შიბაქი - ქართული სუვენირი - კვირის პალიტრა

შიბაქი - ქართული სუვენირი

დიდხანს ეჩიჩინა დარო ქმარს, - შეიგნე, ადამიანო, აღარავის უნდა შენი აკვანი და შიბაქი, რა ხანია მოძველდა, ახლა საწოლს და პამპერსს ყიდულობენ ბალღებისთვინაო, მაგრამ ვერაფერი გააგებინა. ვანოს პასუხად ერთი და იგივე ეკერა პირზე:

- დედაკაცო, რაც ძველდება, ყველაფერი გადასაყრელი კი არ არის, ზოგი ნივთი წლების მერე უფრო ღირებული ხდება... შენც დაძველდი და რა ვქნა, გადაგაგდო? რაც უნდა გამოიგონონ, აკვანსა და შიბაქს ვერაფერი შეცვლის, შეუშვი მაგ თავში!

დარო ერთს მიაქოქოლებდა ხელით და შებრუნდებოდა. ვანო კი, ყოველ კვირას, თელავის ბაზრის გზას მიუყვებოდა, მერე არჩეულ ადგილას ჩამოჯდებოდა, გამოფენდა თავის ნახელავს და მოთმინებით ელოდა მყიდველს.

კვირაობით მართლაც ბევრი შემოდიოდა ბაზარში. თელავის, გურჯაანის, ახმეტისა და პანკისის სოფლებიდან ჩამოსულები ვანოსგან ყიდულობდნენ ბავშვის საწოლისა და პამპერსის წინამორბედს, ხოლო ქალაქელები და უცხოელი ტურისტები სუვენირად იძენდნენ. ნეტავ გენახათ, რა გახარებული ბრუნდებოდა საღამოს შინ. ჭიშკრიდანვე მიაძახებდა "ურწმუნო" ცოლს: - რო მეჩხუბები, რად გინდა აკვანი და შიბაქი, ტყუილად შრომობო... ენდე, თუ არ სდომებიათო...

ასეა თუ ისე, ვანო  თავისი "ნაციონალური ბიზნესით" ძალიან ამაყობდა.

იანვრის ერთ კვირადღეს, ვანო ჩვეულებისამებრ გამოეწყო, სამი აკვანი  შეკრა, ჩანთაში  შიბაქები ჩააწყო, ცოლის ქოთქოთს - სად მიხვალ, კაცო, ამ  ყინვაში, ახალი წლის დღეებში ვის რად უნდა შენი აკვანიო, - ყური არ ათხოვა და ჭიშკარი გაიხურა. ყოველთვის ხალხმრავალი ბაზარი ცარიელი დაუხვდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ შუადღის შემდეგ ნელ-ნელა მოემატებოდა მყიდველი და არც მისი ნახელავი დარჩებოდა შეუმჩნეველი. მართლაც, ნაშუადღევს ხალხმა იმატა და სად იყო და სად არა, ბელორუს ტურისტთა დიდი ჯგუფი მოადგა ბაზარს. ტურისტები ჯერ პროდუქტის დახლებს აუყვნენ, ყველაფერს აღტაცებულები უყურებდნენ, იყიდეს  ჩურჩხელები, ჩირი და ტყლაპი, მერე კი იმ რიგისკენ გასწიეს, სადაც თიხის ქოთნები, ჭინჭილები და ვანო პაპას განთქმული აკვან-შიბაქები იყო გამწკრივებული. აქაც შეიძინეს ნაირ-ნაირი ქოთნები, ბოლოს კი ვანოს შემოეხვივნენ. ერთმა ხელში აიტაცა აკვანი და მის გამკეთებელს ჰკითხა:

- Это грузинская люлька, да?

ვანო მწყრალად კი იყო რუსულთან, მაგრამ "ლიულკას" მაინც მიხვდა და - да, да -ო, - დაუდასტურა მაშინვე.

რა ღირსო? - ხელით ანიშნა  კლიენტმავანოს. იმანაც ჯერ ხუთი თითი დაანახა, მერე ჰაერში შემოუხაზა ნული. ტურისტმა ორმოცდაათი ლარი ჩაუთვალა და წავიდა. დარჩენილი აკვნებიც მალე გაიყიდა. ტურისტები გასასვლელისკენ გაემართნენ. მხოლოდ ორი ხნიერი კაცი თვალებგაბრწყინებული დასჩერებოდა გამწკრივებულ შიბაქებს. ერთ-ერთმა მოწიწებით აიღო აკვნის მთავარი აქსესუარი და დარწმუნებულმა თავის "მიხვედრილობაში" ყოველი შემთხვევისათვის მაინც იკითხა:

- Это же чибук, трубка Сталина? - და პასუხს არც დაელოდა, ისე იკრა პირში.

თვალები საცრისოდენა გაუხდა ვანოს:

- რასა შვრები, რუსო, მანდ არა, ქვემოთ უნდა ეგ, Внизу... Внизу-ო, მაგრამ ვინ უსმენდა? ის პირში შიბაქგაჩრილი ამხანაგთან თავს იწონებდა. ახლა მეორე დასწვდა შიბაქს, იმანაც იტუცა "ტრუბკა" პირში. ვანო კი, სულ ტყუილუბრალოდ ირჯებოდა და ანიშნებდა სტუმრებს - მანდ რა უნდა შიბაქს, ფეხებშორის კეთდება ეგაო. ტურისტები იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ ბაზარში აღმოჩენილი "სტალინის ჩიბუხით", გამყიდველს ყურადღებას არც კი აქცევდნენ. ერთიანად ხელი დახვიეს ქართულ სუვენირს და გულთბილად დაემშვიდობნენ "ზალატოი სტარიკს".

- დედაკაცო, შენა კიდევ იმაი მეტყვი, არავის უნდა აკვანი და შიბაქებიო? ტურისტებმა სულერთიანად იყიდეს, რაც მქონდა, - ლამის ჭიშკარი შეგლიჯა იმ დღის შემოსავლით კმაყოფილმა ვანომ.

...თელავიდან წამოსული ტურისტები კი მთელი გზა ერთმანეთს ახარბებდნენ შეძენილ ქართულ სუვენირებს.