უცნობი დედის წერილი
02-01-2012
უცნობი დედის წერილი
- თქვენს გაზეთში  მოთხრობილი იყო გამზრდელსა და შვილობილს შორის წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. მართლაც ძალიან მძიმე გადასატანია, როცა გვიან იგებ სიმართლეს. მეც 14 წლისამ გავიგე, ნაშვილები რომ ვიყავი. თავზარდაცემულს არავის დანახვა აღარ მინდოდა, მაგრამ დრომ და გამზრდელის დიდმა სიყვარულმა დამაძლევინა ფსიქოლოგიური ბარიერი, - გვიამბობს ჩვენი მკითხველი ელენე დევიძე.

იმის მიუხედავად, რომ სრულიად არ ვგავდი ჩემს მშობლებს, ერთხელაც კი არ  დავეჭვებულვარ, რომ შეიძლებოდა აყვანილი ვყოფილიყავი. ხშირად მესმოდა ხოლმე ნაცნობ-უცნობებისგან - ელენე თავის
მშობლებს არა ჰგავსო.
დედაც და მამაც უსაზღვროდ მიყვარდა და გულში მწყინდა კიდეც, რომ ამას ამბობდნენ. 6 წლის ვიყავი, როცა მეასედ გაგონილზე ტირილი დავიწყე და დედას მივვარდი, - რატომ მეუბნებიან, მშობლებს არ ჰგავხარო... მე მინდა, თქვენ გგავდეთ-მეთქი. დედამ დამამშვიდა და დამარიგა, - არავის ყურადღება არ მიაქციო,
ზოგჯერ ბავშვი მშობლებს კი არა, ბებია-ბაბუას ემსგავსება, შენც დედაჩემს ჰგავხარო და ძველი ფოტოები მაჩვენა. მართლაც ვგავდი ბებოს და დავმშვიდდი.

8 წლის ვიყავი, და რომ გამიჩნდა. ამ პაწაწინა არსებას თამთა მე დავარქვი, უსაზღვროდ მიყვარდა, ვპატრონობდი, ვუვლიდი, ჩემს მეგობრებთან  ვამაყობდი, რომ ასეთი საყვარელი და მყავდა.
14 წლის ვიყავი, როცა პირველად შევამჩნიე ერთი უცნაური ქალი, რომელიც გაკვეთილების შემდეგ ერთ ჭადრის ხესთან მხვდებოდა, სადაც წავიდოდი, სულ უკან მომყვებოდა. შევფიქრიანდი, რა აღარ ვიფიქრე - ალბათ, მამაჩემი უყვარს, ის კი ხელს ჰკრავს და ჩემზე ჯავრის ყრა აქვს განზრახული-მეთქი...
დედას არაფერს ვეუბნებოდი, არ მინდოდა ენერვიულა.  ვფიქრობდი, დევნით დაიღლება და ერთ მშვენიერ დღეს ისევე გაქრება, როგორც გამოჩნდა-მეთქი. ორმა თვემ ასე ჩაიარა, მერე კარგა ხანს აღარ დამინახავს და თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ როცა იმ ჭადართან კვლავ თვალი მოვკარი, გადავწყვიტე, მამისთვის მეთქვა, მაგრამ სამი დღით მივლინებაში გაგზავნეს და ვეღარ მოვასწარი გაფრთხილება.
იმ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ქალი ისევ ჭადართან დამხვდა. პირველად დამიძახა: - ელე, დამიცადე, რაღაც უნდა გადმოგცეო.

სახტად დავრჩი, იმდენად გამიკვირდა, სახელით რომ მომმართა. ის კი მომიახლოვდა, გულში ჩამიკრა, საოცარმა სითბომ დამიარა სხეულში. ასე მეგონა, უცნობი კი არა, ძალიან ახლობელი იყო. გაოცებული დავაშტერდი, მან კი ხელში შემაჩეჩა რაღაც ნივთი და წერილი, თან დასძინა - ეს ოქროს ბეჭედი შენია, ჩემს სახსოვრად გქონდეს, წერილით კი ბევრ რამეს შეიტყობ. რაც დაგაინტერესებს, იმაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთო.
დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში და წავიდა. ერთი სული მქონდა, შინ როდის მივიდოდი და გავხსნიდი წერილს. საჩუქარზე მეტად ის მაინტერესებდა, უცნობი ქალი რას მწერდა.
დედა შინ არ დამხვდა, თამთას ბაღიდან  გამოსაყვანად წასულიყო. ხელების კანკალით გავხსენი კონვერტი და წერილი გავშალე:

"ელე, შენ ჩემი შვილი ხარ. შევცდი და უნდა მაპატიო, თავის დროზე უარი ვთქვი შენზე და გავყევი კაცს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ის ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მეც ვეღარ გავჩერდი რუსეთში, ჩამოვედი და მოგძებნე. გემუდარები, ხელს ნუ მკრავ. ერთი უბედური ქალი ვარ, რომელსაც სიყვარულმა ისე ამირ-დამირია ჭკუა-გონება, რომ შენზე უარი მათქმევინა. ამიერიდან შენთვის ვიცოცხლებ, ოღონდ მაპატიე. სხვას აქ ვეღარაფერს მოგწერ. შევხვდეთ და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ. შენი დედა ანი".
ასე მეგონა, ჩემს თავს კი არ ხდებოდა ეს, არამედ სულ სხვა ვიღაცის ამბავს ვკითხულობდი. გვიან გამახსენდა ნივთი, რომელიც ახალგამოჩენილ დედას ლამაზად შეეფუთა. ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა... მეგონა, ამხელა სამყაროში მარტო ვიყავი. საკუთარი თავი შემებრალა - ყველასგან მოტყუებული, თვალებში ნაცარშეყრილი, მარტოსული. თავს მოვიკლავ-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ჯერ დედაჩემისგან გამეგო სიმართლე და ისიც გამერკვია, რატომ მატყუებდა ამდენ ხანს.

ნერვიულობისგან ვკანკალებდი. ათასნაირი სულელური აზრი მომდიოდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ მშობლებზე შური მეძია. ხან იმასაც ვფიქრობდი, ეგებ, უცნობი "დედა" იტყუებოდა, იქნებ რაღაცის გამო, თუნდაც მამის ღალატის სანაცვლოდ, ამხელა ცოდვაში დგამდა ფეხს; თუ ჩემი გამზრდელები უშვილოები იყვნენ და ამიტომაც მიშვილეს, 8 წლის მერე ხომ თამთა გაჩნდა. ძალიან ვიტანჯებოდი... დედა რომ მოვიდა, მაშინვე ის მკითხა, - რა გჭირს, ფერი არ გადევსო. თამთა გახარებული მომვარდა, მაგრამ ბავშვი ცივად მოვიშორე და დედას "უცნობი ქალის" წერილი მივაწოდე... როგორ მინდოდა, დედას ეთქვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე და ბოროტი ადამიანის ნამოქმედარი იყო, მაგრამ მან ბოლომდე წაიკითხა და სახეზე ხელები აიფარა.

- მითხარი, რომ აქ ტყუილი წერია! - ვუთხარი აკანკალებულმა.
- არა, ყველაფერი სიმართლეა, - მიპასუხა და თვალი გამისწორა.
- და რატომ მატყუებდით ამდენ ხანს?
- გული რომ არ გტკენოდა!

ჰაერი აღარ მყოფნიდა, გარეთ გიჟივით გამოვვარდი. გზაში იმას ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ ყველასთვის გული მეტკინა! ერთ ნარკომანს მოვწონდი უბანში. 25 წლის ბიჭი იყო, როგორც კი თვალს მომკრავდა, ჩემს გასაგონად იძახდა: - ამ ბავშვის გაზრდას ველოდები, მერე კი ცოლად მოვიყვანო. უცებ მივიღე გადაწყვეტილება და ნიკას კარს მივადექი. იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა. კარი ნიკამ გამიღო, თვალებს არ უჯერებდა, მე რომ დამინახა. შინ შემიპატიჟა. დედამისი შინ არ იყო. მისი მეგობრები შემომეხვივნენ, - შენ უკვე ჩვენი პატარა რძალი ხარ და აქედან აღარ გაგიშვებთო. მე კი, პირდაპირ ვაჯახე მათ - თუ გინდათ ნიკასთან დავრჩე, მეც გამიკეთეთ წამალი-მეთქი. პირი დააღეს. ნიკა დუმდა. ბიჭები შეფიქრიანდნენ, - ეტყობა, ბავშვს აინტერესებს "ახალი შეგრძნებები" და რახან ითხოვს, რა უჭირს, ერთხელ გავასინჯოთო.
ნიკამ ცივი უარი თქვა (ამდენი წლის შემდეგ საქვეყნოდ ვუხდი მას მადლობას), მე კი ტირილი წამსკდა. მიხვდა ნიკა, რომ რაღაც უბედურება მჭირდა. სამზარეულოში გამიყვანა, ყავა მომიდუღა, დამამშვიდა... ნახევარ საათში დედაჩემი (გამზრდელი) მოვარდა. თურმე, ნიკას დაურეკავს - ჩემთან არისო. შეშლილივით იყო. მემუდარა, შინ გამომყევი, შენ გამო თამთაც ვიშვილეთ, რომ მარტო არ გეგრძნო თავიო, მე და მამაშენი ყველაფერს ვაკეთებდით, ბედნიერი რომ ყოფილიყავიო... გონს მოვეგე. მივხვდი, მშობლებს ძალიან ვუყვარდი და სიმართლის დამალვის მიზეზიც ეს იყო...

ბევრი რამ გავარკვიე იმ დღეებში. ჩემს ბიოლოგიურ დედას ჩემზე მართლა უარი უთქვამს, მამა (ბიოლოგიური) მიუტოვებია და რუსეთში წასულა საყვარელთან ერთად. მამას ნერვიულობით გული გახეთქვია. მისიანებს ჩემზე უარი უთქვამთ - უწესო ქალის გაჩენილი რა უნდა გაიზარდოსო, ჩვენი შვილი აღარაა ცოცხალი და აღარც უბედურ დღეზე გაჩენილი შვილიშვილი გვინდაო. დედის დედამ - მე ამის გაზრდის თავი არა მაქვსო... ასე აღმოვჩნდი ჩემს გამზრდელებთან, რომლებმაც მართლა ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქეს...
ჩემი ბიოლოგიური დედისთვის ზურგი არ შემიქცევია, მაგრამ გამზრდელებზე წინ მაინც ვერ დავაყენე. ოქროს ბეჭედზეც უარი ვუთხარი და უკან დავუბრუნე. იგი ხუთი წელი თბილისში იყო, ბოლოს, უცხოეთში წავიდა. ხანდახან მეხმიანება - ჩამოდი და მინახულეო...

მე ახლა 27 წლის ვარ, მყავს ორი შვილი და ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაა დედობა.


ერემო
04 იანვარი 2012 14:42
ამ გვერდის ავტორთან ერთი შენიშვნა მექნება, თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება.
მე და ბევრი სხვა მამაკაციც სიამოვნებით ვკითხულობთ ამ გვერდს, და ცოტა უხერხულობა მექმნება, ამ რუბრიკის სახელწოდების გამო, ამიტომ, რაიმე უკეთეს სახელწოდებას თუ იპოვნით, კარგი იქნება
ერემო
04 იანვარი 2012 14:38
ნიკას ადამიანობამ აღმაფრთოვანა, ელენე, მგონი ბოლომდე არ გაქვს გათვიცნობიერებული ნიკამ რამხელა რაღაც გააკეთა, მას რომ შენთვის წამალი გაეკეთებინა იმ მომენტში, შენი ცხოვრება შემდეგ სულ სხვა გზით წავიდოდა და დასაღუპად იყავი განწირული, ის კი სწორად მოიქცა და ამ გზაზე არ დაგაყენა, მართლა მაგრად ჰყვარებიხარ ნიკას. . .
gogola62
04 იანვარი 2012 08:54
უფალი გფარავდეს გაიხარე.

რედაქტორის რჩევით