"ლომების პარადი" და იატაკზე გაგორებული სასიძო - კვირის პალიტრა

"ლომების პარადი" და იატაკზე გაგორებული სასიძო

- მორჩა, წელს კაცების გარეშე ვქეიფობთ, აღარ გვინდა მათი ბრტყელ-ბრტყელი  სადღეგრძელოების მოსმენა.  ქმრების გარეშე მოვაწყოთ  "ფართი" და ისე ვიმხიარულოთ, როგორც გვესიამოვნება! - გამოაცხადა თამრიკომ და მეგობრებს ისე გადახედა, რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თამრიკო, სკოლიდან მოყოლებული, ბევრი კარგი წამოწყების თაოსანი გახლდათ და ამიტომაც მას ულაპარაკოდ უჯერებდნენ მეგობრები. ამჯერადაც ტაშით დააჯილდოეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქეთიმ გაბედა:

- თქვენ რა გიჭირთ, ქმარ-შვილი გყავთ. მე კი, საშინაბეროდ განწირულს, კიდევ უკაცობის დაბედება მინდა? აქამდე იმის იმედად ვიყავი, რომ თქვენი ქმრების რომელიმე უცოლო ძმაკაცს დავადგამდი თვალს, ახლა ამ იმედსაც მისპობთ საახალწლოდ?

ქეთის ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, მეგობრები ჯერ შეფიქრიანდნენ, მერე სიცილი წასკდათ და კვლავ თამრიკოს მიაჩერდნენ, - მოიფიქრე რამეო.

თამრიკომაც მოიფიქრა:

- ჩვენი ქმრები ხომ ჩემთან იკრიბებიან, გაიძახიან, "ლომების პარადი" უნდა გავმართოთო. ჩვენც "ქალების პარადი" გავმართოთ და ახალი წლის ღამეს ერთად შევხვდეთ. დილით კი შევუერთდეთ და ერთად გავაგრძელოთ ლხინი. როგორც ვიცი, დასაქორწინებელი "ლომებიც" ეყოლებათ, ასე რომ, ჩემო ქეთი, იქნებ შენც გეშველოს...

მოკლედ, კარგად მოულხინეს ძველმა მეგობრებმა. ბევრი კარგი გაიხსენეს, ბევრიც - სევდიანი. იტირეს, იცინეს და ასე შეეგებნენ ახალ წელიწადს. დილის 5 საათზე თამრიკომ ორი ტაქსი გამოიძახა, - აბა, ვნახოთ, ჩვენი კაცები რა დღეში არიან და როგორ შეგვხვდებიანო! ჟივილ-ხივილით მიცვივდნენ კაცების "პარადზე"  და... კიდევ კარგი, კარი ღია დახვდათ, თორემ მისი გამღები არავინ იყო. თამრიკოს ქმარს სავარძელში ყანწჩახუტებულს ეძინა, დანარჩენებიც იქვე გადანაწილებულიყვნენ იატაკსა და სავარძლებზე. მოკლედ, ეს ჩვენი "ლომები" ისე უბადრუკად გამოიყურებოდნენ, რომ იმედგაცრუებულ ქეთის აღმოხდა: - აღარ მინდა გათხოვებაო და სამზარეულოში შევიდა ყავის მოსადუღებლად. დანარჩენებიც მიჰყვნენ. ცოტა ხანში სამზარეულოში ქალთა თათბირი გაიმართა.

- ჩემმა ქმარმა მითხრა, ორი ახალი თანამშრომელი მეყოლება სტუმრად, ერთ-ერთი უცოლოა და ქეთის დავაჯახოთო, - თქვა თამრიკომ.

- ყველას სძინავს და როგორ გავიგოთ, რომელია იმ ორიდან უცოლო? - დაფიქრდა ლელა, რომელმაც კარგა ხანს აჯანჯღარა თავისი მძინარე ქმარი და მაინც ვერაფერი გააწყო.

- საყვირით გავაღვიძებ თენგოს და ვკითხავ, რომელია საქეთევანო კაცი! - თამრიკომ შვილის საყვირს წამოავლო ხელი. მძინარე თენგომ უცებ დააჭყიტა თვალები და გარს შემოხვეული ცოლის მეგობრები რომ დაინახა, სიხარულით შეჰყვირა:

- უჰ, თქვენ რა გითხარით, გოგოებო, კინაღამ გული გამისკდა, მეგონა, ჯარში ვიყავი და განგაში დაიწყო!

- ჰოდა, ჩვენც განგაშს ვაცხადებთ... ესაა, ბიჭო, კარგ კაცს დავაჯახებთ ქეთის და ძველ ახალ წლამდე ქორწილსაც გავშანსავთო?!

- დაწყნარდით, გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება. გამოიძინებენ ბიჭები და მერე გავმართოთ გაცნობის ცერემონია. რა მოხდა, ცოტა მეტი მოგვივიდა, - იგერიებდა თენგო ცოლს.

- გვაჩვენე მაინც, რომელია ის უცოლო კაცი, - ცხარობდა თამრიკო.

თენგომ იატაკისკენ გაიშვირა თითი, სადაც ერთი "ლომი" გვარიანად ხვრინავდა, მეორეს კი მშვიდად ეძინა.

- რომელია უცოლო? - კვლავ ქმარს მიუხტა თამრიკო.

- უცოლოს გიგა ჰქვია, ფანჯრის მხარეს წევს, - წაისლოკინა თენგომ და კვლავ ძილს მისცა თავი.

- მოდით, გოგოებო, სანამ სძინავს, კარგად შევათვალიეროთ. იქნებ არაა ჩვენი ქეთის შესაფერისი! - თქვა ლელამ და ფრთხილად მიუახლოვდა.

ქეთი ძლივს გამოიყვანეს სამზარეულოდან, - შეხედე ამ კაცს,M თუ მოგეწონება, გავაღვიძოთ, თუ არადა, ეძინოსო.

34 წლის ქეთის უკვე დასტყობოდა შინაბერას თვისებები, ჯერ ხელები გაასავსავა, - რა მინდა მაგ მთვრალებთანო, მერე აჟრიამულებულ მეგობრებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და გაჰყვა.

უცოლო გიგამ თითქოს იგრძნო ქალების მზერა, ხვრინვა შეწყვიტა და გვერდი მოინაცვლა.

- უიმე, ამას ვიცნობ! - წამოიძახა უცებ ქეთიმ და დააჩერდა.

- საიდან? - თითქმის ერთხმად იკითხეს გოგოებმა.

- ჩემი ბიძაშვილის მეჯვარე იყო... კაი ბიჭია, მაშინაც მომეწონა, მაგრამ რად გინდა, - დანანებით თქვა ქეთიმ და ოხვრას გულიც ამოაყოლა...

ცოტა ხანში "დაძინებული ლომებიც"  წამოიშალნენ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ახალი წლის ღამეს დაწყებული "ქალების ფართი" და კაცების "ლომების პარადი" ერთი თვის შემდეგ ექსკლუზიური წყვილის ქორწილით დაგვირგვინდა...

(სპეციალურად საიტისთვის)