არჩევნები თუ მარიონეტების ბრძოლა? - კვირის პალიტრა

არჩევნები თუ მარიონეტების ბრძოლა?

არჩევნები მოახლოვდა და რაც მართალია მართალია, წინასაარჩევნოდ ტემპერატურა იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ერთის მხრივ ეს პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ რამდენად არის დაბალი ტემპერატურა რეალურად კარგი ამ კონტექსტში? არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი რომ პოლიტიკური კულტურის დონემ აიწია, ანდა პოლიტიკოსები გახდნენ უფრო რაციონალურები და ერთმანეთის მიმართ კორექტულები? გახდა თუ არა ძალაუფლებისთვის ბრძოლა უფრო ადამიანური და ტოვებენ თუ არა დაპირისპირებული პოლიტიკოსები ერთმანეთისთვის საარსებო სივრცეს? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ კითხვებზე პასუხი იქნება დადებითი, შეიძლება ვთქვათ რომ ეს დაბალი ტემპერატურა, პოზიტიურია, მაგრამ იმისათვის რომ ამ კითხვებს მეტ-ნაკლები ობიექტურობით გავცეთ პასუხი, უნდა დავინახოთ რეალობა ობიექტურად, უნდა გავცეთ პასუხი მიზეზს, რატომ დაიწია ტემპერატურამ?

მე მახსოვს არჩევნები 1991 წლიდან, მართალია მაშინ სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი და საქართველო თითქოს ერთიანი იყო იმ იდეაში, რომ უნდა გაემარჯვა ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ტემპერატურა და შიდა დაპირისპირება იმდენად დიდი იყო, რომ სულ რაღაც ცხრა თვეში ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვია. ამის შემდეგაც არჩევნები არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის ფონზე. ქართველი პოლიტიკოსების ლოგიკა ყოველთვის აგებული იყო იმაზე, რომ მოწინააღმდეგე ძალა არის აბსოლუტური ბოროტება, რომელიც უნდა გაანადგურო. ასე გაანადგურა ედუარდ შევარდნაძემ გამსახურდია, ასე გაანადგურა სააკაშვილმა შევარდნაძე და ასეთივე შემართებით დაამარცხა ივანიშვილმა სააკაშვილი. დაამარცხა, მაგრამ ჯერჯერობით არ, ან ვერ გაანადგურა. ამის მიუხედავად, არც სააკაშვილი ტოვებს თავის მსჯელობაში იმ შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ცდება თავის პოლიტიკურ პლატფორმაში, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი უნდა და არც ივანიშვილი ტოვებს სივრცეს თავის მსჯელობაში იმისთვის, რომ სააკაშვილი შეიძლება ცდება თავის პოზიციაში, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი უნდა. რა პირობებში ჩამოყალიბდა დღევანდელი პოლიტიკური რეალობა? აქამდე ჩვენ ყოველთვის ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც სრული დაუნდობლობით ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭი იყაროს მესამე ვადით, ბიძინა ივანიშვილი კი, გამარჯვების მიუხედავად ვერ იქცა კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის მქონე პოლიტიკურ ლიდერად. მთლიანობაში, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი დაამარცხა არა იმდენად ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიერ შემოთავაზებულმა ალტერნატიულმა იდეამ, არამედ ხალხში დაგროვილმა ნეგატიურმა განწყობამ და ამ პროცესში მან უბრალოდ გამტარის როლი შეასრულა. ბიძინა ივანიშვილმა რეიტინგის არ მქონე, ლიდერულ უნარჩვევებს მოკლებული და ქარიზმის არმქონე პრეზიდენტობის კანდიდატი წამოაყენა. იგივე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ მას რეალურად არჩვანი არ ჰქონდა, ამ ფონზე ბიძინას ეს შემხვედრი ნაბიჯი, თითქოს სააკაშვილის შემოთავაზებულ თამაშის წესზე აყოლას ემსგავსება. ბუნებრივია არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ბაქრაძე დამოუკიდებლად აირჩევს პოლიტიკურ კურსს და რამენაირად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილის გარეშე, ისევე როგორც არც მარგველაშვილი გავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებ კაცს, მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილი ცდილობს საპირისპიროში დაგვარწმუნოს. შესაბამისად, გამოდის რომ ჩვენ ვირჩევთ არა პოლიტიკურ ლიდერებს, დამოუკიდებელ, ქარიზმის მქონე, ენერგიის მქონე, ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებს, არამედ მარიონეტებს და ამ ფონზე ბუნებრივია ტემპერატურა დაწეულია. თუმცა არის კიდევ ერთი მარიონეტი - ბურჯანაძე, რომელიც ჩემი გადასახედიდან პუტინის მარიონეტია და არ დავხურდავდები, რადგან მგონია, რომ ქართველი ხალხი იმდენად გონიერია, თავისი დაუძინებელი მტრის მარიონეტის არასოდეს აირჩევს.

რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, შეიცვალა პოლიტიკურ სუბიექტთა სტრატეგიებიც. ბევრს გაუკვირდა, უჩვეულო და ოდიოზური საპრეზიდენტო კანდიდატების სიმრავლე დღევანდელ არჩევნებში. თუ აქამდე მხოლოდ ლეიბორისტების ლიდერი ასრულებდა ამ როლს, ამ შემთხვევაში მთელი დუჟინი ერთმანეთზე სასაცილო და ერთგვარად კომიკური საპრეზიდენტო კანდიდატები გამოჩნდნენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ტირანული პოლტიკური სისტემის ნგრევის ბრალია, მაგრამ ასეთი მოსაზრებები არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. საქმე იმაშია რომ მოსახლეობა იყოფა ორ არათანაბარ ნაწილად (ძირითადად) - ნაციონალური მოძრაობის მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებად. ამ უკანასკნელში კი არსებობს რამდენიმე კატეგორია:

1. ვინც პრინციპულად არ მისცემს ხმას ბაქრაძეს და ბიძინას მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ კანდიდატს დაუჭერს მხარს;

2. ვინც პრინციპულად არ მისცემს ხმას ბაქრაძეს, მაგრამ არ მოწონს მარგველაშვილი და ამიტომ ხმას მისცემს ბურჯანაძეს.

3. ვინც პრინციპულად არ მისცემს ხმას ბაქრაძეს და ბურჯანაძეს, მაგრამ არ მოწონს მარგველაშვილი და ხმას მისცემს ვინმე სხვას.

ნაციონალურ მოძრაობას, რამდენადაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ჰყავს მხარდამჭერები და თუ მეტ-ნაკლებად ობიექტურ კვლევებს დავეყრდნობით, ეს რიცხვი 32-დან 35%-მდე მერყეობს. ბაქრაძემ, რა ტიპის საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს, ამ რაოდენობას, ბევრი არც არაფერი მოაკლდება და არც მოემატება, შესაბამისად, არჩევნებზე მხოლოდ ბაქრაძე და მარგველაშვილი რომ იყვნენ წარმოდგენილნი, რა თქმა უნდა ბაქრაძე უპირობოდ დამარცხდებოდა, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, მით მეტი შანსი იქნება საიმისოდ, რომ მარგველაშვილმა ხმები დაკარგოს და ასეთ შემთხვევაში, ბაქრაძე თუ სტაბილური 35%-იანი მხარდაჭერით პრეზიდენტი ვერ გახდება, მეორე ტურს მაინც გამოჰკრავს ხელს. ამდენად, ბურჯანაძე, მიხელ-გელა სალუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე, ის კაცი, ყველა თავისი ოჯახის წევრი რომ ვგონივართ და ა.შ. არის მარგველაშვილისთვის წართმეული პროცენტები და იმ შემთხვევაში თუ ეს ნაწილი 40%-იან ნიშნულს მიაღწევს, მეორე ტური გარდაუვალი იქნება, რაც ნაციონალურ მოძრაობას დაეხმარება დასავლელი პარტნიორების დარწმუნებაში, რომ მათზე დივიდენდების გაცემა ჯერ კიდევ ღირს და მიუხედავად დამარცხებისა, ნაციონალური მოძრაობა რჩება ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ უმცირესობად, რომლის შენარჩუნებისთვის ძალისხმევა ღირს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ტემპერატურის დაწევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გვეშველა და პოლიტიკური კულტურის დონემ აიწია ქვეყანაში, არც იმას ნიშნავს, რომ დავწყნარდით, დავმშვიდდით, ნაკლებად ისტერიულები და მეტად რაციონალურები გავხდით. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს რომ ის ნეხვი, რაც ქართულ პოლიტიკაში ზედაპირზე ტივტივებდა ამდენი წლის განმავლობაში, გაიჟღინთა და წყალქვეშ გაუჩინარდა და თუ ჩვენი უბედურებების მთავარ მიზეზებს, თვალნათლივ ვხედავდით, ახლა წყალქვეშ, ხელების ფათურით მოგვიწევს ძებნა. მარიონეტებს პასუხს ვერ მოთხოვ, რადგან მარიონეტის ჩანაცვლება ძალიან ადვილია, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პოლიტიკური გარემო კი არ გაუმჯობესდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესდა და დგება პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ეპოქა, როცა პასუხს თხოვ ვიღაცას, ვინც ოფიციალურად პასუხისმგებელია შენ წინაშე, მაგრამ ამავდროულად პასუხს ვერ აგებს, რადგან გადაწყვეტილება, რომლის გამოც აკისრებ პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლად არ მიუღია. შესაბამისად, ჩემი აზრით მნიშვნელობაც არ აქვს ამ ორ შორის რომელი მარიონეტი იქნება გამარჯვებული, რადგან უპასუხისმგებლობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მძიმე შედეგებს მოიტანს.