უბრალოდ ქართული ხასიათი - კვირის პალიტრა

უბრალოდ ქართული ხასიათი

ამას წინათ ჩემმა კოლეგამ ისეთი რამ მიამბო, ძალიან  ვიხალისე. ის გერმანიაში, მიუნხენში,  არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა და თავის "ღრმა ქართულ" ხასიათს კინაღამ ემსხვერპლა...

- კონფერენციის დამთავრების შემდეგ ვინ ქალაქის დათვალიერება მოინდომა, ვინ - გართობა. მე ძვირად ღირებულ რესტორანში სადილობა გადავწყვიტე. ვიფიქრე, მეგობრებში წავიტრაბახებ-მეთქი, - მიყვება გიორგი, - მეინახეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა, ამიტომ მარტო გავუყევი გზას. ერთ რესტორანს მივადექი.  რესტორნის მომსახურე დიდ, ქათქათა დარბაზში შემიძღვა და მაგიდამდე მიმაცილა, მერე ოფიციანტმა თავაზიანი ღიმილით მენიუ მომიტანა და დროებით დამტოვა. გერმანულად არც კითხვა ვიცოდი და არც ლაპარაკი, მაგრამ ფასებს ვაკვირდებოდი, ჩემი ჯიბის შესაბამისად მინდოდა რაღაც ორიგინალური ამერჩია. ზოგს ისეთი ფასი ედო, ჩემი ორი წლის ხელფასითაც ვერ შევწვდებოდი, თუმცა, ინტერესი მკლავდა, რა იყო ამისთანა. ბოლოს და ბოლოს, არჩევანი 500-ევროიან კერძზე შევაჩერე. მახსოვს, ოფიციანტმა გაკვირვებით შემომხედა. მე ის მედიდურად ავათვალიერე და რუსულ-ინგლისურად ვუთხარი: გრუზინი ვარ, ჯორჯიიდან-მეთქი. თავი კვლავ ზრდილობიანად დამიკრა და წავიდა. გავიდა ნახევარი საათი, მერე ერთი და კუჭი რომ ძალიან ამიწრიალდა, ჭიქაზე ჩანგალი დავაწკარუნე. მაშინვე გამოჩნდა ოფიციანტი. უკვე მოთმინებადაკარგულმა საათზე მივანიშნე, - რამდენი ხანია, გელოდებით-მეთქი. მან ორივე ხელი ზემოთ ასწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე მეღირსებოდა სადილობა. ცოტა ხანში სამზარეულოდან გამოლაგდნენ მზარეულები და ცნობისმოყვარეობით შემომაჩერდნენ. ოფიციანტმა ძლივს გამაგებინა, - მარტო ხართ თუ სხვასაც ელოდებითო. ახლა უკვე ქართულად გავბრაზდი შუა ევროპაში: ამდენი ხანია გელოდებით და ჩემ გარდა სხვას ხედავთ-მეთქი? ჩემთვის ვბურდღუნებდი, - ზღაპარი ყოფილა გერმანელების პუნქტუალობა-მეთქი...  ცოტა ხანში, სამმა ოფიციანტმა დიდი გორგოლაჭებიანი მაგიდით უშველებელი მოხარშული ღორი შემოაგორა. გარშემო სხვადასხვა ბოსტნეული ჰქონდა შემოლაგებული. თვალები გამიფართოვდა, - აი, თურმე, რატომ ღირდა 500 ევრო და რატომაც ველოდი ამდენ ხანს, მაგრამ ქართველი რისი ქართველია, რომ რაიმე შეიმჩნიოს?! ცერა თითით ვანიშნე, - კარგია, რომ მაღირსეთ საჭმელი-მეთქი და დანა და ჩანგალი მოვიმარჯვე. ყველაზე კარგი ნაწილი ამოვირჩიე. ხორცი კარაქივით იჭრებოდა და პირში დნებოდა. ვგრძნობდი, რომ ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მითვალთვალებდნენ... მე კი იხტიბარს არ ვიტეხდი... როცა ერთი გვერდი ჩავამთავრე, ცოტა შევისვენე, ამაყად გადავხედე დიდსა თუ პატარას და გულში ისევ დავიქადე, თქვენ გიჩვენებთ სეირს, განახებთ, როგორი ჯანმრთელი ხალხი ვართ ქართველები-მეთქი და ახლა მეორე მხარეს მივადექი... ნახევარი საათის შემდეგ ვიგრძენი, ცუდად ვიყავი, მაინც არ ვჩერდებოდი. თანდათან თვალები დამებინდა, მერე კი აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, წითელი ჯვრის ჰოსპიტალში ვიყავი...

თბილისში დაბრუნებულს მოსაყოლი მართლაც ბევრი მქონდა და იმ რესტორნის კურიოზით ვასრულებდი ჩემს გერმანულ შთაბეჭდილებებს...

გავიდა ხანი და კიდევ მომიწია მიუნხენში გამგზავრებამ. ისევ იმ სასტუმროში დავბინავდით ქართველები. იმათაც მოვუყევი ერთი წლის წინ თავსგადამხდარი ამბავი. ქართველებმა აიტეხეს, - წავიდეთ, გვაჩვენე ის რესტორანიო. საღამოს, როცა სემინარები დასრულდა, წინ გავუძეხი ჯგუფს. შევედით რესტორანში. დარწმუნებული ვიყავი, ვერავინ მიცნობდა, მაგრამ დამინახეს თუ არა, ისეთი ოვაციით შემეგებნენ, ცოტათი შემრცხვა კიდეც. რას ინებებთო, - გვკითხეს. იმას, ვინც გერმანული კარგად იცოდა, ვათქმევინე: რაც გინდათ, ის მოიტანეთ, ღორის გარდა-მეთქი. გაეცინათ... ცოტა ხანში ნაირ-ნაირი კერძი (უმეტესად თევზეული) მოგვიტანეს.

ანგარიშიანი გერმანელებისგან ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ის გახლდათ, რომ  ვახშმის საფასური არ გადაგვახდევინეს, - ეს კაცი   მუცელს კინაღამ გადაჰყვა და დღევანდელი ვახშამი ჩვენი ფეშქაშიაო.

P.S. აი, ასეთი კურიოზებიც ხდება, როცა არაორდინარულ ქართველებს "უცნაური იდეა" გვეწვევა ხოლმე.