როცა არჩევანი გაგიმართლებს... - კვირის პალიტრა

როცა არჩევანი გაგიმართლებს...

- დაფიქრდი, არ აჩქარდე, - ურჩია დედამ თავის "ასაკოვან" ქალიშვილს.  ნინო დაბნეული იყო. არ იცოდა, თაყვანისმცემელთაგან ვინ აერჩია.

მოწაფეობისას შეუყვარდა გოგა; თანაც ისე, რომ ეგონა, თუ ერთმანეთს დაშორდებოდნენ, ქვეყანა დაიქცეოდა...

ოთხი წლის შემდეგ მაინც დაშორდნენ. მართალია, ცხოვრება გაგრძელდა, მაგრამ ნინოს ათი წელი გვერდზე აღარ გაუხედავს, თითქოს ყველას და ყველაფერს განუდგა. უახლოეს ადამიანებს - ორ მეგობარს და დედასაც ბოლომდე არ უმხელდა დარდსა და ტკივილს... ერთ დღესაც დაფიქრდა, 30 წლის ქალი მარტო და ეული იყო.

ზურაბი თორმეტი წლით უფროსი იყო, ცოლს გაცილებული, არც თანამდებობა აკლდა და ფინანსურადაც არ უჭირდა. საზღვარგარეთ აპირებდა მუშაობას, ამიტომ აუცილებელი პირობა (და მოთხოვნა) მისი დაოჯახება გახლდათ.

ზურაბს ნინო მეზობელმა გააცნო. ძალიან მოეწონა და ბევრი არც უფიქრია, ცოლობა სთხოვა. სწორედ ამან გააღიზიანა ქალი. ანგარება ეტყობოდა ზურაბის საქციელს. ნინოს არ უნდოდა, ვაჭრული ელფერი ჰქონოდა მის გათხოვებას.

თითქოს გურამი უფრო შეეფერებოდა  - ორივენი მეცნიერებას ემსახურებოდნენ, მაგრამ ისეთი გამოშტერება იცოდა, კარგი დაჯანჯღარების მერეც ვერ ხვდებოდა, ქალთან რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. ამბობდა, - დაოჯახების დროაო და ამის იქით ვეღარ მიდიოდა.

მკვირცხლი, მიხვედრილი და ყურადღებიანი ალეკო მართალია, ნინოზე სამი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ეს სხვაობა ყურადღებად არც ღირდა. სადაცაა ალეკოსკენ გადაიხრებოდა ნინო, რომ არა ერთი "უმნიშვნელო" დეტალი. ერთხელ, როცა ალეკომ (იგი სტომატოლოგი იყო) თავის კაბინეტში შეიყვანა და სულ ცოტა ხნით დატოვა, იქვე დადებულ ჟურნალებს დასწვდა წასაკითხად. ერთ-ერთი ჟურნალიდან ქაღალდი გადმოვარდა, სადაც დაწვრილებით იყო ჩამოწერილი ბოლო ერთი კვირის დანახარჯი. მათ შორის ეწერა ნინოსთვის მირთმეული ყვავილების, კაფეში ყავის, ხაჭაპურის და ნამცხვრის ხარჯები, სიგარეტის  საფასურიც კი. ალეკოს კაბინეტიდან ისე წამოვიდა, არც კი გამომშვიდობებია, სამაგიეროდ, მისი "გაუჩინარება" გაუგებარი რომ არ ყოფილიყო სტომატოლოგისთვის, ფურცელი გამოსაჩენ ადგილზე დატოვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნინო ასეთ მეწვრილმანე კაცს არაფრის დიდებით არ გაჰყვებოდა ცოლად. თაყვანისმცემელთა შორის ყველაზე გულწრფელი და ღირსეული მამუკა ჩანდა. ნინომ კარგად იცოდა, რომ მამუკა  სამ ადგილას მუშაობდა, რათა სოფელში მშობლებისთვისაც გაეგზავნა ფული და მასაც ჰყოფნოდა მეორე ხელფასამდე. მიუხედავად ამისა, ნინოს პატარ-პატარა საჩუქრებს არ აკლებდა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და, სამთვიანი "გამოცდის" შემდეგ ნინომ მამუკაზე შეაჩერა არჩევანი. დედამისს ეს ამბავი გაუკვირდა და სწორედ მაშინ ურჩია ქალიშვილს, არ აჩქარდეო. ნინომ და მამუკამ ორ კვირაში იქორწინეს.

მატერიალური კეთილდღეობა ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც არ გახლავთ. ქალმა სულიერი ფასეულობა და ადამიანური ღირსებები არ უნდა ანაცვალოს ფულს, რადგან ამქვეყნად მუდმივი არაფერია, მით უფრო - ფინანსური მდგომარეობა.

გავიდა დრო და ცხოვრებისეული "ჭადრაკის დაფაზე" ისე გადაადგილდნენ "ფიგურები", ნინოს გარდა ყველა სახტად დარჩა. ცოტა ხანში მამუკა დიდ და სერიოზულ ბიზნესში ჩაება, ხოლო თავისი შემოსავლით მოტრაბახენი "ჩამოლაბორანტდნენ", ხელი მოეცარათ საქმიანობაში. ნინოსთან სიყვარული მეორედ მაშინ მოვიდა, როცა პირველი შვილი შეეძინა. მიხვდა, რომ მამუკა მარტო ქმარი და მისი შვილის მამა კი არა, ის ადამიანი იყო, რომელთან ყოფნა  ბედნიერებას ანიჭებდა. მასთან არასოდეს არაფრის შეეშინდებოდა და თუკი დაბრკოლება მაინც შეხვდებოდა, მასთან ერთად დაამარცხებდა. ალბათ, გაინტერესებთ, დღეს როგორ ცხოვრობენ მამუკა და ნინო. "უპერსპექტივო" მამუკა წარმატებული ბიზნესმენია. ჰყავს მშვენიერი ქალ-ვაჟი, ნინოს ხელისგულზე ატარებს და სანათესავოსა და სამეგობროს დიდი იმედია.

როცა ნინოსა და მამუკას ამბავი მოვისმინე, ერთადერთი სურვილი დამებადა - ღმერთმა ქნას, ბევრ ადამიანს მასავით გაუმართლოს.