"განა მე არ ვედექი ჩემს შვილს გვერდით?"
05-12-2011
"განა მე არ ვედექი ჩემს შვილს გვერდით?"
რამდენიმე ნომრის წინ გამოქვეყნდა ახალგაზრდა მამაკაცის წერილი - "მინდა ცხოვრება თავიდან დავიწყო", რომელსაც მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო წერილი, რომელსაც აუღელვებლად ვერ წაიკითხავ.

"ვინც არ იცის, ან ვისაც არ გამოუცდია, რა საშინელებაა ნარკოტიკი და წამალდამოკიდებული შვილის ყურება, ის სრულად ვერც გაიგებს ჩემს უსაშველო დარდს. მართლმადიდებელი ქრისტიანი რომ არ ვიყო, თავს მოვიკლავდი, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილის ცოდვიანობას ჩემიც დავამატო. ისედაც არაერთხელ ვიხილე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი - სხვა რა ჰქვია
იმას, უყურო შვილს, რომელიც ყველაფერს ლეწავს, ვენებს იჭრის, მოკვლით გემუქრება და მერე იატაკზე გართხმული გევედრება, - წამალი მიშოვეო. დიახ, ასეთი თავზარდამცემი სცენა ხშირად ყოფილა ჩემს ოჯახში. მამამისი მისმა ასეთმა მდგომარეობამ შეიწირა, ქალიშვილი კი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. მე და ჩემი გაუბედურებული შვილი კი სამი წელიწადი ჯოჯოხეთში
ვცხოვრობდით. როცა დამშვიდდებოდა და გონს მოდიოდა, ხელებს მიკოცნიდა, პატიებას მთხოვდა.

მპირდებოდა - ცოტაც და, თავს მოვერევიო, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნიდა და ჩვენი გოლგოთა თავიდან იწყებოდა. არასოდეს არავისი არაფერი შემშურებია, მაგრამ რაც ნიკა წამალდამოკიდებული გახდა, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ მშურდა წესიერი შვილების დედებისა. რა არ ვცადე, სად არ ვიყავით, რომ როგორმე დაგვეძლია ეს საშინელი სენი, მაგრამ ერთი ან ორთვიანი "შესვენების" შემდეგ ნიკა ისევ წამალს ითხოვდა, თან უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. იმ წერილის ავტორი წერდა, - მხოლოდ დედამ არ შემაქცია ზურგიო, დამენანა საწყალი ქალი, თავს ძალა დავატანე და ვაჯობე ჩემს სურვილსო. ამის წაკითხვისას ცრემლები ვერ შევიკავე. განა მე არ ვედექი ჩემს შვილს გვერდით? განა მე არ ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თქვენი რესპონდენტი მართალია, - თუ ადამიანმა თავად არ მოინდომა, ვერანაირი მკურნალობა და სხვისი მცდელობა შედეგს ვერ მოიტანს. ჩემი შვილი, საუბედუროდ, ძალიან სუსტი ნებისყოფისა აღმოჩნდა, უაზროდ გასწირა თავი და მეც გამაუბედურა. ახლა რაღაა ჩემი სიცოცხლე? მხოლოდ ჩემი ქალიშვილის, მაკას წარმატება თუ გამახალისებს. ყოველ წუთს ჩემი ფიქრი ნიკას დასტრიალებს თავს. ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი იყო, მასწავლებლები სულ მის ქებაში იყვნენ. 20 წლისა კი ძმაკაცმა შეაცდინა და იმ დღიდან გავუბედურდით.

მივმართავ ყველას, ვინც წამალდამოკიდებულია, ვისაც წამალმა ყველა და ყველაფერი დაავიწყა - გონს მოდით, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, აჯობეთ საკუთარ თავს, უარი თქვით ნარკოტიკზე, ნუ დაკარგავთ სულიერ ღირებულებას, რის გამოც ადამიანი გქვიათ...
გთხოვთ, შეისმინოთ დედის ვედრება, რომლისთვისაც სიცოცხლე წამებად იქცა".
თინათინ გაგნიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები