"მშობლები გაუფრთხილებია, რომ დავბრუნდები, თქვენც მერე მოდით, ჩემს ცოლს ჭკუა უნდა ვასწავლოო..." - კვირის პალიტრა

"მშობლები გაუფრთხილებია, რომ დავბრუნდები, თქვენც მერე მოდით, ჩემს ცოლს ჭკუა უნდა ვასწავლოო..."

ხშირად უთქვამთ, პატარ-პატარა ეჭვიანობა დიდ სიყვარულს ყოველთვის ახლავსო, მაგრამ უსაშველო და ზღვარგადასული რომ არაფერი ვარგა?! ის, რაც ჩვენმა მკითხველმა მიამბო, სიყვარული კი არა,  სენია, სახელწოდებით, ეჭვიანობა.

მაკა: - მე და რეზის  პირველ კურსზე შეგვიყვარდა ერთმანეთი, სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. პირველ შვილზე რომ ვიყავი ორსულად, გარეთ არ მიშვებდა. თავს ვარწმუნებდი, რომ ჩემზე ნერვიულობდა, ეშინოდა, ქუჩაში რამე არ დამმართნოდა... გავიდა დრო, ბავშვი გავაჩინე, მაგრამ ბავშვთან ერთად ეზოში ჩასვლაც კი ამიკრძალა. ერთხელ, მის უკითხავად წავიყვანე ნინი სასეირნოდ და საღამოს დედამისი რომ არ ჩამდგარიყო შუაში, ალბათ მომკლავდა. იმ დღეს პირველი ბზარი გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში.  ოთხკედელშუა გამომწყვდეულს თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ რად მინდოდა ახალი ტანსაცმელი. სად ჩავიცვა-მეთქი, ვეკითხებოდი. ან შინ იარე "პოდიუმზე", ან როცა ერთად წავალთ სადმე, მაშინ გამოეწყვეო... ფაქტობრივად, ოქროს გალიაში ვიყავი. ჩემს მშობლებს უკვირდათ, რომ მათთანაც იშვიათად მივდიოდი და არც მეგობრებს ვეკარებოდი. დედამ რამდენჯერმე მითხრა, - რატომ ხარ სულ შინ, ბავშვი ან მე, ან დედამთილს დაგვიტოვე და სამსახურზე იფიქრეო. მეც ჭკუაში დამიჯდა ეს და ოჯახში განვაცხადე, - მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. რეზი გადაირია -  სჯობს, შინ იჯდე და ბავშვს მიხედოო... თავი ვერ შევიკავე და დედამთილის თანდასწრებით ხმამაღლა ვთქვი, - ასე მგონია, მონა ვარ, სადილ-ვახშმის კეთებისა და ბავშვის მოვლის გარდა არაფერი მევალება. ადამიანი ვარ, მინდა, საზოგადოებაში ჩემი ადგილი მქონდეს-მეთქი. ჩემმა ნათქვამმა უსაზღვროდ განარისხა რეზი, სილაც კი გამაწნა.  ის ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღეს ყველა (ქმარი, დედამთილ-მამათილი) სახლიდან გაიკრიფა, მხოლოდ მე და ნინი დავრჩით შინ. მიკვირდა, დედამთილი მაინც სად წავიდა დილაადრიანად, ის ხომ არ მუშაობდა, მაგრამ მერე მივხვდი, ჩაურევლობა აირჩია, არადა ცუდი ქალი ნამდვილად არ იყო, ყოველთვის თბილადაც მეპყრობოდა, ნინის გაზრდაშიც მეხმარებოდა, მაგრამ როცა ჩემსა და რეზის შორის ურთიერთობა დაიძაბა, მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერაფერი გააკეთა.

იმ დილას მივხვდი, რომ რეზისთან ვეღარ ვიცხოვრებდი. ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და მშობლებთან წასვლა გადავწყვიტე. კარი ვეღარ გავაღე - რეზის ჩავუკეტივარ. მშობლებიც გაუფრთხილებია, საღამომდე მარტო იყოს შინ, მე რომ დავბრუნდები, თქვენც მერე მოდით, ჩემს ცოლს ჭკუა უნდა ვასწავლოო... ეს დედამთილმა მოგვიანებით გამიმხილა. დედაჩემს დავურეკე - საღამოს შენ და მამა მოდით-მეთქი.  როცა მოსაღამოვდა, ჯერ რეზი დაბრუნდა შინ, მერე დედამთილ-მამამთილი, ბოლოს ჩემებიც მოვიდნენ. რეზი მიხვდა, რომ ჩემი მშობლები მე მოვიწვიე. ჩემებმა კატეგორიულად მოითხოვეს - მაკა რაც გათხოვდა, სულ შინ ზის, ნიჭიერი გოგოა და გვინდა, ჩვენი შვილი საზოგადოებაში ჩანდესო. რეზიმ - ახლა თქვენ ჩემს პირად საქმეში ერევითო... მეორე შვილიც გააჩინოს, წამოზარდოს, ორივე სასკოლო რომ იქნება, მერე დაიწყოს მუშაობაო... ცოლ-შვილს არაფერს ვაკლებო... შვილები დედამ უნდა გაზარდოსო... ერთი სიტყვით, ისე ილაპარაკა, მამაჩემი მაშინვე დაეთანხმა, დედა კი გაჩუმდა, - თქვენი საქმისა თქვენ იცითო... ისევ ისე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება. ავყევი რეზის სურვილს და მეორე ბავშვიც გავაჩინე. ამასობაში, რეზიმ ერთოთახიანი ბინა უყიდა თავის მშობლებს და ისინი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩვენი ბინა კი, კარგად გაარემონტა, ავეჯიც შეცვალა. დედამთილი მეუბნებოდა, - ხომ ხედავ, რა მზრუნველი ქმარი გყავსო. დედაჩემმაც ეს მითხრა: უნაკლო ადამიანი არ არსებობს და რეზის ერთ ნაკლზე თვალი უნდა დახუჭოო. როგორ ამეხსნა მათთვის, რომ ოქროს გალიაში ყოფნა აღარ მსურდა. ისე დამაკომპლექსა ჩემმა ქმარმა თავისი ეჭვიანობით, რომ აღარც მიხაროდა მასთან ერთად გარეთ გასვლა. "ის კაცი რატომ დაგაშტერდა? რატომ გაწითლდი? იცნობ? რატომ გახედე რამდენჯერმე?" - მებუზღუნებოდა და ვერ ხვდებოდა, ამ უაზრო კითხვებით რომ შეურაცხმყოფდა.

როცა ნინიკო მესამე კლასში გადავიდა და მარიც სკოლაში შევიყვანე, კატეგორიულად გამოვუცხადე, - მუშაობას ვიწყებ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - მერე ბავშვებს ვინ ატარებს სკოლაშიო. აუღელვებლად ვუპასუხე, - ისეთ სამსახურს მოვძებნი, რომ ბავშვები არ დავაზარალო-მეთქი. მეგობრები დაფაცურდნენ და მალე მიშოვეს სამსახური; ძიძა დავიქირავე, რომელიც ბავშვებს მიხედავდა.

სამსახურის დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი წამება. რეზი თავის მოულოდნელ "თავდასხმებს" სიურპრიზებს არქმევდა, ვატყობდი, რომ ბევრი თანამიგრძნობდა, ბევრიც ჭორაობდა ჩემზე. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მატულობდა რეზის აგრესიულობა. ერთხელ, თანამშრომელ მამაკაცთან ერთად ქუჩაზე გადავდიოდი. ჩასაფრებულმა  მანქანა დაგვაჯახა. თანამშრომელმა გონება დაკარგა, მე ხელი მოვიტეხე. ეს არ გვაკმარა, მანქანიდან გადმოვიდა და გონწასულ კაცს წიხლები დაუშინა.

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ აღარ მოვინდომე რეზისთან დაბრუნება. რომ არ დაეპატიმრებინათ, თანამშრომელს ვთხოვე, არ ეჩივლა. კარგა ხანს მიყურა გაოგნებულმა, ბოლოს კი მითხრა: - მე კი არ ვიჩივლებ, მაგრამ  ასეთ ადამიანთან შენ როგორ უნდა იცხოვროო. ესღა ჩავილაპარაკე, - მასთან ცხოვრებას არც ვაპირებ-მეთქი და მშობლებთან დავბრუნდი. იმ არაკაცმა კი სასამართლოში შეიტანა სარჩელი - დედობის უფლება უნდა ჩამოართვათ ჩემს ცოლყოფილს, რადგან ყოველი ფეხის გადადგმაზე მღალატობდა, ბავშვებსაც ყურადღებას აკლებდაო. ამაზე ყველა გადაირია, თვით მისი მშობლებიც კი. დიდი ორომტრიალის და ნერვიულობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვები მე მომაკუთვნეს, მაგრამ კარგა ხანი დამჭირდა დასამშვიდებლად. ეჭვიანობას სიყვარულთან ხელი არ უნდა ჰქონდეს. ეს გრძნობა მცირეც და დიდიც - მხოლოდ ავადმყოფობაა.