გავრისკოთ თუ არა? - კვირის პალიტრა

გავრისკოთ თუ არა?

ხუმრობენ ხოლმე, თბილისში ერთი და იგივე ქალები თხოვდებიანო. მე და ჩემნაირი გაუთხოვრები კი ვფიქრობთ, რომ დღეს გათხოვება დიდ რისკთანაა დაკავშირებული...კაცის და ქალის ფუნქციები შეიცვალა და იმიტომ. ჩემი მეგობარი საქმრომ მიატოვა - უმუშევარ ცოლს და მერე კიდევ შვილებს რა არჩენსო და წავიდა... როცა გაიგო, კარგ ადგილზე დაიწყო მუშაობაო, ისევ მოუჩოჩდა - მიყვარხარ, გულიდან ვერ ამოგიგდე და მაპატიეო... ჩემმა მეგობარმა აღარ გაიკარა და კარგადაც მოიქცა.

ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები სანთლით საძებარი კია, მაგრამ კაცების "გლობალური უსაქმურობა" ვითომ მხოლოდ მთავრობის ბრალია? არა მგონია. მე ქალი ვარ (უკვე 37 წლის) და რაც უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე, სულ ვმუშაობ.  ერთხანს ნამცხვრებსაც ვაცხობდი, ბავშვის ჩასაცმელს ვქსოვდი და ბაზრობებზე ვაბარებდი, განათლებით ეკონომისტმა ბუღალტერია შევისწავლე და ახლა საკმაოდ კარგი ანაზღაურება მაქვს. ამ ორი წლის წინ ერთ კაცს მირიგებდნენ ნათესავები. ვიფიქრე, - რაც არის არის, ავდგები და გავთხოვდები, ბავშვი ხომ მეყოლება-მეთქი, მაგრამ ქორწინებამდე ისეთი თვისებები გამოავლინა ჩემმა პერსპექტიულმა "საქმრომ", რომ ხელები გავასავსავე ახლობლებთან - გათხოვება აღარავინ მიხსენოთ-მეთქი. ჯერ ერთად არ ვიყავით და უკვე ისეთ შეკვეთებს მაძლევდა, კინაღამ გამაგიჟა: მისი აზრით, კარგი ცოლი ისაა, რომელიც სამსახურშიც დადის, ქმარს და ოჯახს უვლის, საჭმელი კი, მინიმუმ სამნაირი აქვს. ვერ მოვითმინე, - ქმარს რაღა მოეთხოვება-მეთქი?

დავემშვიდობე.

იქნებ მიპასუხოთ, რა ვქნათ იმ ქალებმა, რომლებსაც ოჯახი და შვილები გვინდა, გავბედოთ გათხოვება?!

მაია გოცირიძე