გამჟღავნებული საიდუმლო - კვირის პალიტრა

გამჟღავნებული საიდუმლო

წინა ნომერში გამოქვეყნებულ ამბავს (გამზრდელისა და შვილობილის გართულებული ურთიერთობის შესახებ) ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. ლალი დ.  რედაქციაში გვეწვია და დის ამბავი მოგვითხრო.

- ჩემს დას და სიძეს ათი წელი არ ჰყავდათ შვილი. გოგის (სიძეს) ძალიან უყვარდა ჩემი და, ნელი და გაყრაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. ერთხელ, გოგი ცოლს გამოუტყდა, - ერთ ქალს დიდი ხანია ვუყვარვარ, რაღა სხვისი ბავშვი ვიშვილოთ, ის გამიჩენს და  მოგვცესო. ჩემი და დათანხმდა...

გაჩნდა ბიჭი, დემეტრე. იმ ქალმა გოგის შვილი გადაულოცა, თვითონ კი სოჭში წავიდა საცხოვრებლად. გოგიმ მას საკმაოდ დიდი თანხა მისცა.

დემეტრე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამამისს და ეს ჩემს დას უსაზღვროდ ახარებდა. მშობლები თავს ევლებოდნენ შვილს, არაფერს აკლებდნენ.  გოგი ინფარქტით  რომ გარდაიცვალა, დემეტრე 18 წლის იყო, უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.  ნელის  ინგლისური ენის ფაკულტეტი კი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ არასოდეს უმუშავია, რახან კარგად კერავდა, ამ ხელობით გადაწყვიტა ოჯახის რჩენა. მალე გაითქვა სახელი.  ახლობელმა ვერაზე თავისი სახლის პირველი სართული დაუთმო და სამკერვალო გაახსნევინა.

ერთ მშვენიერ დღეს, ნელის სამკერვალოს უცნობი ლამაზი ქალი მიადგა და  კაბის შეკერვა შეუკვეთა. ქალი დემეტრეს ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა. ლილიმ (ასე ჰქვია მას) მოახერხა, ნელის და დემეტრეს დაახლოებოდა. თვე არ გავიდოდა,  შეკვეთა არ მიეცა ნელისთვის. ასე გაგრძელდა წელიწად-ნახევარი. ერთ დღეს ნელიმ შემომჩივლა - დემეტრეს უგუნებობას ვამჩნევ, რაღაცას მიმალავს, იქნებ შენ გამოგიტყდესო. ალბათ შეყვარებულია-მეთქი და ბიჭს გავეხუმრე - ის გოგო უარს თუ გეუბნება, მოვიტაცოთ-მეთქი. დემეტრემ ისე შემომიბღვირა, სახტად დავრჩი,  არადა, ყოველთვის ძალიან თბილი და ზრდილობიანი იყო.

მალე კი, ყველაფერი გამოაშკარავდა. ლილის ყველაფერი მოუყოლია ბიჭისთვის. მიუცია ჩანაწერებით სავსე დღიური, სადაც მთელი მისი განცდები იყო აღწერილი. ეტყობა, ამან დიდი გავლენა მოახდინა ბიჭის ფსიქიკაზე. მე თუ მკითხავთ, "საიდუმლოს" გამცემი დამნაშავეა - რა მნიშვნელობა აქვს, დანით მოკლავ  კაცს, თოფით თუ ენით. ლილიმ პირობა არ შეასრულა და სიმართლის გაგებამ კინაღამ ჭკუიდან შეშალა ბიჭი. როგორია, რაც თვალი გაახილა, ნელის და გოგის ხედავდა, მშობლებად მიაჩნდა, უმათოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინა და უცებ მოდის სრულიად უცნობი ქალი და ეუბნება: ნელი კი არა, მე ვარ შენი დედაო. დემეტრეს ჩემთან წამოსცდა: ნელის ვეღარ ვიტან, მისი დანახვაც არ მინდაო. ლილის შეუთავაზებია - წამოდი სოჭში, იქ ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობ და მუშაობას დაგაწყებინებო. დემეტრეც გაჰყვა. ჩემს დას ინსულტი დაემართა, მარჯვენა ხელს ვეღარ ამოძრავებდა. ძალიან გავმწარდი, მაგრამ ლილისა და დემეტრესთან ჩხუბის დრო არ იყო, ნელის კარგი მოვლა სჭირდებოდა, რომ ფეხზე დამდგარიყო... და ეს შევძელი.

დემეტრემ სოჭში ქართველი გოგო (დედით რუსი) გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი. ბიჭმა საცოლეს თავისი ამბავი უამბო და მისი თხოვნით დემეტრე ორი წლის შემდეგ ნელის ტელეფონით შეეხმიანა. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ. დემეტრემ პატიება სთხოვა გამზრდელს. უმადურობა მართლაც საშინელებაა, მაგრამ თუ სინანული გულწრფელია, დიდსულოვანი ადამიანი შეძლებს მიტევებას. ჩემმა დამ შეძლო ეს. ახლა დემეტრე და ნინო თბილისში ცხოვრობენ, ნელი კი შვილიშვილებით ხარობს.