ღვთისგან ბოძებული შვილის უღვთო განაჩენი
05-12-2011
ღვთისგან ბოძებული შვილის უღვთო განაჩენი
ბავშვის შვილად აყვანა, მისი აღზრდა დიდი მადლი და საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ ზოგს ამაგი უფასდება, ზოგს - არა.

"მარტო გაჩენა ხომ არ არის დედობა? ჩვილობიდან რომ გაზრდი, იზრუნებ მასზე, განა დასაფასებელი არ არის?" - მეუბნება თვალცრემლიანი ქალბატონი და თავს დატეხილი განსაცდელისგან ხსნის გზას ეძებს...

სიყმაწვილეში ლამაზი ყოფილა ლიზი. ახლაც, 65 წლის, სანდომიანი ქალბატონია. ჩვიდმეტის იყო, შეყვარებულმა რომ ხელი დასტაცა, - შეიძლება ჯარში წამიყვანონ და ვაითუ, შენი თავი ვინმემ წამართვასო... სამი თვის
შემდეგ მართლაც სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. ლიზი ორსულად დარჩა. უჭირდა ქმრის გარეშე ყოფნა, მაგრამ რა ექნა, ჯარიდან თემო წერილს წერილზე უგზავნიდა - ჩემი სახლიდან ფეხი არ მოიცვალოო. ისიც უჯერებდა. მძიმე ორსულობა ჰქონდა, მაგრამ შინ მაინც ფუსფუსებდა, არ უნდოდა ჭირვეული დედამთილი უფრო გაეღიზიანებინა. თემოს დედა დღენიადაგ ბუზღუნებდა,
- ჩემმა შვილმა ცოლი მე დამიტოვა მოსავლელად... ბავშვი რომ გაჩნდება, საქმეც ხომ მოიმატებსო...

ტკივილებმა რომ აღარ გაიარა, ექიმთან მივიდა. წოლითი რეჟიმი გჭირდება, თორემ მუცელი მოგეშლებაო, უთხრა ექიმმა.  წოლითი რეჟიმიო... გადაირია დედამთილი, - თუ ლოგინში ნებივრობა გინდა, წადი და დედაშენმა მოგხედოსო. ლიზი მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მუცელი  მოეშალა. ჯარიდან დაბრუნებულ თემოს დედამისმა ჩააწვეთა: ვეჭვობ, თავისი სურვილით გაიკეთა აბორტი, ეტყობა, აღარ უნდოდიო.

თემო თავიდან უძალიანდებოდა "შინიდან გაპარული" ცოლის ნახვის სურვილს, მერე ვეღარ მოითმინა და ლიზისთან მივიდა. თავდაპირველად უსიამოვნოდ დაიწყო მათი საუბარი. ლიზი მიხვდა, რომ ყველაფერი გულახდილად უნდა მოეყოლა. გადაწყვიტეს, ვიდრე ცალკე სამოსახლოს იყიდდნენ, მანამდე ლიზის მშობლებთან ეცხოვრათ. მოგვიანებით, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ ლამაზ პატარა ქალაქში აიშენეს სახლი. თემოს შეეცოდა მარტო დარჩენილი დედა და ცოტა ხანში თავისთან წაიყვანა. მართალია, დედამთილმა ქოთქოთი არ მოიშალა, მაგრამ ახალგაზრდებმა  ყური რომ არ უგდეს, გაჩუმდა.
გავიდა სამი წელი. ლიზის და თემოს შვილი ისევ არ ჰყავდათ. თემოს დედამ ისევ გამოაჩინა კლანჭები. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თბილისში  ექირავებინა ბინა. თემოს  ყველანაირი სამშენებლო საქმე გამოსდიოდა, ამიტომაც კლიენტი არ აკლდა. ლიზიმ მკურნალობა დაიწყო, თუმცა ექიმები ეუბნებოდნენ, რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა.
თორმეტი წლის შემდეგ გადაწყვიტეს, ბავშვი ეშვილათ. ერთ ზაფხულს ლიზიმ ჭიშკართან რაღაც ნივთი შენიშნა. ლიზი სანახავად დაიხარა... ამასობაში პაწია, ვარდისფერმა არსებამ მთელი ხმით ამოიტირა. ლიზიმ ჩვილი ხელში აიყვანა. ბავშვს წერილი ახლდა: "მე მარიამი ვარ, ზუსტად 20 დღის წინ გავჩნდი. ჩემი დედიკო საქართველოდან მიდის, მამა უკვე წასულია. ვინც მიშვილებს, იმისი ვიქნები. გპირდებით, რომ არ გაგაბრაზებთ და ძალიან მეყვარებით".

აშკარაა, ვიღაცამ იცოდა უშვილო ოჯახის ამბავი, ისიც, რომ პატარა მარიამს არაფერი მოაკლდებოდა. ასე გახდნენ ლიზი და თემო მარიამის მშობლები.
გავიდა 15 წელი. თემომ თბილისში ერთოთახიანი ბინა იყიდა, - მარიამი უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩააბარებს, საკუთარი ჭერი ექნებაო. ვერ მოესწრო ქალიშვილის სტუდენტობას - მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა.

19 წლის მარიამი ძალიან შეიცვალა. აგრესიული გახდა. მართალია, კარგად სწავლობდა, მაგრამ დედას სულ საყვედურობდა, - შენს სოფელში დაბრუნდი, რად მინდა აქ დარაჯად რომ მიდგახარ, მინდა, დამოუკიდებელ ცხოვრებას შევეჩვიოო.

ერთ მშვენიერ დღეს მარიამმა კატეგორიულად მოსთხოვა ლიზის, - გამაგებინე, სად არის ჩემი ნამდვილი დედაო. ქალს მეხი დაეცა - ვის უნდა ჩაეწვეთებინა მარიამისთვის, რომ აყვანილი იყო?  დედა-შვილს შორის თანდათან დაიძაბა  ურთიერთობა. მარიამი სულ ეურჩებოდა. დედა თუ ეტყოდა, - თავს ცუდად ვგრძნობ, იქნებ დღეს ადრე მოხვიდეო, ის საგანგებოდ აგვიანებდა.  ერთ დღეს კი  გამოუცხადა - ორსულად ვარ, აბორტი უნდა გავიკეთო, ფული მომეციო. კინაღამ გული გაუსკდა საწყალ ქალს, მაგრამ ერთ შეცდომას მეორე დიდ ცოდვას ხომ არ  დაამატებდა და ლამის მუხლებში ჩაუვარდა თავნება გოგოს, - რაც არის, არის. ბავშვი გააჩინე და მე გაგიზრდიო. მერე გაიგო, ვინც იყო ბავშვის მამა - ცოლშვილიანი კაცი...

ლიზი იმ დღეზე ოცნებობდა, როცა მარიამის შვილი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მარიამმა გამოუცხადა - ბავშვი მოვიცილეო. ნერვიულობისგან რამდენიმე დღე საწოლიდან ვეღარ ადგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხემსი არ ჩასვლია პირში, მარიამს კი ერთხელაც არ მოუკითხავს გამზრდელი... სიცოცხლე აღარ უნდოდა ლიზის, მაგრამ ღვთის შიშითა და სიყვარულით თვითმკვლელობას ვერ ბედავდა...
ლიზი: - მითხარით, რა გზას დავადგე. ჩემი მარიამი მიყვარს და არ მინდა, ზურგი შევაქციო. სანამ ცოცხალი ვარ, მის საკეთილდღეოდ ვიქნები. სულ პატარა იმედი მაინც მიბჟუტავს გულის სიღრმეში - იქნებ გონება გაუნათდეს და მიხვდეს, რა უმოწყალოდ მექცევა. იქნებ მისი სული სიკეთით აივსოს და მადლით გაიჟღინთოს, მე ხომ ღმერთმა მაჩუქა მისი თავი და იმ დღიდან მისთვის ვცოცხლობდი. იქნებ დადგეს ის დღე, როდესაც გააცნობიერებს, როგორ  უსაზღვროდ და უანგაროდ მიყვარს.
მარი
18 თებერვალი 2019 11:17
შეიძლება საკუთარიც კი გაუცხოვდეს, დიდმა ფერებამ და მირთმეულმა იცის. ამიტომ პატარაობიდანვე ასწავლეთ დედის პატივისცემა და ყველაფერი შენია და შენ ერთადერთი ხარ ამის ძახება არ უნდა. რასაც იშრომებ ის იქნება შენიო უნდა უთხრათ და შრომას მიაჩვიოთ.
ნადიმი
05 ივლისი 2017 19:21
არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარია თუ ნაშვილები! - საკუთარიც შეიძლება არაადამიანი გაიზრდოს..
lali
05 ივლისი 2017 17:25
მე ნაშვილები მყავს და ძალიან ბედნიერი დედა ვარ თქვენი შვილი მოვა აზრზე და დაგიფასებს ამაგს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?