უარყოფილი მამა და პატიმრის "სიურპრიზი" - კვირის პალიტრა

უარყოფილი მამა და პატიმრის "სიურპრიზი"

უამრავი წერილი შემოდის რედაქციაში. ზოგი თავის გასაჭირ-სადარდელს გვიზიარებს, ზოგს საკუთარი ბედნიერების ან თავს გადახდენილი კურიოზული ამბების მოყოლა სურს, ზოგიც ჩვენდამი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. გთავაზობთ რამდენიმე წერილს.

როგორც იქნა, ბარიერი გადავლახეთ

უცნაურია ბედისწერა, როდის რას დაგახვედრებს წინ, ან რას მოგთხოვს კეთილდღეობისთვის, არავინ იცის. ჩემი მშობლები ამ ათი წლის წინ გაიყარნენ. მე და ჩემმა ძმამ ძალიან განვიცადეთ მათი განშორება. ისინი ოცდაორი წლის განმავლობაში ერთად იყვნენ, ცდილობდნენ, ჩვენთან არ ეკამათათ, მაგრამ მაინც ხშირად შევსწრებივართ მათ დავას. როცა გადამწყვეტი სიტყვა შვილებს უნდა გვეთქვა, მე და ჩემმა ძმამ დედის მხარე დავიჭირეთ. შევატყვეთ, მამას ეს ძალიან ეწყინა, მაგრამ არაფერი გვითხრა, უხმოდ გაგვეცალა.  მომდევნო წლებში ვერ (ან იქნებ არ) ვნახულობდით მამას. ვფიქრობდით, რომ ამით დედას ვაწყენინებდით. ახლა კი, როცა მეც და ჩემს ძმასაც ჩვენ-ჩვენი ოჯახები გვაქვს, მივხვდით, რომ მშობლების ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიო. ხელაღებით არ უნდა გაამართლო ერთი და მეორე - გაამტყუნო. ეს რომ ასეა, თქვენი რუბრიკის ერთმა წერილმაც დაგვიდასტურა, რომელშიც ჩვენი ოჯახის მსგავსი ამბავი იყო მოთხრობილი. იქ კაცი ამბობდა: არ ვიცი, შვილებს რა დავუშავე, მე და ჩემმა ცოლმა თუკი ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ისინი რა შუაში იყვნენ, რომ დამემდურნენ, მე ხომ მათთვის არაფერი დამიკლიაო. კინაღამ გული გამისკდა. სამი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი, მოსვენება დავკარგე. მერე ჩემს ძმას დავურეკე და ვთხოვე, "კვირის პალიტრა" წაიკითხე  და მითხარი, ამბავი გეცნობა, თუ არა-მეთქი. ცოტა ხანში ძმამ მითხრა, - შენი არ ვიცი და მე კი ახლავე მივდივარ მამასთანო. მეც გავყევი. კაცი სიხარულისგან და გაოცებისგან კინაღამ გაგიჟდა, თვალებს ვერ უჯერებდა - მართლა ჩვენ ვიყავით მის წინაშე თუ არა. იმ დღის მერე ხშირად მივდივართ მამასთან. ვაღიარებ - ის არ იმსახურებდა ჩვენგან უყურადღებობას და გულგრილობას. თქვენი მეშვეობით გადავლახეთ ის ბარიერი, რომელიც წლების განმავლობაში აღმართული იყო ჩვენთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანს შორის.

ნათია

ცხოვრება კარუსელია

თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნდა  ადვოკატი ქალის ამბავი, რომელსაც პატიმარი შეუყვარდა. ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მეც გავები მსგავს მახეში. ჩემი და კახას ურთიერთობა შემთხვევითი იყო: სხვასთან რეკავდა და ჩემთან მოხვდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. სულელ გოგოს თბილ და ლამაზ სიტყვებს რომ ეტყვიან, თავბრუს დასახვევად მეტი რა უნდა? მოკლედ, მეორედ კიდევ დამირეკა - ხანდახან რომ შეგეხმიანო, ძალიან ხომ არ შეგაწუხებო. ნება დავრთე, მით უმეტეს, რომ მაშინვე გამიმხილა, - პატიმარი ვარო. ორი თვის შემდეგ სიყვარულში გამომიტყდა - მართალია, არ მინახავხარ, მაგრამ ისე შეგეჩვიე, უშენოდ ვერ ვძლებო.  ამ უცნაურ ურთიერთობას იმით ვამართლებდი, რომ მეცოდებოდა "უსამართლოდ" დაპატიმრებული. უკვე იმ დღეზე ვფიქრობდი, როცა კახა გათავისუფლდებოდა და ხელს მოვაწერდით. ყოველ კვირა მივდიოდი რუსთავში (ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა სასჯელს) და ამანათს ვუგზავნიდი. საღამოობით კი მირეკავდა და მეუბნებოდა:   შენ რომ არა, ალბათ აქ მოვკვდებოდიო...

ერთხელ კი, როცა გადავწყვიტე სიურპრიზი გამეკეთებინა მისთვის (სხვა დროს ყოველთვის ვუთანხმდებოდი იქ მისვლაზე), თავად მე დავრჩი "სიურპრიზგაკეთებული". როცა კახას გვარი გამოაცხადეს და დაიძახეს, პაემანზე შედითო, დავიბენი. ის-ის იყო, წამოვდექი, რომ ახალგაზრდა ქალი და სამი წლის ბავშვი მიადგნენ კარს. თურმე, ეს "ჩემი შეყვარებული" ცოლშვილიანი ყოფილა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე. მისი ცოლიც გაოგნებული მიყურებდა და ვერ მიმხვდარიყო, ვინ ვიყავი ან რა მინდოდა... დამდუღრული წამოვედი იქიდან. საღამოს კახამ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. მერე დამიმესიჯა: ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ ცოლზე იმიტომ არ გეუბნებოდი, რომ შენი დაკარგვისა მეშინოდაო. მასთან ვერთობოდი და როცა გავიგე, ჩემგან ორსულად იყო, ხელი ვერ ვკარი. ახლა კი გადავწყვიტე, აქედან როგორც კი გამოვალ, შენთან ვიყოო.  ვიცოდი, სად ცხოვრობდა კახა, მივედი და მის ცოლს წავაკითხე ქმრის "აღსარება". კინაღამ გაგიჟდა. ორის მდევარმა ორივე დაგვკარგა. მას შემდეგ კი ყველას ვაფრთხილებდი - წაიკითხეთ "კვირის პალიტრაში" ამა და ამ ნომერში გამოქვეყნებული წერილი-მეთქი, თან ჩემს ამბავსაც მოვუთხრობდი. ახლა გათხოვილი ვარ, მყავს ორი წლის გოგონა, კარგი ქმარი და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

მაია