ურწმუნო მაჭანკალი და დაუპატიჟებელი "მაყრიონი" - კვირის პალიტრა

ურწმუნო მაჭანკალი და დაუპატიჟებელი "მაყრიონი"

ნუნუ ექიმი თავისი კოლეგისგან ("თეთრი ბაირაღები") ბევრად განსხვავდება. უპირველესად კი იმით, რომ მისი პაციენტები პატიმრები კი არა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.ეს მშვენიერი ქალბატონი  ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს  და დღე არ გავა, 20-მდე პაციენტმა არ მოინახულოს.

ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მერე მოიცალა საკუთარი თავისთვის, მანამდე არც ფიქრობდა გათხოვებაზე. ისე უყვარდა თავისი საქმე, სწავლასა და კარიერას შეალია ყველაზე მნიშვნელოვანი წლები. მაგრამ როგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო და ნუნუკა გათხოვდა, ბედნიერმა მშობლებმა დიდი ქორწილიც გადაუხადეს.

ერთ დღეს ნუნუკას "ავადმყოფთა" რიცხვს კიდევ ერთი,  დეზდემონა ცხაკაია შეემატა.  დეზდემონამ შვილის რჩევით ნუნუკა ექიმს მიაკითხა, რაც კი აწუხებდა, ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა, მალე ისე მოიხიბლა ყურადღებიანი ექიმით, მისი კაბინეტიდან გამოსვლა აღარ უნდოდა. კმაყოფილმა ქალმა ათასი მადლობა გადაუხადა ნუნუკას, გამომშვიდობებისას კი ასეთი დიალოგი გაიმართა მათ შორის:

- ჩემო ლამაზო, ამისთანა კარგი გოგო აქამდე როგორ დარჩი გასათხოვარი? მე მთელ სამეგრელოში ცნობილი მაჭანკალი ვიყავი, ახლა თბილისში გადმოვსახლდი და ჩემი "პროფესიისთვის" არც აქ მიღალატია. შენთვის იმისთანა ბიჭი მყავს, ყველასთვის სანაქებო, ნოდარიკოს ენაცვალოს მამიდა, აბა, ჩემი ძმისშვილი ცუდი რავა იქნება?

- რას ამბობთ, ქალბატონო დეზდემონა, რომელ ბიჭზე მელაპარაკებით? გათხოვილიც ვარ, ქმარიც მყავს და სადაცაა დედა გავხდები! - გადაიკისკისა ნუნუკამ, მაგრამ ვინ დაუჯერა? დეზდემონამ ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა  ექიმი ქალი და  პასუხით უკმაყოფილომ თითის დაქნევაც კი გაუბედა:

- კაი ახლა, ნუ გადამრევ, ბაჯაღლოს "კალიცო" შენ არ გიკეთია და მუცელი არ გეტყობა, რანაირად ხარ გათხოვილი, ან ბავშვს რავა ელოდები? იცოდე, ტყუილები არ გაგივა ჩემთან, ვისაც თვალს დავადგამ, ის ჩემი საკბილო ხდება. წყალი აღარ გაუვა მაგას, მე უნდა გიმაჭანკლო! - უთხრა დეზდემონამ და სიტყვის თქმა არ აცალა ნუნუკას, ისე დატოვა მისი კაბინეტი.

იმ დღეს ყველას სიცილით უამბობდა ნუნუკა დეზდემონას მაჭანკლობაზე, მერე კი, რა თქმა უნდა, მიავიწყდა ეს ინციდენტი.

კვირადღეს ისვენებდა  ნუნუკა  და სახლის "გრანდიოზული დალაგება" გადაწყვიტა. ქმარი რაიონში იყო წასული, ასე რომ, თავს უფლება მისცა, ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. არავის ელოდა, ამიტომაც გაუკვირდა, კარზე გაბმული ზარი რომ გაისმა. კარის გასაღებად წავიდა  და მოულოდნელობისგან "ვაი" აღმოხდა.  ზღურბლთან გაღიმებული დეზდემონა ცხაკაია იდგა დიდი კალათით ხელში, კალათში კი  ხილი და შოკოლადის კანფეტები ეწყო.

- როგორ მომაგენით, ქალბატონო დეზდემონა? - გაოცება ვერ დამალა ნუნუკამ.

- ჩემთვის გაუგებარი და შეუძლებელი არაფერია, შენი მისამართის გაგებას რა უნდოდა? აი, ჯერჯერობით ეს მიიღე შენი საქმროსგან, დანარჩენი მერე იქნება! - თქვა მაჭანკალმა და შეუპატიჟებლად შეაბიჯა  "სარძლოს" ბინაში.

- უკაცრავად, აყრილ-დაყრილი ვარ, მარტო კვირა დღეს მცალია და სახლის დალაგება გადავწყვიტე, - ნუნუკა დაბნეული დაჰყვებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, რომელმაც სამივე ოთახი დაიარა და აბაზანაშიც კი შეიხედა.

- აბა, სადაა შენი ქმარი? რატომ მატყუებ, გოგო, დამიჯერე, ბედნიერებას ხელს ნუ ჰკრავ, ნოდარიკო კარგი ბიჭია.

- ვაიმე, ქალბატონო დეზდემონა, არ ვიტყუები, ნამდვილად გათხოვილი ვარ. ოქროს სამკაულები არ მიყვარს და არც ვიკეთებ. როგორ დაგარწმუნოთ, რომ ქმარი მყავს?

დეზდემონამ თვალები ეშმაკურად მოწკურა და ისევ თითი დაუქნია "სარძლოს".

- უი, მობრძანდით, მის ტანსაცმელს გაჩვენებთ! - გაახსენდა ნუნუკას, ხელი დასტაცა მოძალებულ მაჭანკალს და ტანსაცმლის კარადასთან მიიყვანა, გადმოულაგა შარვალი, პიჯაკი,  პერანგები, დეზდემონა კი კვლავ ჯიუტად იმეორებდა:

- თვალები ვერ მომატყუებს, ისე არ გიციმციმებს, როგორც გათხოვილს! - ეს თქვა და თავი ყავაზეც დაიპატიჟა - ერთი ჭიქა დამალევინე, თუ ქალი ხარ!

მიხვდა ნუნუკა, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა, თანაც დედისტოლა ქალს, სტუმრად მოსულს, უდიერად ხომ არ დაელაპარაკებოდა?! დეზდემონა მაგიდასთან დასვა, სახელდახელოდ ტკბილი სუფრა გაშალა და ყავაც მიართვა. ცოტა ხანში მაჭანკალმა მობილურით "ვიღაცას" დაურეკა და ჩურჩულით ამცნო, - "ჩიტი გალიაშია, დროზე მოდი, გელოდებიო".

სად იყო და სად არა, ნუნუკას ეზოში მანქანების სიგნალის ხმა გაისმა. - მოვიდნენო, - დაიძახა დეზდემონამ და გახარებული  აივნისკენ გავარდა. ნუნუკაც უკან მიჰყვა. გაიხედა და - ორი მანქანა მისი აივნის ქვეშ იდგა.  სიძე,  თავისი მაყრიონით, სადარბაზოში შემოდიოდა. ნუნუკამ ისღა მოიფიქრა, რომ ტელეფონს ეცა და ორ მეგობარს დაურეკა:

- მიშველეთ, მგონი სახლიდან მიტაცებენ, ჩქარა მომაკითხეთ, ჩემი ქმარი შინ არ არისო...

მეგობრები თავიანთი ქმრებიანად თხუთმეტ წუთში ნუნუკასთან გაჩნდნენ და ნოდარიკოს, მის მაჭანკალ მამიდა დეზდემონას და "მაყრიონს" ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან.