როცა სიყვარული ბრმაა... - კვირის პალიტრა

როცა სიყვარული ბრმაა...

ზოგი იტყვის, სიყვარული ამოუცნობი გრძნობაა, როდის რას გაგაკეთებინებს, არავინ იცის, ამიტომ სხვისი განსჯა არ შეიძლებაო. არც განვსჯი, მხოლოდ გიამბობთ და სახელი თქვენ მოუძებნეთ, დასკვნაც მკითხველისთვის მომინდვია, - გვწერს მკითხველი.

სანდრო და თამარი მეორე კურსზე იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. უყვარდათ ერთმანეთი, ზრდიდნენ ქალ-ვაჟს, მატერიალურად არ უჭირდათ. ათი წლის მერე თამარს უკურნებელი სენი შეეყარა. ვერაფერმა უშველა. დაქვრივდა სანდრო, დაობლდნენ ლუკა და თეონა. სანდროს თავის მოკვლა უნდოდა, ისე ენატრებოდა თამარი, მაგრამ შვილები ფეხზე ხომ უნდა დაეყენებინა? ამიტომაც ძალა უნდა მოეკრიბა და ცხოვრებას დაჰბრუნებოდა. სამსახური ისეთი ჰქონდა, დეპრესიაში დიდხანს მყოფს ვერ იგუებდა, მას მალევე გამოუჩნდებოდა შემცვლელი... და სანდრო ცოლის დაკრძალვიდან მეათე დღეს სამსახურში გამოცხადდა. ახალი მდივანი დახვდა. თეკლა ძალიან ყურადღებიანი გამოდგა. სანდროს ყოველ დავალებას თვალის დახამხამებაში ასრულებდა. სანდრო აშკარად კმაყოფილი იყო ახალი მდივნით.

პირში ქება არ უყვარდა, ამიტომ კმაყოფილებას საჩუქრებით გამოხატავდა. ყოველ დღესასწაულზე მაგიდაზე დაუდებდა ძვირფას სუნამოს, სამკაულს ან ნაირ-ნაირ ნუგბარს...

ერთხელ თეკლა ავად გახდა. სანდრომ საღამოს შინ მიაკითხა და... მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში სიყვარული მეორედ მოსულიყო. სხვას თუ არ გაუმხელდა, საკუთარ თავს ხომ არ მოატყუებდა? თეკლას გარეშე ცუდად გრძნობდა თავს, საკმარისი იყო, ქალი თვალს მოჰფარებოდა, ღელავდა, საქმეს გულს ვერ უდებდა. განსაკუთრებით მას შემდეგ დაკარგა მოსვენება, როცა ფანჯრიდან თვალი მოჰკრა თავის მდივანს, რომელსაც ვიღაც ახალგაზრდა მანქანით ელოდა... გრძნობდა, რომ არც თეკლა იყო მის მიმართ გულგრილი, ამიტომაც გადაწყვიტა,  სიყვარულში გამოსტყდომოდა. თუმცა, შიშობდა კი - ვაითუ, უარი მითხრასო. თორმეტი წლით იყო უფროსი, თანაც ორი შვილი ჰყავდა. ერთ დღესაც, სანდრომ მდივანს რაღაც "დაავალა" და სთხოვა გვიანობამდე დარჩენილიყო.

სანამ ეტყოდა, მიყვარხარო, ისე ღელავდა, ერთი სიცოცხლე გაათავა, - არ მეგონა, ცოლის სიკვდილის შემდეგ თუ ვიფიქრებდი ოჯახზე, მაგრამ შემიყვარდი. იმის გამო თუ არ დაიხევ უკან, რომ შვილები მყავს, შენ არაფერი მოგაკლდება, მე კი გამაბედნიერებო...

გაბედნიერდნენ კიდეც. ბავშვები თავიდან უცხოობდნენ თეკლას, მერე კი, როცა  "ახალმა დედიკომ" პატარა ძამიკო აჩუქა,  გაუშინაურდნენ და შეიყვარეს.

მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდაო... რას იფიქრებდა სანდრო, თეკლა თუ ამას ჩაიდენდა. ქალმა ქმრის ახლობლებს მალე შეაყვარა თავი. თანაც ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მიუცია. სანდრო ენდობოდა, აზრადაც არ მოსვლია,   მეგობრებთან ან სასეირნოდ არ გაეშვა. პატარას ძიძა და ბებია-ბაბუები ცივ ნიავს არ აკარებდნენ...

თეკლამ მაინც სხვა არჩია. ნიკამ, ადრინდელმა შეყვარებულმა, თეკლას მეგობარი შეირთო ცოლად... სწორედ მაშინ გაჰყვა ცოლად სანდროს. გამოხდა ხანი და ნიკამ შეუთვალა, - შევცდი, სხვა არ უნდა მომეყვანა ცოლად, ახლა გავშორდი. და თუ ქმრისგან წამოხვალ, საზღვარგარეთ წავიდეთ და იქ ვიცხოვროთო. თავბრუდახვეულ თეკლას უცებ დაავიწყდა წყენა,  ღალატი, შვილი, ქმარი, გერები და უკანმოუხედავად წავიდა. სანდრო გაოგნებული იყო თეკლას თვალთმაქცობით. თურმე ჩუმად გაუმზადებიათ  საბუთები და როცა გამგზავრების დრო დადგა, ქალმა ერთ ფარატინა ქაღალდზე დაატია სათქმელი - გული მტკივა, რომ გტოვებთ, მაგრამ რა ვქნა, მე ხომ ნიკა ყოველთვის მიყვარდა და ახლა, როცა მოინანია ჩემი მიტოვება და მთხოვს მასთან ერთად ვიყო, არ შემიძლია, არ დავთანხმდეო.

დრო მაინც ანელებს დარდსაც და ტკივილსაც. სანდროც დამშვიდდა...

პატარა გიოზე სანდროს დედა ზრუნავდა. ბავშვს ყურადღებას არ აკლებდნენ თეკლას მშობლებიც, რომლებიც ძალიან აფასებდნენ სიძეს.

რამდენიმე წლის შემდეგ სანდრო დააწინაურეს. იგი ისევ კარგ სასიძოდ ითვლებოდა, ყველა გასათხოვარი ცდილობდა უფროსის გულის მოგებას, მაგრამ სანდრო თითქოს ვერავის ამჩნევდა. ბოლოს,  დაჰყაბულდა მამიდის თხოვნას და გაიცნო 39 წლის მაია. ის ექიმი იყო, კეთილი და სანდომიანი. იცოდა სანდროს ამბავი, მაგრამ იმდენი კარგი ჰქონდა გაგონილი მასზე, თანახმა იყო, სამი ბავშვისთვის დედობა გაეწია.

რაღა ბევრი გავაგრძელო, სანდრომ მესამედ იქორწინა. მაიამ ბავშვების სიყვარული და ნდობა ადვილად მოიპოვა. ძალიან უნდოდა, თავისი შვილი ჰყოლოდა, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. არა უშავს, შენი შვილები ხომ ჩემიცაა, ეტყობა, განგებას ასე უნდოდაო, - უთხრა სანდროს.

ოთხი წლის მერე თეკლა ქმარს გამოექცა. კაცი თაღლითი გამოდგა, თან წამლის "ბარიგა". ქალი მიხვდა, თუ დროზე არ გაშორდებოდა, უბედურებას გადაეყრებოდა... თეკლას შვილის ნახვა უნდოდა, მაგრამ სანდროსი ეშინოდა, მშობლებმაც ზურგი შეაქციეს, - ამისთანა კაცს როგორ უღალატეო, ასე რომ, ქალი მარტო დარჩა, მას მხოლოდ ერთი მეგობარი გულშემატკივრობდა. სწორედ ამ მეგობარმა ითავა და თეკლას მუდარით და სინანულით აღსავსე წერილი სამსახურში მიუტანა სანდროს... რა უცნაური რამეა სიყვარული - ან განარისხებს და გააბოროტებს ადამიანს, ან სიკეთით აავსებს და დიდ შეცდომაზეც დაახუჭვინებს თვალებს. სანდროს გული მოულბო თეკლას წერილმა, ერთი თქვა, - იმ არაკაცმა გზა-კვალი აურიაო და ქალთან შეხვედრა გადაწყვიტა...  პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მათ შორის კვლავ იფეთქა მიძინებულმა გრძნობამ.

მაიას ამბავი მიუტანეს - შენი ქმარი   ნაცოლარს ხვდებაო. მაგრამ ქალს ქმრისთვის არაფერი უთქვამს, მისგან ელოდა პირველ სიტყვას. ეს დღეც მალე დადგა. ძნელი იყო მაიასთვის იმის მოსმენა, რაც სანდრომ უთხრა, - რა ვქნა, მიღალატა, მაგრამ ნანობს და უნდა ვაპატიო. მიყვარს თეკლა, თანაც ის, ჩემი ნაბოლარას დედააო. მაია ზედმეტი აღმოჩნდა, მას უნდა დაეტოვებინა ნაამაგარი ოჯახი... მაინც ვერ მოითმინა და სანდროს ჰკითხა, - მე რომ შენთვის შვილი გამეჩინა, მაინც გამშორდებოდი თუ არაო?.. კაცმა არ უპასუხა. დუმილში კი მისი აზრი იკითხებოდა - შვილიც ვერ გვიშველიდაო...

სანდროს უფროსმა შვილებმა, ლუკამ და თეონამ მაიასთან ცხოვრება გადაწყვიტეს და მის ბინაში გადავიდნენ - მაია  ძალიან გვიყვარს და არ მივატოვებთო.

ახლა სანდრო თეკლასა და გიოსთან ერთად ცხოვრობს. მალე მეოთხესაც ელოდებიან...