"დაგეგმილი" ქორწინება და უცნაურად ნაპოვნი სიყვარული - კვირის პალიტრა

"დაგეგმილი" ქორწინება და უცნაურად ნაპოვნი სიყვარული

"ასე როგორ შემაყვარე, გოგო, თავი"

დადუნას ცხოვრება თავიდანვე მშობლების ნება-სურვილით წარიმართა. მამამისი, დავითი, გავლენიანი კაცი იყო და უნდოდა, ქალიშვილი საიმედო და ღირსეული კაცისთვის ჩაებარებინა. ასეთად კი თავისი მეგობარი ლექსო და მისი ვაჟი მიაჩნდა. დავითიც და ლექსოც გორში ცხოვრობდნენ. უფროსებმა მოილაპარაკეს და ყველაფერი თავად გადაწყვიტეს. ნიშნობაც გადაიხადეს, რომელსაც სამ თვეში ქორწილი მოჰყვებოდა. დადუნას ერჩივნა, რომ ოჯახი სიყვარულით შეექმნა, მაგრამ  ბედს მიენდო და ნიშნობის მერე ზურას სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

ქორწილის დღე ახლოვდებოდა.

ერთ დღეს დადუნა მშობლებთან წავიდა. ზურამ დრო იხელთა და შინ ცოლის მეგობარი მიიყვანა სტუმრად. უკან მალევე დაბრუნებული დადუნა თავის საძინებელ ოთახში ქმარსა და დაქალს წაადგა თავს. ელდისაგან  ისტერიკა დაემართა. ზურა ყელში სწვდა, რათა როგორმე გაეჩერებინა აკივლებული და გაგიჟებული ქალი. რა თქმა უნდა, ამ ინციდენტს ჩუმად არ ჩაუვლია. ეს ამბავი დავითმაც გაიგო და ლექსომაც. დავითს ქორწილის ჩაშლა უნდოდა, მაგრამ მეგობარმა სთხოვა, - მე მაპატიე ჩემი შვილის სიბრიყვე, მსგავსი რამ აღარ გამეორდებაო... დავითმაც უკან დაიხია. თანაც დადუნა ორსულად იყო და მოერიდა ხალხის აყაყანებას.

მეორე დღეს ქალ-ვაჟს კასპთან ავარია მოუხდათ. ნაწვიმარი იყო და  მოცურებული კამაზი შეასკდა მათ მანქანას. ზურა იქვე გარდაიცვალა, დადუნა გონდაკარგული მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებს ერთი ფეხის ამპუტაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ დავითმა ქალიშვილი გერმანიაში წაიყვანა. იქ, როგორც იტყვიან, ხელმეორედ ააწყვეს დადუნა. ყველას ეგონა, ამხელა ავარიის შემდეგ ბავშვს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ რაღაც სასწაულით მუცელი არ მოეშალა. მალე ბავშვიც გააჩინა...

დადუნას დედა ახალგაზრდა ქალი იყო, დარდობდა შვილის ბედს, ამიტომ ქმარს შესთავაზა, - დადუნა გულის გადასაყოლებლად სადმე გავუშვათ, მე კი ბავშვს გავუზრდიო. გადაწყდა, დადუნა თავის ერთ მეგობართან და ნათესავთან ერთად საფრანგეთში გაეშვათ სამი წლით. იქ ისწავლიდა სამოდელო საქმეს, თან იმუშავებდა და იქნებ გათხოვილიყო კიდეც. პარიზულმა ცხოვრებამ თავდაპირველად მონუსხა და გაიტაცა, მაგრამ დრო გავიდა და დადუნა მიხვდა, არ შეეძლო შვილის გარეშე. ერთი წლის მერე შინ დაბრუნდა. დადუნას ორი ძმიდან ერთი დაოჯახდა, საქმეს მიჰყო ხელი, მეორემ, ნიკამ კი უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე და "სხვა საქმე" აირჩია, რომლის ლოგიკური დასასრული ცხაურს მიღმა "სამყარო" აღმოჩნდა. ნიკას დაპატიმრებამ ძალიან იმოქმედა ოჯახზე. დადუნას ძალიან უყვარდა ძმა და რადგან ზონაში როგორღაც მობილური ტელეფონი მიაწოდეს, დღე არ გავიდოდა, არ შეხმიანებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, დადუნამ ჩვეულებრივად აკრიფა ნიკას ნომერი, მაგრამ სულ სხვამ უპასუხა. გულს შემოეყარა, - ნამდვილად უპოვეს მობილური და წაართვესო, მაგრამ ის ვიღაცა სრულიად მშვიდად უხსნიდა, რომ ეს ნომერი მას ეკუთვნოდა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დადუნამ აკრეფილ ნომერს დახედა: ერთი ციფრით განსხვავდებოდა ძმის ნომრისგან. ბოდიში მოუხადა უცნობს და თავიდან აკრიფა ძმის ნომერი. ამჯერად ნაცნობი ხმა მოესმა და შვებით ამოისუნთქა, თუმცა ამ დღიდან ახალ ნაცნობობას, მერე კი დიდ სიყვარულს ჩაეყარა საფუძველი. ზურა გურჯაანელი იყო, თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში მუშაობდა. ზურას დადუნას მშობლების გაცნობა უნდოდა, მაგრამ ამის ნებას დადუნა არ აძლევდა - მამის ეშინოდა. დავითს განზრახული ჰქონდა, ქვრივი ქალიშვილი სანდო კაცისთვის მიეთხოვებინა. ერთადერთხელ შეეწინააღმდეგა დადუნას დედა ქმარს, - ახლა მაინც მიეცი ნება, თავისი ბედი თვითონ გადაწყვიტოსო. დავითი გულში დაეთანხმა ცოლს, მაგრამ არაფერი უთქვამს. თუმცა, სჯეროდა, რომ მართალი იყო და ბედით დაჩაგრული  ქალიშვილი მისი არჩევანით კმაყოფილი დარჩებოდა. გარეთ სიარული არ უყვარდა დადუნას, მაგრამ ბოლო ხანს თბილისს რომ შეეჩვია (ხშირად ჩადიოდა ზურას სანახავად), გაუკვირდათ მშობლებს. გოგომ აღარ დამალა და უამბო უცნაურად ნაპოვნი სიყვარულის ამბავი. მამა ძალიან გაბრაზდა და მკაცრად უთხრა: მაგ ზურას შენი ქონება აინტერესებს და არა შენ, ასე რომ ნებას არ მოგცემ, ცოლად გაჰყვეო. ოჯახში სიტუაცია დაიძაბა. როცა დავითი საქართველოდან მცირე დროით მიდიოდა, დადუნა მაშინვე თბილისში მიდიოდა. დედა არ უშლიდა ზურასთან ურთიერთობას.

ახლა კი... ახლა დადუნა ძალიან ნერვიულობს, რადგან მამა შინაა და ქვრივ ქალიშვილს აკონტროლებს. იგი ვეღარ ახერხებს ზურასთან შეხვედრას, არადა, მისგან ბავშვს ელოდება. მათი ურთიერთობა ახლა ვრცელი მესიჯებით იფარგლება. ზურას სურს, რომ დავითთან მივიდეს და ქალიშვილის ხელი სთხოვოს, მაგრამ დადუნა შიშობს, ვაითუ მამამ შეურაცხყოფა მიაყენოსო.

ნაწყვეტი ზურას წერილიდან: "ჩემო დადუ, ძალიან მიყვარხარ. თავს დავდებ, ასე არავის ჰყვარებიხარ. გთხოვ, მამაშენის მსგავსად შენ ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში. რახან მამაშენს ჰგონია, რომ მე ანგარებით მიყვარხარ, მისი არაფერი გვინდა. არ შეგეშინდეს, არაფერს მოგაკლებ, მუდამ შენთვის ვიზრუნებ. პატარა მარის ღირსეულ მამობას გავუწევ. აღარ შემიძლია უშენობა. ასე როგორ შემაყვარე, გოგო, თავი. ვიღვიძებ შენზე ფიქრით და დღეა თუ ღამე, სულ შენ დაგტრიალებს ჩემი ოცნება. როდემდე ვიყოთ ცალ-ცალკე. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ".

დადუნა: "კვირის პალიტრა" ჩემი და ზურას საყვარელი გაზეთია, ჩემი ოჯახის წევრებიც მუდამ კითხულობენ, ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეთხრო ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ. მამამ არ იცის, რომ ზურასგან ბავშვს ველოდები. არც ის, როგორ უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი. უბრალოდ, არ გასჩენია სურვილი, რომ ჩემთვის მოესმინა. ახლა კი, დიდი იმედი მაქვს, თქვენი მეშვეობით ყველაფერს წაიკითხავს და ალბათ გამიგებს კიდეც".