მაისს, სტუდენტებმა, არტისტებმა, უბრალოდ თავისუფალმა ადამიანებმა და უფრო ურტრირებულად თუ ვიტყვით, ახალმა თაობამ დაიწყო ახალი შინაარსის ჩადება. ისინი გამოვიდნენ გაცილებით უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ამას მათი თანამოაზრე ევროპელები აკეთებენ ხოლმე და მსვლელობა დაიწყეს. რა თქმა უნდა ეს იყო აგრესიული, რა თქმა უნდა მათ უმრავლესობას მარქსი არასოდეს გადაუშლია, რა თქმა უნდა იქ თითქმის არ იყვნენ მუშები, რა თქმა უნდა მათ სწორედ იმ ბანკზე მიიტანეს შეტევა, რომელიც ყველაზე მეტ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რა თქმა უნდა ბევრი რამის გამო შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე არაადექვატური იყო. მათ ვერ დაინახეს მთავარი იდეა და არაფრის მთქმელ წვრილმანებს გამოეკიდნენ. კიდევ უფრო არაადექვატური იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების და პოლიციის რეაქცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც 1 მაისს მოხდა. ამ დღეს ნათლად დავინახეთ, თუ რაოდენ არაპროფესიონალურად იქცევა პოლიცია, როგორც კი საქმე მიდგება შეკრებებისა და მანიფესტაციებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. აღმოჩნდა რომ ჩვენმა პოლიციელებმა იციან ორი რამ: ან ინერტულად უყურებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ან გადაჭარბებული, არაადექვატური ძალითა და ზედმეტი მონდომებით იწყებენ აქციის დაშლას. არაადექვატური აღმოჩნდა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრიც, მან იმის ნაცვლად რომ სასწრაფოდ მიეღო ზომები, პოლიციის გადასმზადებლად, პირდაპირ დაიწყო ამ დარბევის გამართლება. ეს დაუშვებელია, საჭიროა პოლიციის მომზადება ასეთი შემთხვევებისთვის, რათა მათ შეძლონ და შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტონ უფლებამოსილებას.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ სოციალიზმი მძულს, მიყვარს ადამიანები, ვთვლი რომ სახელმწიფოს არსებობას პირველ რიგში ის აზრი აქვს (სხვა აზრიც აქვს მაგრამ პირველ რიგში ეს), რომ ადამიანებმა ცხოველებივით არ ვიბრძოლოთ თვითგადარჩენისთვის, რომ ძლიერებმა ვიზრუნოთ სუსტებზე, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა რა შესაძლებლობებს ფლობს, არ შეეშინდეს შიმშილით სიკვდილის, შრომა არ გადაექცეს მონობად, რომ ადამიანები აღარ ითხოვდნენ ძვირადღირებული ოპერაციების დასაფინანსებლად შემწეობას, სიცოცხლის გადასარჩენად აღარ ჭირდებოდეთ სხვისი მოწყალების იმედად ყოფნა და ა.შ. მე მინდა სახელმწიფო აღიარებდეს უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს.