"პაპას გაუტკბა ბებია" - კვირის პალიტრა

"პაპას გაუტკბა ბებია"

ერთი შინაბერა მასწავლებელი გვყავდა, ქართულს გვასწავლიდა. თავის დროზე წუნია იყო, ყველას ცხვირს უბზუებდა და დარჩა გაუთხოვარი. ჩვენთან რას იტყოდა, მაგრამ თავის კოლეგებთან იხტიბარს არ იტეხდა - ცუდის და უვარგისის ცოლობას ისევ ცალად ყოფნა მირჩევნიაო. ახალგაზრდობაში თურმე ჩემი თანაკლასელის, ნიკოს მამასაც მოსწონდა. ნიკო დიდი ონავარი და ხუმარა იყო. როცა შევიყრებოდით ხოლმე კლასელები, "გულდათუთქული მოთქვამდა", როგორ დამიღუპა ვარო მასწავლებელმა მამა, ამდენი წელი გავიდა და ისევ ისე უყვარს. ძალიან მეცოდება და მზად ვარ, დედაჩემს გული დავწყვიტო და მამას დავეხმაროო. დღესაც არ ვიცი, როგორ უნდა დახმარებოდა მამამისს, მაგრამ მის "ვიშვიშზე" კი კარგად ვხალისობდით.

ერთხელ ვარო მასწავლებელმა გამოგვიცხადა, რომ განათლების სამინისტროდან კომისია მოდიოდა, გადაგვამეორებინა განვლილი მასალა, განსაკუთრებით ბევრი გვავარჯიშა წინადადებების გარჩევაში.

და აი, კომისია მტრის ურდოსავით შემოვიდა ჩვენს სკოლაში და სხვადასხვა კლასში ორ-ორად გადანაწილდა.

დაიწყო გაკვეთილი. მოსწავლეები ვაქტიურობთ და ვატყობთ, რომ ვარო მასწავლებელი კმაყოფილია. ლიტერატურის შემდეგ დადგა გრამატიკის დრო.

- ვინ გაარჩევს წინადადებას? - იკითხა ვარო მასწავლებელმა. ყველამ ერთდროულად ავიწიეთ ხელი (ასე დაგვარიგა). ვარო მასწავლებელმა ფრიადოსნები გამოიძახა... და უცებ, დამსწრემ მის წინ მჯდომ ნიკოს დაადგა თვალი - აბა, ვნახოთ, როგორ გაგვირჩევს წინადადებასო. ნიკოს ფერფური წაუვიდა. არც ვაროს ადგა კარგი დღე (იცოდა, რომ თავს ვერაფრით გამოიჩენდა), მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა.

ნიკომ თვალებით გვთხოვა დახმარება. ჩვენც ჩურჩულით ვუკარნახეთ  ლექსიდან პატარა წინადადება. - "პაპას გაუთბა ძვლებია". ყველამ პირი დავაფჩინეთ ნიკომ დაფაზე რომ  დაწერა: "პაპას გაუტკბა ბებია". ამის წაკითხვა და ჩვენი  აფხუკუნება ერთი იყო. ვარომ თვალები დაგვიბრიალა, არაფერი შეიმჩნია და - აბა, გამირჩიეო, - უთხრა ნიკოს, რომელიც დაფაზე თავის დაწერილ წინადადებას მისჩერებოდა და არ იცოდა, საიდან დაეწყო. მასწავლებელმა მისი დახმარება სცადა:

- აბა, ნიკო, რომელია ქვემდებარე?

- ქვემდებარე ბებიაა, მასწ! - უცებ მიუგო ნიკომ.

- რატომ იბნევი, ნიკო? პაპა რაღაა?

- პაპა ზემდებარეა, მასწ!

ამ ახალი წევრის აღმოჩენით კმაყოფილმა ნიკომ გამხიარულებულ კლასს ამაყად გადმოგვხედა. დამსწრეებიც კი მოზომილად იღიმებოდნენ. მხოლოდ ჩვენი შინაბერა მასწავლებელი იდგა ცოცხალ-მკვდარი და არ იცოდა, რა ექნა.

- ნიკო, აბა, კარგად დაფიქრდი, რომელია ქვემდებარე? - მაინც რაღაც "საიმედოს" ებღაუჭებოდა ვარო.

- ხო გითხარით, ვარო მასწავლებელო,  ბებია - ქვემდებარეა, პაპა - ზემდებარე, გაუტკბა კი შემასმენელი, - დაასრულა ნიკომ წინადადების გარჩევა და ცარცით გათეთრებული თითები სველ ტილოზე შეიწმინდა.

ვარო მასწავლებელმა სტუმრების წინაშე აღარაფერი უთხრა ნიკოს, სხვა მოსწავლე გამოიყვანა და იგივე წინადადება გაარჩევინა. გაკვეთილის ბოლოს კი, როცა გამხიარულებული დამსწრეები გავიდნენ კლასიდან, იხმო ნიკო და შავი დღე დაყენა:

- რას ბოდიალობდი, ბიჭო, რა "ზემდებარე" აგიტყდა, მასეთი სიტყვა ოდესმე მიხსენებია? ხვალ დედაშენთან ერთად მობრძანდები სკოლაშიო, - ლამის ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.

- დედას ვერა, მასწ, მამას სცალია და ხვალ გეახლებით! - მიუგო ნიკომ.

მეორე დღეს  ვანო ძია სკოლაშიI შვილთან ერთად გამოცხადდა..

მოგვიანებით ნიკომ გვიამბო: ნეტავ, გენახათ, მამაჩემის დანახვაზე რა დაემართა ამ ჩვენს  მასწავლებელს... გაწითლდა, პირში ენა ვეღარ მოაბრუნა და ჩხუბს რაღას მოახერხებდა?! ის კი არა, ისე დატკბა, პირიდან სულ შაქარს აფრქვევდაო.

...იმ დღიდან ნიკო აღარ გაუძახია ვარო მასწავლებელს დაფასთან, ბოლოს მაინც ხუთიანი არა, მაგრამ ოთხიანი კი გამოაყოლა, რითიც ძალიან კმაყოფილი გახლდათ და წარამარა იმეორებდა, - ვენაცვალე მამაჩემს, როგორ მიხსნა მისმა სიყვარულმაო.

მზია ქავთარაძე, ახმეტის რაიონი