რეცეპტები - კვირის პალიტრა

რეცეპტები

ქათმის რულეტი

მასალა: ქათმის ფილე - 3 ნაჭერი; რბილი სახეობის ყველი; მოხალული ნიგოზი; ხმელი ხილის ასორტი; 1 თავი ხახვი; 1-2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი; 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო; 1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი; 100 მლ ნაღები; კარაქი ან ზეთი შესაწვავად; მარილი, პილპილი, როზმარინი.

მომზადება: ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვეთ, შუაში მოათავსეთ ყველის ნაჭერი, მოაყარეთ მოხალული და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, ხმელი ხილი, როზმარინი. ფრთხილად გადაახვიეთ და სამზარეულოს ძაფით კარგად შეკარით, რომ შეწვისას არ გაიხსნას. რულეტი მოათავსეთ ტაფაზე და კარაქში ან ზეთში შეწვით. ასე მოამზადეთ რულეტი დანარჩენი ფილეებისგანაც. სანამ რულეტი იწვება, მოამზადეთ სოუსი. ხახვი დაჭერით და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ, დაუმატეთ ღვინო, ალს დაუწიეთ და აცადეთ ალკოჰოლს აორთქლება. დაუმატეთ ბულიონი, მდოგვი და ურიეთ. როდესაც სოუსი შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ნაღები, მარილი და პილპილი.

ქათმის რულეტებს მოხსენით ძაფები, თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოასხით სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან.

ბუტერბროდი ერბო-კვერცხით

მასალა: 2 კვერცხი; 4 პატარა ან 2 მოზრდილი ნაჭერი შავი პური; 2 ჩ.კ. კარაქი; 3 ნაჭერი ძეხვი; 1 ჩ.კ. ტომატ-პასტა; 2 ჩ.კ. მაიონეზი; წიწაკა, მარილი - გემოვნებით

მოზადება: 1 ჩ.კ. კარაქში მსუბუქად შევბრაწოთ ძეხვი, ამავე ცხიმში შევწვათ მთელ-მთელი კვერცხი და მრგვლად ამოვჭრათ. მეორე ტაფაზე წავუსვათ ცხიმი, ზედ დავაწყოთ პურის ნაჭრები და წავუსვათ ერთმანეთში არეული მაიონეზი, ტომატ-პასტა, მარილი და წიწაკა. შემდეგ ფენად პურის ნაჭრებზე მოვათავსოთ ძეხვის ნაჭრები და ბოლოს - ერბო-კვერცხი. ტაფას დავახუროთ სახურავი და რამდენიმე წუთის განმავლობაში შევბრაწოთ.