"სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას" - კვირის პალიტრა

"სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას"

ახალი წელი ბევრისთვის სიხარულთანაა დაკავშირებული, ჩემთვის კი - დიდ ნერვიულობასთან. ორი წლის წინ, ჩემი ერთადერთი შვილი რესტორანში საახალწლო ზეიმის დროს კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს...

ჩემმა 20 წლის ვაჟმა მითხრა, - მეგობრები ახალ წელს რესტორანში ვხვდებითო. ყოველთვის ვწუხდი, როცა ის სადმე მიდიოდა, მერჩივნა,  შინ მოეყვანა ამხანაგები. ერთი კი შევეწინააღმდეგე, მაგრამ მივხვდი, არაფერი გამომივიდოდა და გავჩერდი. მამამისმაც წასვლის ნება დართო. თითქოს გული ავს მიგრძნობდა, - 31 დეკემბერს დილიდან ადგილს ვერ ვპოულობდი...

ვიცოდით, რომ ბაჩო მეგობრებთან ერთად შუაღამემდე იქნებოდა რესტორანში, მერე კი, დიდუბეში, მეგობრის ოჯახში გადაინაცვლებდნენ. იცის ჩემი ხასიათი და დამპირდა, - ყოველ ორ საათში დაგირეკავო... ღამის პირველი საათის შემდეგ აღარ შემხმიანებია და მოსვენება დავკარგე. ჩემი ქმარი მეზობლებთან ერთად ილხენდა. მატყობდა, რა დღეშიც ვიყავი და დამშვიდება დამიწყო, - თუ სუფრასთან არ გვკადრულობ, მაშინ წადი და დაიძინეო. რა დამაძინებდა?

სტუმრები რომ დაიშალნენ, ტელევიზორთან ჩამოვჯექი. რამდენჯერმე დავრეკე ბაჩოსთან, გამორთული ჰქონდა. 4 საათი რომ დაიწყო, ჩემი შვილის ძმაკაცი შემეხმიანა: - ნანული დეიდა, ცუდი ამბავი მოხდა, ბაჩო დაჭრილია და საავადმყოფოში წაიყვანესო... თავზარი დამეცა. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, - ვაითუ, მკვდარია და მიმალავენ-მეთქი. ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თურმე, ვიღაც არანორმალურს მისი შეყვარებული მოსწონებია. ბაჩო და მაიკო ერთად ცეკვავდნენ. მერე ის მაიკოსთან მისულა და თავხედურად უთქვამს, - რა არის, სულ ამ ბიჭთან რომ ცეკვავ, ახლა მე მეცეკვეო! გოგომ უარი უთხრა, ის მაინც წაეპოტინა... ამაზე ბაჩო გაბრაზებულა, - ეს გოგო ჩემი საცოლეა და მეტისმეტი არ მოგივიდესო... იმას - მერე რა, იყოს შენი საცოლე, ჩემთან იცეკვოს და მერე შენთვის დამითმიაო. რომელი თავმომწონე ბიჭი აპატიებდა ამას? ამტყდარა ერთი ამბავი... იმ არაკაცს ამოუღია რევოლვერი და ბაჩოსთვის უსროლია, მერე კი, კურდღელივით გაქცეულა. ბედად, სასიკვდილო არ აღმოჩნდა არც ერთი ჭრილობა. ის პოტენციური მკვლელი კი მეორე დღეს დააკავეს, უსინდისოდ ტყუოდა, - თავად ის ამიტყდა (ბაჩოზე), მე კი, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვაო. ამიტომაცაა, რომ ყოველ ახალ წელს შიშით ვხვდები... ვიცი, ასეთი ამბისგან არავინაა დაზღვეული და სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას. ახალ წელს, საერთოდ ლხინს, სიხარული და ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და არა ცრემლი და გლოვა.

ნ. ა., თბილისი