"ნეტავ, მალე შემირიგდნენ" - კვირის პალიტრა

"ნეტავ, მალე შემირიგდნენ"

ახალ წელს ბევრი სასიამოვნო სიახლე მოაქვს. მეც ყველაზე სასურველს ველი - მშობლების შემორიგებას... ვიცი, შევცდი, გული ვატკინე მათ, მაგრამ როცა ძვირფასი ადამიანი გეუბნება, - უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო, მაშინ დგამ იმ ნაბიჯს, რაც უფროსებს არ მოეწონებათ.

პირველ კურსზე ვარ. სამ წელზე მეტია, მე და ნიკას ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ რადგანაც ჩემი მშობლები მიიჩნევდნენ, რომ ნაადრევი იყო ჩემთვის ოჯახის შექმნა, მაფრთხილებდნენ, - ჯერ ადრეა სიყვარულობანა, უნდა ისწავლოო. მათი გაფრთხილება ყურად არ ვიღე და მე და ნიკა გავიპარეთ. ნიკამ მითხრა: ან დღეს, ან აღარასოდესო! ისე შემეშინდა მისი დაკარგვისა, მაშინვე დავეთანხმე. წავედით გურიაში, ნიკას მამიდასთან. იქ დიდი სუფრა გაგვიშალეს, ჩამოვიდნენ თბილისიდან ნიკას მშობლებიც, ჩემი მხრიდან კი მხოლოდ დეიდამ, ბიძამ და უმცროსმა დამ მინახულეს.

ორი თვე გავიდა და მშობლები ისევ ჯიუტად არ მირიგდებიან, რასაც უზომოდ განვიცდი. მინდა ვთხოვო მათ პატიება და ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ ნიკასთან. ჩემს ბედნიერებას ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლია - მშობლების გვერდში დგომა და მათი დალოცვა. როცა ნაძვის ხეს ვრთავდით, ნიკამ მითხრა, ყოველი სათამაშოს დაკიდებისას რამე ჩაუთქვი და აუცილებლად შეგისრულდებაო.

ჩემო დედიკო და მამიკო, თუ დამიჯერებთ, ლამის 50-ჯერ ჩავუთქვი, - ნეტავ, მალე შემირიგდნენ ჩემი მშობლები-მეთქი. ძალიან გთხოვთ, შემისრულეთ ეს სურვილი. მჯერა, როცა ნიკას გაიცნობთ, შვილივით შეიყვარებთ და მეც მაპატიებთ თქვენს დაუკითხავად გადადგმულ ნაბიჯს.

თქვენი შვილი თეონა