1 მაისი - შემობრუნების დასაწყისი
1 მაისი - შემობრუნების დასაწყისი
ბევრი ვიყოყმანე სანამ ამ ბლოგს დავწერდი. სამი სხვადასხვა თემა მიტრიალებდა თავში, ყველაზე მეტად კი მივხვდი, სწორედ ეს მაღელვებდა. რატომ? რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში იმიტომ რომ სოციალიზმი მძულს, მეორე იმიტომ, რომ ჩემში მაინც საბჭოთა ასოციაციებს იწვევს და მესამე იმიტომ, რომ ამ აქციაში ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა, რომლებიც მიყვარს და მათ გულწრფელობასა და კეთილ მიზნებში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბლოგი ჩემთვის გამოწვევასავითაა - შევძლებ თუ არა შევინარჩუნო ობიექტურობა მიუხედავად
იმისა რომ მძულს სოციალიზმი? ვეცდები.

1 მაისი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენში საბჭოთა კავშირის ასოციაციებს იწვევს, ეს დღე საბჭოთა კავშირის არაა. ის მუშათა საერთაშორისო დღეა, თუმცა დღეს სიტყვა პროლეტარიატიც უფრო ფართო გაგებით იხმარება და არანაირად არ გულისხმობს იმ შინაარსს, რასაც საბჭოთა კავშირში დებდნენ. რეალურად საბჭოთა კავშირი
იმგვარი სივრცე იყო, სადაც საგნები, მოვლენები, ცნებები, მუდმივად დამახინჯებული იყო. თან იყო და თან არ იყო. საბჭოთა კავშირში ადამიანზეც კი ბევრს ვერაფერს გაიგებდით. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, ადამიანის შესახებ ამ სივრცეში ვერაფერს გაიგებ, არაფერს გეუბნება ის, თუ როგორ გამოავლენს ადამიანი თავს ამ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა ცნებებს და მოვლენებს შინაარსი დავუბრუნოთ, კი არ უარვყოთ, არამედ ახალი შინაარსი ჩავდოთ და ვინ გააკეთებს ამას? ამას ახალი თაობა გააკეთებს, რომელიც არ მოსწრებია 1 მაისს წითელ ყელსახვევიანი პიონერების მსვლელობას ქალაქის მთავარ პროსპექტსა და მოედნებზე ფერადი ბუშტებით და ათასი სისულელით. ეს სანახაობა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში მირევდა გულს. ამიტომ 2013 წლის 1 მაისი ჩემი აზრით სწორედ ამგვარი შემობრუნების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ, როცა ახალმა თაობამ, იმათ ვინც არ მოსწრებია საბჭოეთს, ვინც ბავშვობა ბნელ 90-იანებში გაატარა და მოზარდობა კაპიტალიზმის ყველაზე უფრო ველურ ფორმებში, სადაც სოციალური დარვინიზმი უზენაეს კანონად იყო ქცეული, დაძლია წარსულთან გაიგივების შიში და ახალი შინაარსის ჩადება დაიწყო ამ დღეში.

1 მაისი შემობრუნების დასაწყისია, რადგან სოციალიზმი არ ჩნდება იქ, სადაც სახელმწიფო არ შემდგარა. ყველაზე უფრო ოპტიმისტ და შეუგუებელ ადამიანსაც კი, 2003 წლამდე არ მოუვიდოდა თავში აზრად სახელმწიფოსგან მოეთხოვა სოციალური სამართლიანობა. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, სადღაც, ქაღალდზე. სახელმწიფოს ბუტაფორია უფრო ეთქმოდა და არც არავინ იფიქრებდა ამ ბუტაფორიისთვის რამის მოთხოვნას აზრი აქვსო. სახელმწიფო სამსახურში მუშაობა შიმშილს უდრიდა, თვეობით გაყინული პენსიებისა და ხელფასების მოთხოვნაც კი აზრს მოკლებული იყო. 2007 წლის შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო სოციალიზმის, როგორც იდეოლოგიის გარკვეულ წრეებში რეანიმაციის პროცესი. ნელ-ნელა სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაბედა ეთქვა რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმი არ იყო (ესეც ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იქ არაფერი იყო ნამდვილი) და გაჩნდა მცირე, მაგრამ ჯგუფი, რომლებიც სულ უფრო ხმამაღლა მოითხოვდნენ სახელმწიფოსგან სოციალური სამართლიანობისკენ აქტიური ნაბიჯების გადადგმას. სოციალიზმის არსებობა ქვეყანაში იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუცია შედგა და მისთვის რამის მოთხოვნას აზრი აქვს, იმდენად, რამდენადაც მას აქვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი (ვცდილობ ავცდე სოციალიზმის კრიტიკას).

სოციალიზმის კრიტიკას ყოველთვის საბჭოთა კავშირიდან ვიწყებთ. განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში. მე როგორც სოციალიზმის მოძულეს, ბევრი არგუმენტი მაქვს, თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა სოციალიზმი, იგი შვა მემარჯვენე დისკურსების სრულმა ამოძირკვამ. პოტენციურად, თუ კი სივრციდან განვდევნით მემარჯვენე იდეოლოგიებს, მივიღებთ საბჭოთა კავშირს თუ არა, ტოტალიტარიზმის მსგავს მოდელს მაინც. მაგალითები ბევრია სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ. მეორეს მხრივ თუ კი საერთოდ უარს ვიტყვით სოციალიზმზე, ხელში შეგვრჩება სოციალური დარვინიზმი, ასევე არაადამიანური საზოგადოება, სადაც ძლიერი უნდა გადარჩეს, სუსტი კი უნდა მოკვდეს. რატომაა ევროპა წარმატებული? ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ იქ პოლიტიკური სივრცე არასოდეს ყოფილა კასტრირებული, არასოდეს განდევნილა ბოლომდე სოციალიზმი, როგორც იდეოლოგია და არასოდეს დარჩენილა მემარჯვენე იდეოლოგიები სოციალიზმის გამაწონასწორებელი ფაქტორის გარეშე. შრომის უფლებებს, სოციალური სამართლიანობისკენ მუდმივ სწრაფვას სწორედ სოციალისტებს უნდა ვუმადლოდეთ. ყოველ შემთხვევაში თუ სადმე ვინმეს გადაავიწყდა რომ არსებობს სოციალური უფლებები და ამ უფლებებს რეალიზება ჭირდება, აუცილებლად შეახსენებენ მოლოტოვის კოქტეილებით, ქვაფენილის თლილი ქვებით და დროშის ტარებით შეიარაღებული მშრომელები, მათი მხარდამჭერი სტუდენტები და თავისუფალი ადამიანები, რომლებისთვისაც ნებისმიერი, მათ შორის სოციალური ჩაგვრა, მიუღებელია. სწორედ ეს ნიშნავს ახალი შინაარსის ჩადებას ამ დღეში, სწორედ ესაა 1 მაისის, როგორც საერთაშორისო დღის განუზომელი მნიშვნელობა. მეტსაც გეტყვით, ერთი საქარე მინის ჩამსხვრევა რა არის, ნამდვილი ევროპული 1 მაისი ისე არ ჩაივლის რამდენიმე მანქანა და მაღაზია თუ არ დაიწვა და ეს ყველაფერი შემდეგ პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაიზარდა. ეს საფასურია, რომლის გადახდაც წელიწადში ერთხელ ნამდვილად ღირს, იმისთვის რომ ბავშვები შიმშილით არ იხოცებოდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილებისას კი პოლიტიკოსებს არ დაავიწყდეთ, რომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება, ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანადაა განსაზღვრული.
2013 წლის 1 მაისს, სტუდენტებმა, არტისტებმა, უბრალოდ თავისუფალმა ადამიანებმა და უფრო ურტრირებულად თუ ვიტყვით, ახალმა თაობამ დაიწყო ახალი შინაარსის ჩადება. ისინი გამოვიდნენ გაცილებით უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ამას მათი თანამოაზრე ევროპელები აკეთებენ ხოლმე და მსვლელობა დაიწყეს. რა თქმა უნდა ეს იყო აგრესიული, რა თქმა უნდა მათ უმრავლესობას მარქსი არასოდეს გადაუშლია, რა თქმა უნდა იქ თითქმის არ იყვნენ მუშები, რა თქმა უნდა მათ სწორედ იმ ბანკზე მიიტანეს შეტევა, რომელიც ყველაზე მეტ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რა თქმა უნდა ბევრი რამის გამო შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე არაადექვატური იყო. მათ ვერ დაინახეს მთავარი იდეა და არაფრის მთქმელ წვრილმანებს გამოეკიდნენ. კიდევ უფრო არაადექვატური იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების და პოლიციის რეაქცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც 1 მაისს მოხდა. ამ დღეს ნათლად დავინახეთ, თუ რაოდენ არაპროფესიონალურად იქცევა პოლიცია, როგორც კი საქმე მიდგება შეკრებებისა და მანიფესტაციებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. აღმოჩნდა რომ ჩვენმა პოლიციელებმა იციან ორი რამ: ან ინერტულად უყურებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ან გადაჭარბებული, არაადექვატური ძალითა და ზედმეტი მონდომებით იწყებენ აქციის დაშლას. არაადექვატური აღმოჩნდა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრიც, მან იმის ნაცვლად რომ სასწრაფოდ მიეღო ზომები, პოლიციის გადასმზადებლად, პირდაპირ დაიწყო ამ დარბევის გამართლება. ეს დაუშვებელია, საჭიროა პოლიციის მომზადება ასეთი შემთხვევებისთვის, რათა მათ შეძლონ და შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტონ უფლებამოსილებას.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ სოციალიზმი მძულს, მიყვარს ადამიანები, ვთვლი რომ სახელმწიფოს არსებობას პირველ რიგში ის აზრი აქვს (სხვა აზრიც აქვს მაგრამ პირველ რიგში ეს), რომ ადამიანებმა ცხოველებივით არ ვიბრძოლოთ თვითგადარჩენისთვის, რომ ძლიერებმა ვიზრუნოთ სუსტებზე, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა რა შესაძლებლობებს ფლობს, არ შეეშინდეს შიმშილით სიკვდილის, შრომა არ გადაექცეს მონობად, რომ ადამიანები აღარ ითხოვდნენ ძვირადღირებული ოპერაციების დასაფინანსებლად შემწეობას, სიცოცხლის გადასარჩენად აღარ ჭირდებოდეთ სხვისი მოწყალების იმედად ყოფნა და ა.შ. მე მინდა სახელმწიფო აღიარებდეს უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს.
guanini
10 მაისი 2013 12:04
ავტორს
აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით, რაკი ეს ბლოგი თქვენთვის გამოწვევა იყო, გეტყვით, რომ შესანიშნავად გაართვით თავი. დავძენ იმას, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების არაადეკვატურმა რეაქციამ შემაშფოთა. რაც შეეხება ცნებების გაუკუღმართებას, ეს საბჭოთა კავშირის მსგავსად, ნაციონალების მმართველობის პერიოდსაც ახასიათებდა. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი,რომ ჩვენი საზოგადოება საერთოდ დაჩლუნგდა და ყველა მოვლენას ერთი კუთხით აღიქვამს, ამიტომ მივესალმები ამგვარ გონივრულ სტატიებს.
იაზროვნე
09 მაისი 2013 11:12
ევროპაში კომუნიზმია??????? ნაწილი II

მხარეები კისრულობენ შემდეგ მუხლებსა და პუნქტებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას III ნაწილით განსაზღვრული წესით.
მუხლი 1 – შრომის უფლება
შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევას და შენარჩუნებას, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით;
2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფილობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება;
3. ყველა მუშაკისათვის დასაქმების უფასო სამსახურების შექმნა და შენარჩუნება;
4. პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის, მომზადებისა და გადამზადების უზრუნველყოფა.

მუხლი 2 – შრომის სამართლიანი პირობებით სარგებლობის უფლება
შრომის სამართლიანი პირობებით უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. დაადგინონ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული რაოდენობა და უზრუნველყონ სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდიქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები;
2. დააწესონ ანაზღაურებადი სახელმწიფო დღესასწაულები;
3. დაადგინონ არა ნაკლებ ოთხი კვირის ხანგრძლივობის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება;
4. აღმოფხვრან საშიში და არაჰიგიენური სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი საფრთხის აღმოფხვრა ან შემცირება, უზრუნველყონ სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება;
5. დაადგინონ ყოველკვირეული დასვენების დღეეები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებული დასვენების დღეს.
6. დასაქმების დაწყების თარიღიდან არა უგვიანეს ორი თვისა უზრუნველყონ მუშაკთა წერილობითი ფორმით ინფორმირება, კონტრაქტის ან შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტის შესახებ;
7. უზრუნველყონ ის მუშაკები, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ასეთი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

მუხლი 3 - უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით
სარგებლობის უფლება
უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მუშაკთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ჰიგიენისა და შრომითი გარემოს შესახებ შესაბამისი ეროვნული პილიტიკის ფორმულირება, განხორციელება და პერიოდული გადახედვა, ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის გაუმჯობესება და ავარიებისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, შრომით გარემოში არსებული საფრთხის მინიმიზაციის გზით;
2.მიიღონ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული ნორმები;
3.დააწესონ ზედამხედველობა ასეთი ნორმების შესრულებაზე;
4. ხელი შეუწყონ პრევენციული და საკონსულტაციო ფუნქციების მქონე შრომითი ჰიგიენის სამსახურების განვითარებას.

მუხლი 4-შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლება
შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს;
2.აღიარონ მუშაკთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება, ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით;
3.აღიარონ ქალთა და მამაკაცთა მიერ თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების უფლება;
4. აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება;
5. დაუშვან ხელფასებიდან დაქვითვები მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით ან საკანონმდებლო აქტებით, ასევე კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული უფლებები განხორციელდება კოლექტიური ხელშეკრულებების, ხელფასის დადგენის კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ან სხვა საშუალებებით.
მუხლი 5-ორგანიზების უფლება
თავიანთი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად მუშაკთა და დამსაქმებელთა მიერ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის და ამ ორგანიზაციებში გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის კანომდებლობაში არ შეიტანენ ისეთ ნორმებს, და ასევე არ გამოიყენებენ საკანონმდებლო ნორმებს ისეთი ფორმით, რომელიც შეზღუდავს ზემოაღნიშნული თავისუფლებით სარგებლობას. საპოლიციო სტრუქტურების მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გარანტიების გამოყენების ფარგლებში განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით. შეიარაღებული ძალების წევრთა მიმართ ამ გარანტიების გამოყენების წესი და ფარგლები ასევე განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 6- კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება
კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. ხელი შეუწყონ მუშაკებსა და დამსაქმებლებს შორის ერთობლივი კონსულტაციების ჩატარებას;
2. აუცილებლობის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ხელი შეუწყონ დამსაქმებელთა ან მუშაკთა ორგანიზაციებს შორის ნებაყოფილობით კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის ამოქმედებას, კოლექტიური ხელშეკრულებების დადების გზით, დასაქმების ვადებისა და პირობების განსაზღვრის მიზნით;
3. ხელი შეუწყონ მორიგებისა და ნებაყოფლობითი საარბიტრაჟო მექანიზმის გამოყენებას შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით;
და აღიარებენ:
4. მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებას მიიღონ კოლექტიური ზომები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ადრე დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან.
მუხლი 7- ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე
ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენს 15 წელს, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ბავშვები დასაქმებულნი არიან კანონით გათვალისწინებულ მსუბუქ სამუშაოზე, რაც ზიანს არ აყენებს მათ ჯანმრთელობას, მორალს ან განათლებას;
2. უზრუნველყონ, რომ ისეთ სამუშაოზე მიღების ასაკი, რომელიც მიჩნეულია სახიფათოდ ან არაჰიგიენურად, შეადგენს 18 წელს;
3. უზრუნველყონ, რომ ის პირები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სავალდებულო განათლების მიღება, არ იქნენ დასაქმებულნი ისეთ სამუშაოებზე, რაც ხელს შეუშლის მათ შესაბამისი განათლების მიღებაში;
4. უზრუნველყონ 18 წლამდე ასაკის პირებისათვის სამუშაო საათების შემცირება მათი განვითარების და კერძოდ, პროფესიული მომზადების საჭიროებათა შესაბამისად;
5. აღიარონ ახალგაზრდა მუშებისა და შეგირდების მიერ სამართლიანი ხელფასის ან სხვაგვარი გასამრჯელოს მიღების უფლება;
6. უზრუნველყონ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო დღის განმავლობაში ახალგაზრდების მიერ პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დრო დამსაქმებლის თანხმობით ჩაითვალოს სამუშაო საათებში;
7. უზრუნველყონ 18 წლამდე ასაკის პირებისათვის არა ნაკლებ ოთხკვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება;
8. უზრუნველყონ, რომ 18 წლამდე ასაკის პირები იქნენ დასაქმებულნი ღამის სამუშაოებზე, გარდა იმ სამუშაოებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით;
9. უზრუნველყონ 18 წლამდე ასაკის იმ პირების რეგულარული სამედიცინო შემოწმება, რომლებიც დასაქმებულნი არიან ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ სამუშაოზე;
10. უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდების სპეციალური დაცვა ფიზიკური და მორალური ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათ საქმიანობასთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით.
მუხლი 8 - ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლება
ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. უზრუნველყონ დასაქმებული ქალები ბავშვის დაბადებამდე და ბავშვის დაბადების შემდეგ არანაკლებ თოთხმეტი კვირის ხანგრძლივობის ანაზღაურებადი დეკრეტული შევებულებით, ადეკვატური სოციალური უზრუნველყოფით ან სახელმწიფო ფონდებით გათვალისწინებული შეღავათებით;
2. უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შევებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში, ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას;
3. უზრუნველყონ მეძუძური დედების მიერ სამუშაო დროის გამოყენების უფლება;
4. დაარეგულირონ ფეხმძიმე და მეძუძური ქალების, ასევე იმ ქალების დასაქმება ღამის სამუშაობზე, რომლებიც უვლიან თავიანთ ჩვილებს;
5. აკრძალონ ფეხმძიმე, მეძუძური და ჩვილების მომვლელ ქალების დასაქმება მიწისქვეშა სამთამადნო და ყველა სხვა სამუშაოზე, რომელიც შეუფერებელია მათთვის ამ სამუშაოთა სახიფათო, არაჰიგიენური ან მძიმე ხასიათიდან გამომდინარე და მიიღონ სათანადო ზომები ამ ქალების დასაქმების უფლებათა დასაცავად.
avoe
08 მაისი 2013 23:35
ნუ ურევთ "სოციალიზმსა" და "სოციალურს". არაადეკვატურ საქციელს კი არაადეკვატური რეაქცია მოყვება
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები